საქართველოს პარლამენტში ქართველ და აფხაზ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლიკა ტორიკაშვილი იყო.


 

შეხვედრა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად.

ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ  ჩამოვიდნენ აჭარიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლის აფხაზი და ქართველი მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები აფხაზეთიდან. მოსწავლეებმა აფხაზური სიმღერები შეასრულეს და აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მათ ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ გადასცა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა, კინოდარბაზში კი შეხვდნენ და ესაუბრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მანანა ქვაჩახიას და მოადგილეს ირმა კეკელიძეს, გალის რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას და სხვ.

შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს, სადაც მათ უმასპინძლეს.























ბეჭდვა