აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომები დისტანციურად ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს და კენჭი უყარეს ორ საკითხს: 1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციას და 2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ-პროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გატანას.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს ინფორმაცია წარუდგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ. პრეზიდიუმის წევრებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გვაძაბიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი გასვიანმა, ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობის“ თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ, თემურ ლორთქიფანიძემ, დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, ანზორ წოწონავამ, კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ბიუჯეტში საყურადღებო ხარვეზები ფიქსირდება, რაც გამოიხატება ცალკეულ დისბალანში, სახელმწიფო შესყიდვებისა თუ სარეზერვო ფონდის მართვაში, ბიუჯეტის 9 თვეში აუთვისებელ თანხებში და ა.შ. ამასთან, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობასთან თანამშრომლობით მეტი კონტროლი გაუწიოს მხარჯავ ორგანიზაციებს, პრიორიტეტებში დასახელებული პროგრამების განხორციელებას. დეპუტატების მოსაზრებით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ მიმართულებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. საბოლოოდ პრეზიდიუმმა კენჭი უყარა წარმოდგენილი ინფორმაციის ცნობად მიღებას.
პრეზიდიუმზე განიხილეს ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის შესახებ და კენჭისყრის შემდეგ კანონ-პროექტის ირგვლივ მსჯელობა დღესვე გამართულ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ შემოტანილ კანონ-პროექტს.