ჯემალ გამახარია: ევროპული ინტეგრაციის პროცესები კონფლიქტური რეგიონებისთვისაც შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს


11-12 ივლისს ბათუმში გაიმართა რიგით მე-16  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“. იგი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  დაფუძნებიდან 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.


საქართველო ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი  იყო,  როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.  მონაწილეობდნენ ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.


კონფერენცია მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში. ჩატარდა რვა თემატური და შემაჯამებელი სესია, შეფასდა პარტნიორობის მთავარი მიღწევები გეოპოლიტიკურ კონტექსტში,  განიხილეს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების  საერთო გამოწვევები.


კონფერენციის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.


- ბატონო ჯემალ, თქვენ სტუმრის სტატუსით მონაწილეობდით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში. როგორ შეაფასებდით ამ ღონისძიებას ზოგადად და როგორია მისი როლი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით?



- მე ვიტყოდი, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის და უმაღლეს დონეზე ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელები. სხვადასხვა თემატური  სესიის მუშაობისას  შეფასდა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით  ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები,  იმსჯელეს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ ტენდენციებზე, არსებულ გამოწვევებზე,  თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო გეგმებზე.   რაც შეეხება თვით „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, ეს არის ძალიან ღირებული პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად.

უნდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე ძალიან კარგად წარმოჩნდა, ტოლს არ უდებდა ევროპელ კოლეგებს და ჩემთვის ამის ხილვა იყო ძალიან სასიამოვნო და საამაყო. ერთადერთი, რამაც უკმარისობის გრძნობა გამიჩინა, იყო ის, რომ არცერთი სესია საგანგებოდ არ მიეძღვნა კონფლიქტური რეგიონების თემას, მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლური პარტნიორობის“ წევრ რამდენიმე ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აღმოსავლური პარტნიორობა არ ისახავს მიზნად კონფლიქტების მოგვარებას, თუმცა სწორედ ეს კონფლიქტები უშლის ხელს აღმოსავლური პარტნიორობის მიზნების განხორციელებას. სხვადასხვა თემის განხილვისას კონფერენციის მონაწილეები ეხებოდნენ ამ თემას და საკმაოდ კვალიფიციურადაც, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, გნებავთ, რეკომენდაციაც შესაბამისი უწყებისთვის, რომ მსგავსი ღონისძიებების  ჩატარებისას კონფლიქტების თემა გახდეს ცალკე სესიაზე სპეციალური განხილვის საგანი.

კონფერენციის მუშაობას შეიძლება მიეცეს ყველაზე მაღალი შეფასება.  დისკუსიები მიმდინარეობდა მწვავედ, მაგრამ კორექტულად და აკადემიურად.  ნებისმიერი კრიტიკა, მწვავეც კი, იყო მშვიდი და მეგობრულ ვითარებაში წარმოთქმული, ასევე პასუხიც იყო მშვიდი და მეგობრული.  ჩემთვის ეს იყო ევროპული პოლიტიკური კულტურის კარგი გაკვეთილი და ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკური ელიტაც რაც შეიძლება მალე დაეუფლოს მას.


- რა პერსპექტივებს შეიძლება ველოდოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ 2020 წლისთვის?



- ველით ევროკავშირთან მეტ დაახლოებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის განმტკიცებას, ეს კი პირდაპირ კავშირშია კონფლიქტების მოგვარებასთან. ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში მეტი შანსი არსებობს იმისთვის, რომ კონფლიქტურმა რეგიონებმა გამოიხედონ ჩვენსკენ და ჩაერთონ ევროპული ინტეგრაციის პროცესებში, ოღონდაც საქართველოს მეშვეობით.  კონფერენციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკავშირი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აბსოლუტურად გამორიცხულია კონფლიქტური რეგიონების რაიმე სახის აღიარება.

ბეჭდვა