ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურად განსახილველად და პრეზენტაციისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პრეზიდიუმის სხდომის მოწვევა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი და განმარტებები ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ და თავმჯდომარის თანაშემწემ, იურისტმა გიორგი გვასალიამ გააკეთეს.
არა ერთი შეკითხვა და მოსაზრება გამოითქვა დეპუტატების მიერ. საყურადღებო იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას, მოადგილის დავით გვაძაბიას, დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას, კომიტეტების თავმჯდომარეების ნუგზარ მგალობლიშვილის, რუდიკ ცატავას, აკაკი გასვიანის, მურმან კვარაცხელიას, ფრაქციის თავმჯდომარის რაისა ქარაიას წინადადებები სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებულ ვერდიქტთან და სამომავლო მოლოდინებთან, აგრეთვე ამ გადაწყვეტილებით შექმნილი სრულიად ახალი რეალობის შემდგომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გასააქტიურებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „პრეზიდიუმის დღის წესრიგი განაპირობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურად განხილვა-პრეზენტაციისა და საბოლოო დასკვნის გაკეთების აუცილებლობამ იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მოქმედება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში; ამ ახალი რეალობის პირობებში უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითმა და სამართლებრივმა მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემური ვითარების კანონზომიერ ჩარჩოებში მოქცევას, სამართლიანობის აღდგენას, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრას, დევნილთა შინ დაბრუნების პროცესის დაჩქარებას, ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზების გამონახვას.“