დიდი მეცნიერი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს გამოაკლდა  გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

 

თამაზ გამყრელიძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე როგორც დიდ მეცნიერს და ღირსეულ მოქალაქეს. წლების მანძილზე იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი - საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი...  თამაზ გამყრელიძეს მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო და პრემია.  ხანგრძლივი დროის მანძილზე გ.წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

 

თამაზ გამყრელიძე სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, მუდმივად ტრიალებდა ქვეყანაში წამოჭრილი  პოლიტიკური მოვლენების შუაგულში. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–1991 წწ.) და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. თამაზ გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის წევრი იყო.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის საზოგადოებრიობა განსაკუთრებული გულისტკივილით მიაგებს პატივს დიდი მეცნიერისა და ღირსეული მოქალაქის ხსოვნას, რომლისთვისაც აფხაზეთთან დაკავშირებული დიდი თუ პატარა მოვლენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქართველობის პრობლემატიკა მუდამ განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობის საგანი იყო.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions