ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პოეტი მცირე ხნით ავადმყოფობის შემდეგ, 5 წლის წინ, მოულოდნელად გარდაიცვალა. არც ის ასაკი ეტყობოდა მის პოეტურ სულს, მებრძოლ ხასიათს, მრავალმხრივ მოღვაწეობას. გენო კალანდია სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული ყველა მნიშვნელოვან საქვეყნო საქმეში; მის სიტყვას, პოზიციას, მოვლენათა მისეულ შეფასებას თავისი წონა და ფასი ჰქონდა, ამიტომაც ყველა ანგარიშს უწევდა, ითვალისწინებდა.
გენო კალანდიას უპირველესი სატკივარი ოკუპირებული აფხაზეთი, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის აღდგენა იყო. სწორედ ამას ემსახურებოდა ბატონი გენოს ინიციატივა – ცნობილი აფხაზი თავადის, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს – გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის შემოღების თაობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომლის თვალსაჩინო წევრიც იყო წლების მანძილზე გენო კალანდია, უახლოესი მეგობრები და თანამოაზრეები, აფხაზეთის საზოგადოებრიობა, გულწრფელი პატივისცემით და გულისტკივილით მიაგებენ პატივს მის ხსოვნას და იმედოვნებენ, რომ სოხუმში, მის მშობლიურ სახლში, უსაყვარლეს ზღვისპირეთში გენო კალანდიას გარეშე ღირსეულად დაბრუნებას შეძლებს მისი პოეზია, მისი მონაგარი და აფხაზ მეგობრებთან, მეზობლებთან ნორმალური ადამიანური თანაცხოვრება გაგრძელდება ისევე, როგორც ეს გენო კალანდიას ეწადა.
გენო კალანდია იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი (1992–2004წწ), საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.