აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამივე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის ვრცელი მსჯელობა გაიმართა.

პირველ საკითხად მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობის“ თავმჯდომარის რაისა ქარაიას ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებები, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას, საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის  დავით გვაძაბიას, დეპუტატ თემურ მჟავიას მოსაზრებები, მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობის სტრუქტურებში მიმდინარე ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. კრიტიკული იყო საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილიც, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს კრიტიკა არ ეხებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს, ეკა ხოფერიას, რომელიც  უმაღლეს საბჭოსთან საქმიანი თანამშრომლობისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს. სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან კომიტეტის სისტემატური და ნაყოფიერი მუშაობის მომენტებზე გაამახვილა ყურადღება, ამასთან გამოთქვა ცალკეული შენიშვნები აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო სტრუქტურებში მიმდინარე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით .

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის სტრუქტურებში მიმდინარე ოპტიმიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს კვალიფიციური, გამოცდილი და მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული კადრების სამსახურიდან დათხოვნა და მათი უმუშევრად დატოვება; მითუმეტეს, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრების განცხადებით,  შემცირებაში მოყოლილი თანამშრომელი უნდა დასაქმდეს იმ პროექტებსა თუ პროგრამებში, რომლებშიც უნდა მოხდეს გამოთავისუფლებული თანხების აკუმულირება. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამის თაობაზე, ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თავად მთავრობის თავმჯდომარემაც განაცხადა.

საბოლოოდ პრეზიდიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები მაქსიმალურად მიადევნებენ ყურადღებას მთავრობის სტრუქტურებში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის მიზნით მიმდინარე რეფორმებს,  პროცესს გააკონტროლებენ და ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული დასაქმებული ადამიანის  კანონიერი უფლება. ამასთან,  მიმდინარე ცვლილებების პროცესში დაფიქსირებული ამა თუ იმ სირთულის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში  მთავრობის წევრებისაგან მოისმენენ ინფორმაციას, რათა შესაძლებელი გახდეს პრობლემის ერთობლივად და სამართლიანად გადაწყვეტა.

პრეზიდიუმის დღის წესრიგის მეორე საკითხზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სამუშაო გეგმის შესახებ, ინფორმაცია გააკეთა ბატონმა თამაზ ხუბუამ.

პრეზიდიუმის დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ოლღა ნაგარნინასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა წარმოადგინა. პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობამ კენჭისყრით მხარი დაუჭირა დეპუტატ ო. ნაგარნინასთვის უფლებამოსილების შეჩერებას და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.























































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions