ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოება

 

 

დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტს სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია.

 

 

უნივერსიტეტის რექტორთან როლანდ კოპალიანთან და მეცნიერთა ჯგუფთან შეხვედრა საინტერესო და აქტუალური დიალოგით გამოირჩა. მსჯელობა შეეხო აფხაზეთის პრობლემატიკის ირგვლივ ენგურსგამოღმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე  სადღეისოდ არსებულ ვითარებას, აგრეთვე, განათლების სფეროს მნიშვნელობასა და ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას.

 

რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რომელიც აფხაზეთის მკვიდრია, ისაუბრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწე ღვაწლმოსილ მეცნიერზე აფხაზეთიდან, პროფესორ რანი(ხუხა) ჭაბუკიანის მიღწევებზე. შეხვედრის მონაწილე სტუმარ-მასპინძლებმა გაიხსენეს  სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მაღალი ავტორიტეტი და როლი, როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ და ბატონი რანი ჭაბუკიანის წარმატებული მოღვაწეობის წლები საქვეყნოდ ცნობილ სოხუმის ამ  უმაღლეს სასწავლებელში. საგულისხმოა, რომ  აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ, მეცნიერმა კვლავ ახალგაზრდული ენერგიით გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა და ახალი თაობის აღზრდა, ამჯერად უკვე  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში.

 

ბატონი რანი ჭაბუკიანი მაღალპროფესიული სამეცნიერო მოღვაწეობის,  ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და  მისაბაძი სამოქალაქო პოზიციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვდა. საპატიო სიგელი და სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი, წიგნები  ღვაწლმოსილ მეცნიერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.







ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions