გაიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი ორი საკითხი, დღესვე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს სესიის მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საგანი გახდა.

 

პრეზიდიუმის დღის წესრიგი ითვალისწინებდა აგრეთვე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების გაცნობას. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კოლეგებს მიაწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ.

უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“ მოხსენება ადამიანის უფლებათა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ გააკეთა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას, დეპუტატების  რუდიკ ცატავას, თემურ ლორთქიფანიძის, მურმან კვარაცხელიას, ნუგზარ მგალობლიშვილის შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, კენჭისყრით მიღებულიქნა კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ” ვრცელი მოხსენება წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი – აფხაზეთის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე დოლიძე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოხსენების საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პლენარულმა სხდომამ მიიღო დადგენილება, რომელიც აქვე ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ერთსულოვანი განწყობის გათვალისწინებით, კენჭისყრაში მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, მათგან გაღებული სახსრებით, კვლავაც გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილებისადმი.

აფხაზეთის უმაღლესი  საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სესიის სხდომები გაიმართა დისტანციურ რეჟიმში, სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონა - ვირუსის

(COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჩატარებული სამუშაოს შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონა - ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის განკარგულების, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1  დეკრეტის, ქვეყნის უწყებათშორისი საგანგებო სიტუაციის მართვის შტაბის რეკომენდაციების საფუძველზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაშვებული იქნა ბრძანება № 03/17 – „ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებული პრევენციის ღონისძიებების გატარების მიზნით აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ“. უმაღლესი  საბჭოს  მიერ 2020  წლის  25  მარტს უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტში  შეტანილი  ცვლილების  საფუძველზე  და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საბჭო მითითებულ პერიოდში გადავიდა მუშაობის დისტანციურ, ონლაინ რეჟიმზე. ამ მიმართულებით კომუნიკაციის ეფექტიანობის ასამაღლებლად  საბჭოს  აპარატის  უფროსის ზ.  მებონიას  დავალებით,  აფხაზეთის  ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  მოსახლეობასთან  ურთიერთობის  კოორდინატორს  ნ.  კვარაცხელიას  და  ინფორმაციული  ტექნოლოგიების  საკითხების  კოორდინატორს  გ.  შელიას  დაეკისრათ  ელექტრონული კავშირისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების  გატარება,  შედეგად  ონლაინ  ჩართვების  პროგრამა  ,,ზუმი“-ს  საშუალებით  უზრუნველყოფილი  იქნა  უმაღლესი  საბჭოს  პრეზიდიუმისა  და  პლენარული  სხდომების  დისტანციურად  ონლაინ-რეჟიმში  ჩატარება.

2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 27 მაისამდე პერიოდში გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 4 პლენარული და პრეზიდიუმის 7 სხდომა, სადაც განხილული იქნა 26 საკითხი. ამავე პერიოდში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს ფრაქციების 14 და კომიტეტების 18 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ონლაინ-ტექნოლოგიების გამოყენებით 24-საათიანი კურსი ჩაუტარდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლების 20-მდე პედაგოგს, იგივე კომუნიკაციის საშუალებებით 24-საათიანი სალექციო კურსები ჩაუტარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ 18 სტუდენტ-ახალგაზრდას.  საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები, მისი ცალკეული წევრები, აქტიურად მონაწილეობდნენ მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის წარმოებულ მუშაობაში. უმაღლესი  საბჭოს  საქმიანობას  საგანგებო  პერიოდის  განმავლობაში  აქტიურად  აშუქებდა საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით  და  აპარატის  საჯარო  მოსამსახურეთა  თანხმობით (საბჭოს 2020  წლის 2  აპრილის  პლენარული  სხდომის  ოქმი N 05) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში კორონა-ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო  ფონდის ანგარიშზე საბჭოს საჯარო მოხელეების სახელფასო ასიგნებებიდან, საგანგებო  პერიოდის 3 თვის განმავლობაში,  ყოველთვიურად, გარკვეული თანხის  ჩარიცხვის შესახებ. ამავე ინიციატივის საფუძველზე,  აფხაზეთის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის  16.04.20 წლის N01/31  ბრძანების  შესაბამისად,  შეიქმნა  დროებითი  სამუშაო  ჯგუფი  საბჭოს  აპარატის იურიდიული,  ადამიანური  რესურსების  მართვისა  და  საქმისწარმოების  დეპარტამენტის  უფროსის  ნ.  ხუნჯუას  ხელმძღვანელობით.  სამუშაო  ჯგუფს  დაევალა  საბჭოში  ნებაყოფლობით  აკუმულირებული  თანხების  მიზნობრივი  განკარგვა,  რის  შედეგადაც  განხორციელდა  სხვადასხვა  სახეობის  კვების  პროდუქტებისა  და საყოფაცხოვრებო  მოხმარების  ნივთების  შეძენა-დარიგება.  ჯგუფის  მიერ  აფხაზეთიდან დევნილების სხვადასხვა მოწყვლადი  ჯგუფების დახმარებისთვის  აპრილ-მაისის  თვეში შეძენილი და დარიგებული იქნა  6450  ლარის საკვები პროდუქტი  სასურსათო კალათების სახით. ასეთი დახმარება გაეწია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ქ. თბილისში განსახლებულ 182  აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს. აღნიშნული ჰუმანიტარული აქციები გრძელდება. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ქალაქ თბილისში აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯ. გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები თ. ხუბუა, ვ. ყოლბაია, რ. ცატავა, ნ. მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშორმლები.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ინტენსიურად მუშაობდა უმაღლესი საბჭოს სპეციალური ფეისბუქგვერდი „ცხელი ხაზი“ (კოორდინატორი  გ.  მაღლაკელიძე), რომლის არხით მარტი-მაისის თვეების განმავლობაში მიღებული იქნა აფხაზეთიდან იგპ-თა 180 შეტყობინება და კონკრეტული თხოვნა სხვადასხვა სახის დახმარების გაწევაზე. ვერბალური და წერილობითი, მათ შორის ელექტრონული, განცხადებები ოპერატიული რეაგირებისთვის გადაეგზავნა მათ განხორციელებაზე უშუალოდ პასუხისმგებელ უწყებებს, ცალკეული თხოვნა სასურსათო პროდუქტებით დახმარებაზე, დაკმაყოფილებული იქნა  გამსვლელი მობილური ჯგუფების მიერ  განმცხადებელთა  საცხოვრებელ  ადგილებზე. „ცხელი ხაზის“ ეფექტიანობის საკითხი უმაღლესი საბჭოს მუდმივ და განსაკუთრებულ კონტროლზეა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატი, კომიტეტები და აპარატის ქვედანაყოფები სისტემატური საქმიანი კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფებოდა და იმყოფება კორონა - ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აფხაზეთის მთავრობასთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან, რომლისაგან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,  უმაღლესი  საბჭო ყოველკვირეულად ღებულობს ოფიციალურ წერილობით ანგარიშს პანდემიის მართვის პროცესებში აფხაზეთის დევნილი  სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობის შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 25 მარტს დაამტკიცა აფხაზეთის მთავრობისგან შემოსული კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა 1.006.00 ათასი ლარის გამოყოფა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სამედიცინო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური მიმართულების პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. დღეისთვის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „დევნილი, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება“ ფარგლებში აფხაზეთის აღმასრულებელი სტრუქტურების მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 417 985 ლარი; 32 015 ლარი მიმართული იქნა 60 000  ცალი  პურის გამოცხობისა და მისი დევნილებისთვის უფასოდ დასარიგებლად; დევნილ მოქალაქეებზე გაცემული იქნა სადეზინფექციო საშუალებები; დეზინფექცია ჩაუტარდა რიგ კომპაქტური ჩასახლების ცენტრებს, აღნიშნულ პერიოდში დევნილებზე გაცემული იქნა 8900 ერთეული სასურსათო კალათა, მათ შორის: აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში - 4500 ერთეული; სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში 2700 ერთეული; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის რეგიონებში - 1700 ერთეული. აფხაზეთის მთავრობის სამინისტროები და საქვეუწყები დაწესებულებები ჰუმანიტარული ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებად კომერციულ კომპანიებთან, სსიპ-ებსა და შპს-ებთან.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

  1. მოწონებული და მხარდაჭერილი იქნას ქვეყნაში კორონა - ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მართვის პროცესში ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს წევრებისა და აპარატის  თანამშრომლების სისტემატური აქტიური ჩართულობის უზურნველსაყოფად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარებული და პოსტკრიზისულ პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები.
  2. დაევალოთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს (ა. გასვიანი, მ. კვარაცხელია, ნ. მგალობლიშვილი, რ. ცატავა) და აპარატს (ზ. მებონია) განსაკუთრებულ კონტროლზე იქონიონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების განუხრელად დაცვისთვის მიმდინარე მუშაობაში  აფხაზეთის  სამთავრობო  სტრუქტურების, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიზანმიმართული და მკაცრად რეგლამენტირებული ჩართულობა.
  3. ცნობად იქნას მიღებული აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ბატონ ი. დოლიძის ანგარიში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „დევნილთა, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება“ განხორციელების მიმდინარეობის  შესახებ /თან ერთვის/.
  4. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განხორციელება სოციალურად დაუცველი დევნილების დახმარების მიზნით.
  5. ინფორმაცია ამ დადგენილების შესრულების მიმდინარეობაზე მოსმენილი იქნას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე 2020 წლის 23 ივნისს.
  6. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ თ. ხუბუას.

 

აფხზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                            ჯ. გამახარია

 

პროექტი წარმოადგინა                                                               თ. ხუბუა

 

თბილისი, 27.05.2020

 





























 

 














































ბეჭდვა