ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რთული პანდემიური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა

„ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსთან დაკავშირებით რთული ვითარება შეიქმნა, არის დიდი ნაკლებობა ტესტების და შესაბამისად ტესტირებულთა რაოდენობა არის მცირე“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

 

ჯემალ გამახარიას ინფორმაციით ტესტირებულთა უმრავლესობა ინფიცირებულია. მისივე განცხადებით, ათეულობით აფხაზი მკურნალობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის:

„დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ტესტირებულთა 30%-ზე მეტი არის ინფიცირებული; სულ ბოლო გუშინდელი მონაცემით, 285 ტესტირებულიდან 100 დაინფიცირებულია, საერთო ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 2579-ს, გარდაცვლილია 26 ადამიანი.

მათ აქვთ გუდაუთაში ერთადერთი ჰოსპიტალი,სადაც მცირე ადგილებია და ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ „მედიაცენტრ მთავარისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, აფხაზეთი რუსეთს დახმარებას სთხოვს 500 საწოლიანი საველე ჰოსპიტალის გასახსნელად, რუსეთი კი დუმს, რაც უარს ნიშნავს:

„სამი დღის წინ აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრომ თხოვნით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ მათ აფხაზეთში გახსნან საველე ჰოსპიტალი 500 საწოლიანი, ჯერჯერობით ვადევნებთ თვალს იქაურ მედიას და პასუხი არ ჩანს, არანაირი პასუხი ამ ოფიციალურ თხოვნაზე აფხაზეთს ჯერ არ მიუღია.

ჩვენ სამწუხაროდ ზუსტი ციფრი იქიდან გადმოსული ადამიანების არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ათეულობით ადამიანია გადმოსული სამკურნალოდ, ბევრი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა უკან, ბევრი დღესაც აგრძელებს მკურნალობას. მე მაქვს სოხუმიდან გადმოყვანილი პაციენტების მადლობის წერილები ქართველი ექიმების მიმართ,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებული ვითარების მიმოხილვისას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განგაშის ატეხის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„რუსეთი აფხაზეთისგან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითხოვს, ანუ ფაქტობრივად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე საუბრობს. დგას საშიშროება, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების ღიად დაფიქსირებაზე, რის გაკეთებასაც რუსეთი საკანონმდებლო დონეზე ცდილობს“. ჯემალ გამახარია თვლის, რომ რუსული პროექტი მცოცავ ოკუპაციას წინ წასწევს. ეს კი აფხაზეთში უკმაყოფილებას იწვევს: „საშიში არის ის, რომ დეფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა მთლიანად მიებას რუსეთის კანონმდებლობას, ამით საშუალება მიეცემა რუსეთს მთლიანად დაეპატრონოს აფხაზეთის ეკონომიკას, იმასაც, რისი გასხვისებაც დღევანდელი დე ფაქტო კანონმდებლობით არის აკრძალული, ასევე საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ უძრავი ქონების შესყიდვის ნებართვას და რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას უფლებას. აფხაზეთში ამას უკვე დაარქვეს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის პროგრამა და ამ სათაურით ქვეყნდება მასალები იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ. კრემლის ეს მოთხოვნა ახალი არაა, უბრალოდ ამჯერად ოფიციალურად არის გამოგზავნილი; საუბარია 46 ღონისძიებაზე, რაც უნდა ჩატარდეს, ეს ყველაფერი ჩამოწერილია.

დეფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა შექმნას სამუშაო ჯგუფი რუსეთიდან წამოსული წინადადებების განსახილველად და მათი რეალიზაციის შესახებ წინადადებების მოსამზადებლად და ამის შედგენა უნდა დამთავრდეს 2023 წლამდე. ამაზე უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი. აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ იმდენად არიან დამოკიდებული რუსეთზე, რომ უარის შემთხვევაში ვერც ხელფასებს მიიღებენ და ვერც პენსიებს,“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

იხილეთ ბმული:

http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=73

https://youtube.com/watch?v=1mIFRkdurNc

 

 

ბეჭდვა