აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, რომელიც  უძღვებოდა ორივე სხდომას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეთიკის კომისიის დებულების დასამტკიცებლად პრეზიდიუმის წევრთა შორის კენჭისყრა ჩაატარა. ეთიკის საბჭოს კომისიის დებულების პროექტი, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიასა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას ძალისხმევით დეპუტატებს შორის დაწვრილებით იყო განხილული. ყველა წინადადებისა და შენიშვნის გათვალისწინების შემდეგ, პრეზიდიუმის წევრებმა წამოდგენილი დებულება ერთხმად დაამტკიცეს.

 

საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე ბატონმა ჯემალ გამახარიამ კოლეგებს წარუდგინა დღის წესრიგით განსახილველი ერთადერთი საკითხი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე მოწვევის შესახებ“.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, რომელსაც  დაევალა აღნიშნული საკითხის სესიაზე გატანა, აღნიშნა, რომ ეს საკითხი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქციების „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იყო ინიცირებული.

 

სხდომის მუშაობისას საგულისხმო წინადადებები და რეპლიკები გააკეთეს დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, მურმან კვარაცხელიამ.

 

თამაზ ხუბუამ მთავრობის წევრთა  მოწვევისა და გაწეული საქმიანობის შესახებ მათი  ანგარიშების  კონკრეტული გრაფიკი წარმოადგინა.  პლენარულ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის შესაბამისად 18 და 25 ნოემბერს, აგრეთვე 2 და 16 დეკემბერს მთავრობის ცალკეული წევრები მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საბჭოს სხდომის მუშაობაში. გადაწყვეტილება გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეული სამინისტროების ხელმძღვანელთა მხრიდან ანგარიშის წარდგენას მათ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებადი სტრუქტურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ამასთან პასუხებს დეპუტატთა მიერ დასმულ შეკითხვებზე.

ბეჭდვა