ჯემალ გამახარია: „რუსებს უნდათ, რომ ენგურჰესის მართვა და ელექტროგადაცემი ხაზები ხელში ჩაიგდონ“

გაზეთ „ახალი თაობის“ კითხვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პასუხობს (26.11.2020წ.)

- ბატონო ჯემალ, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება. რა ხდება ამ მხრივ აფხაზეთში?

 

- რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება. სამწუხაროდ, დღეს ეს ასე ჩანს. დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შემოყვანა, მას სამშვიდობო ჰქვია თუ საოკუპაციო, მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთისთვის ეს ერთი და იგივეა.

 

- რუსები ჩვენთანაც ვითომ, სამშვიდობო ძალები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს...

 

- აზერბაიჯანელები ამას ძალიან კარგად ითვალისწინებენ და პრეტენზიებსაც გამოთქვამენ. სომხები კი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, რუსებზე განაწყენებულები არიან. ისეთი გამონათქვამები და შეფასებები მოვისმინე, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. დრო გვიჩვენებს, რუსეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანით სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიერა თუ ეს საერთოდ სამხრეთ კავკასიიდან ერთხელ და სამუდამოდ მისი წასვლის დასაწყისია.

 

- ახლა უცნაურ რამეს ამბობთ...

 

- წინასწარ საბოლოო დასკვნის გაკეთება ძნელია. არ შეიძლება, ამის გამო შეშფოთებული არ ვიყოთ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტიც სწორედ ამას უკავშირდებოდა და არა რომელიმე სხვა საკითხს.

 

- სამხრეთ კავკასიაში დამატებითი რუსული ძალების შემოსვლამ დასავლეთი შეაშფოთა.

 

- ანუ დასავლეთი რისკებს ხედავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო დასკვნა უნდა გავაკეთოთ, თითქოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა თავისი პოზიციები უკვე გააძლიერა. ამას დრო გვიჩვენებს. რუსეთის პოზიციების გაძლიერებაზე ლაპარაკი დღეს, 2020 წლის ბოლოს, შეიძლება, მაგრამ დაველოდოთ, რა იქნება უახლოეს წლებში. გამორიცხული არ არის, ეს იყოს რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან საბოლოო გასვლის დასაწყისი. ასეთი პერსპექტივა შეიძლება გაჩნდეს.

 

- რუსეთი პარალელურად აძლიერებს თავის ყოფნას აფხაზეთშიც. ამის ნიშნები ბოლო დროს სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამის სახით გამოჩნდა. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ პროგრამაზე?

 

- აფხაზეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. რუსეთი, დღიდან მისი აღიარებისა (2008 წლილს 26 აგვისტოდან), მიზანმიმართულად მუშაობს იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინოს აფხაზეთის ინტეგრაცია რუსეთის შემადგენლობაში - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოახდინოს აფხაზეთის ანექსია.

აფხაზეთის ანეექსიისკენ იყო და არის მიმართული ყველა ის ე.წ. შეთანხმება, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან დაიდო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის მთავრობას შორის. მათ შორისაა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 24 ნოემბერს. ამ დოკუმენტში წერია საერთო თავდაცვის სივრცისა და საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ.

 

საერთო თავდაცვის სივრცის შექმნა აფხაზებმა ძალიან კარგად მიიღეს და ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ რუსეთის ბაზები გაძლიერდეს, მაგრამ შეთანხმების მეორე ნაწილის (რაც 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებაში წერია და ეხება საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის) შესრულებას ისინი აჭიანურებდნენ. თუმცა, დღეს უკვე დადგა ის დრო, როდესაც აფხაზებმა ვეღარ შეძლეს გაჭიანურება და 12 ნოემბერს ხელი მოაწერეს, როცა ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა.

 

მაშინ ბჟანიასთან ერთად იმყოფებოდა ანქვაბიც, რაც მაშინ არ გახმოვანებულა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ბჟანიამ და ანქვაბმა მოაწერეს ხელი, რუსეთის მხრიდან კი - ვიცე პრემიერმა ხუსნულინმა (რომელიც კურირებს აფხაზებთან ურთიერთობას) და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე კოზაკმა, რომელიც ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობას კურირებს.

 

- ე.ი. ანქვაბი იქნება ხაჯინბა თუ ბჟანია, რუსეთი მაინც თავისას აღწევს...

 

- რასაკვირველია, ვინ იქნება ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რუსეთი თავის საწადელს ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს, მოვლენების ფორსირებას არ ახდენს, მაგრამ ძალიან მყარი ნაბიჯებით მიდის წინ აფხაზეთის ანექსიისკენ. შეთანხმებას 2014 წელს მოეწერა ხელი. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ეს საკითხი სულ დგას, მაგრამ აფხაზები ამგვარ დოკუმენტზე ხელის მოწერას რაღაცნაირად თავიდან იცილებდნენ. ახლა სხვა გამოსავალი არა აქვთ.

 

- რუსეთს აფხაზები დღეს რატომ ვეღარ შეეწინააღმდეგნენ?

 

- ჯერ ერთი რუსეთმა აღნიშნული საკითხი ულტიმატუმის წესით დააყენა - თუ ეს არ გაკეთდება, მაშინ იმ თანხას, რომელსაც რუსეთი აფხაზეთის ბიუჯეტში რიცხავს (აფხაზეთის ბიუჯეტის თანხების ნახევარზე მეტი რუსეთიდანაა გადმორიცხული ), აღარ გადმორიცხავს ან იმ მოცულობით აღარ მოგცემთო. შედეგად, ხელფასებსა და პენსიებს ვერ გასცემს და მთელ რიგ პროექტებს ვერ განახორციელებს.

 

ამას დაემატა სრული ეკონომიკური კრახი. რუსეთმა სპეციალურად გააკეთა ის, რომ აფხაზეთში ეკონომიკა არ განვითარებულიყო, რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთზე და თავს მოეხვია ანექსიისკენ მიმართული მოთხოვნები.

 

ახლა ამას დაემატა კორონა ვირუსი. აფხაზეთში ვირუსი მძვინვარებს. აფხაზები მას თავიანთი ძალებით ვერ უმკლავდებიან, ისევ და ისევ რუსეთის იმედზე არიან. რუსეთი აფხაზებს დაეხმარება მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ მის მიერ შემოთავაზებულ ე.წ. სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას დათანხმდება. აღნიშნულ პროგრამაში პანდემიებთან და ინფექციებთან ვითომ ერთობლივი ბრძოლაცაა გათვალისწინებული.

 

- საინტერესოა, ამ სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე დათანხმებას თავიდან რატომ იცილებდნენ? რა ბომბებია ამ პროგრამაში?

 

- ეს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა ითვალისწინებს 45 სხვადასხვა ღონისძიებას. აქედან აფხაზებისთვის რამდენიმე კატეგორიულად მიუღებელია. პირველია ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი.

 

- ორმაგ მოქალაქეობას აფხაზები დასთანხმდნენ?

 

- დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ პროგრამა 2023 წლამდე მთლიანად უნდა განხორციელდეს. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კი 2021 წლამდე უნდა გადაწყდეს. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და რუსეთის მთავრობამ მომავალ წელს უნდა მოაწეროს ხელი. აფხაზების ორმაგ მოქალაქეობაზე საუბარი არ არის. საუბარია რუსების ორმაგ მოქალაქეობაზე, რასაც აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

 

- თუ აფხაზები ორმაგ მოქალაქეობას მოინდომებენ, რუსები არ მისცემენ?

 

- რუსები დიდი სიამოვნებით აძლევდნენ აფხაზებს მოქალაქეობას, მაგრამ ბოლო დროს შეაჩეერეს იმ პირობით, რომ რუსებსაც მიეცეთ ორმაგი მოქალაქეობის უფლება, რაზეც პასუხისმგებელია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

- ქონებაზე რა წერია?

 

- როცა საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ პროექტი გამოქვეყნდა, უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი იყო, მაგრამ ხელმოწერილ პროექტში არ არის. ჩემი დაკვირვებით უძრავი ქონების საკითხი დოკუმენტის სხვადასხვა მუხლში შეფარულადაა შეტანილი.


- მაგალითად, როგორი სახითაა?

 

- მაგალითად, მე-7 პუნქტში წერია საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ კანონზე.

 

- ანუ ქონების საკითხის გადაწყვეტა ინვესტიციებსაა ამოფარებული?
- უძრავი ქონების საკითხს მუდამ ინვესტიციებს უკავშირებდნენ, მე-8 პუნქტშიც წერია რაღაც ნორმატიული აქტების მიღებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსი მეწარმეების ყოფნას აფხაზეთში და რუსული კომპანიების ინვესტიციების დაბანდებას აფხაზეთის ეკონომიკაში.

 

ზემოთ აღნიშნულ პუნქტებში გადაწყვეტილია აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების ბედი რუსების სასარგებლოდ. ამას აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ რადგან უძრავი ქონების ბედის შესახებ პირდაპირი ჩანაწერი არ არის, ალბათ, ბჟანიამ და ანქვაბმა სთხოვეს, შეენიღბათ, რომ აფხაზ საზოგადოებას დოკუმენტი რამენაირად მიეღო.

 

- შეთავაზებულ დოკუმენტში კიდევ რა არის მიუღებელი?

 

- მიუღებელია ელექტროგადამცემი ქსელების რუსეთის ხელში გადასვლა. ამასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზები და დღემდე ეწინააღმდეგებიან, მაგრამ დღეს ეს ე.წ. შეთანხმების მე-4 პუნქტში წერია.

 

- ანუ ენგურჰესის მეორე მხარეს, შეიძლება რუსები აღმოჩნდნენ?

 

- რუსებს სურთ მეორე მხარეს თვითონ აღმოჩნდნენ. ფაქტობრივად აფხაზები ენგურჰესის საკითხში არანაირ მხარეს არ წარმოადგენენ.  ჩვენ, უბრალოდ, სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ ენგურჰესში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში წავა. რუსებს უნდათ ენგურჰესის მართვა და ელექტროგადამცცემი ხაზები ხელში ჩაიგდონ.

 

აფხაზი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული საკითხია რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, ანუ უცხო ქვეყნის აგენტებად არიან შერაცხული. ამაზე რუსეთმა და აფხაზეთმა 2021 წლისთვის მემორანდუმი უნდა გააფორმონ. ეს უნდათ, აფხაზ საზოგადოებას თავს მოახვიონ, რომ აფხაზეთში თავისუფალი საზოგადოება არ იიყოს და თავიდან ბოლომდე გაკონტროლდეს.

 

- არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსდებიან აიკრძალება?

 

- არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნიდან დაფინანსდებიან, უცხო ქვეყნის აგენტებად შეირაცხებიან, როგორც არის რუსეთში. სფერო არ არის დარჩენილი, რომლის რუსულ კანონმდებლობასთან მისადაგებას რუსეთი ამ ე.წ. პროგრამით არ ცდილობს. როგორც რუსეთის ავტონომიებს აქვთ რუსულ კანონმდებლობასთან მისადაგებული, ზუსტად ისეა გადაწყვეტილი აფხაზეთთან დაკავშირებით ამ ე.წ. პროგრამით.

 

თვენახევრის წინ, როცა ეს პროექტი გამოქვეყნდა, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართეთ. რუსეთი, იყენებს რა შექმნილ ძალიან მძიმე ვითარებას, ცდილობს, აფხაზებს თავს მოახვიოს აღნიშნული პროგრამა, რომელიც მიმართულია ამ ტერიტორიის ანექსიისკენ.

 

ამგვარად, ახლა ჩვენ წინ გვიდევს ე.წ. პროგრამა, რომელიც 2023 წლამდე ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ 24 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადება, რომ ეს არის აფხაზეთის ანექსიის გეგმა.

 

- როგორ შეხვდება ამ ე.წ. პროგრამას აფხაზი სზოგადოება?

 

- დოკუმენტს ხელი 12 ნოემბერს მოეწერა, მაგრამ აფხაზი საზოგადოებისთვის 24 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც აფხაზეთში ეს ე.წ. დოკუმენტი გამოქვეყნდა. აღნიშნულ პროგრამას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროგრამას აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის გეგმა-პროგრამა უწოდეს. ველოდებით, რა გამოხმაურებები იქნება, მაგრამ ადამიანები კუთხეში არიან მიმწყვდეული - არც ხელფასები, არც პენსიები, კოვიდი მძვინვარებს.

 

ამას აფხაზები საკუთარი ძალებით ვერ მოერევიან, თუ რუსეთი არ დაეხმარება. რუსეთი დაეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამას დაეთანხმება. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ბჟანია ამას დასთანხმდა.

 

ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ბჟანია ჯერ კიდევ არ იყო არჩეული, წინასაარჩევნო პერიოდში მას უსვამდნენ კითხვას ორმაგ მოქალაქეობასთან, უძრავ ქონებასთან, ელექტროსიმძლავრეების რუსეთისთვის გადაცემასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც აფხაზ საზოგადოებაში დიდ წინააღმდეგობას იწვევდა.

 

ბჟანია ამ კითხვებს პირდაპირ არასდროს პასუხობდა, ამბობდა, რომ მათი ამოცანაა 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება სრულად შეასრულონ. მაშინ საზოგადოებას არ მიუქცევია ყურადღება, რომ 2014 წლის შეთანხმებაში ეწერა საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, ანუ ბჟანიას რუსეთმა დართო ნება პრეზიდენტობაზე კენჭი ეყარა და არ ჩამოაშორა დე ფაქტო არჩევნებს, ისე როგორც ერთი წლის წინ.

- ანუ ბჟანია რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა?

-  ამაში აბსოლუტურად დარწუნებული ვარ.



ინტერვიუს ავტორი: გულიკო ბალაძე

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions