გაიმართა საერთაშორისო ვიდეოკონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი საქართველოა“

11 აპრილს გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია - „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეებისა და ექსპერტთა წარმომადგენლებმა.

 

კონფერენცია მისი მიზნიდან და მონაწილეთა შემადგენლობიდან გამომდინარე, აშკარად შთამბეჭდავი და უნიკალური აღმოჩნდა. მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი, პროფესორი მუსა გასიმლი; აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნამიკ ალიევი; აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არაზ გურბანოვი; წარსულში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „როსზარუბეჟცენტრის“ დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა პოლოსკოვა; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლეგ კუზნეცოვი(რუსეთის ფედერაცია); ცნობილი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი და არიე გუტი ისრაელიდან; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორები, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორები: ოლეგ კუპჩიკი, ოლეგ მაშევსკი, მაკარ ტარანი; მოლდავეთის ექს-ომბუდსმენი აურელია გრიგორიუ.

 

საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების აკადემიის პრეზიდენტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ პაპასკირი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ომარ არდაშელია, კახა კვაშილავა, ელგუჯა ქავთარაძე, ნოდარ ბერულავა, ლია ახალაძე, ნოდარ დარსანია, კახა ფიფია და სხვები.

კონფერენციას უძღვებოდა გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ მარხულია.

 

საერთაშორისო ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის, ასევე მისი მომიჯნავე რაიონების უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენის პარალელურად დაწვრილებით მიმოიხილეს აფხაზეთის პრობლემა. ყველა მონაწილემ ცალსახად აღიარა და გაიზიარა მოსაზრება, რომ ისტორიულად აფხაზეთი ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და ეთნოკულტურული სამყაროს ნაწილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისაკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ისევე როგორც სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში - აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდავეთში, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

 

მსჯელობის დროს ხაზი გაესვა პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის „ხელმძღვანელ და წარმმართველ როლს“ აგრესიული სეპარატიზმის გაღვივებასა და მხარდაჭერაში. კონფერენციის მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე სხვა არაღიარებულ წარმონაქმნების (დნესტრისპირეთი, დონეცკი ლუგანსკი) წაქეზებამ, მით უფრო მათი „სახელმწიფო სუვერენიტეტის“ დაუფარავმა სამხედრო მხარდაჭერამ დააზიანა თავად რუსეთი და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთიდან კონფერენციის მონაწილეთა პოზიცია, რომელთაც 2008 წლის აგვისტოში კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, ვოლუნტარისტულ და ძირშივე მცდარ შეცდომად შეაფასეს. კონფერენციის აუდიტორია აღფრთოვანებით შეხვდა რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან გამოხატულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უკან უნდა გაიწვიოს თავად მისთვისაც მავნებლური გადაწყვეტილება საქართველოს მეამბოხე რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

 

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ აღნიშნული პრობლემის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გაგრძელების თაობაზე.


გაიმართა საერთაშორისო ვიდეოკონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი საქართველოა“
https://youtu.be/hQDBRq2Ak-M

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions