საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი - მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

 

2019 წლის 15 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი, რომელსაც თბილისიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან 50 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ღია სივრცეში მოწყობილ გრანდიოზულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კულტურის ძეგლები სრულიად საქართველოს მასშტაბით. ცალკე საექსპოზიციო სივრცე დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არტეფაქტების ამსახველ მასალას, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მიერ გამოცემულ ალბომებს. იგი მოაწყვეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ წარმომადგენლებმა გიორგი კობახიძემ და ლაშა ჭიღლაძემ.



ფორუმი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ფორუმის მონაწილეები დალოცა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ წარმოადგინა ვრცელი ანგარიში სააგენტოს მიერ 2019 წლის 9 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ. ანგარიშებით წარსდგნენ ასევე დაცული ტერიტორიების და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების ხელმძღვანელი პირები. გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ ჩატარებული გათხრების თაობაზე. ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ შერმადინ შარია, თეკლა გაწერელია, სალომე მელაძე, გიორგი პატაშური.


კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. თავის გამოსვლაში ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს, მის სპონსორებს, მხარის გუბერნატორს ბ-ნ შოთა რეხვიაშვილს; ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების გადასარჩენად - იმ ძეგლების გადასარჩენად, რომლებსაც ოკუპანტი იერსახეს - ავთენტურობას უცვლის ან საერთოდ ანადგურებს საქართველოსადმი მათი კუთვნილების გამო. ჯემალ გამახარიას აზრით, აუცილებელია ქართული კულტურის ძეგლებთან მებრძოლი ოკუპანტების მხილება ქვეყნის შიგნით, როგორც ეს მოხდა ფორუმზე, ისევე საერთაშორისო არენაზე.






















































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions