20 ივნისი ლტოვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეა

XXI საუკუნეში ჩვენს სამყაროში 80 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ლტოლვილის, დევნილის სტატუსით, მძიმე ადამიანური სტრესით და ყოფითი სირთულეებით ცხოვრობს. ამ მხრივ გამონაკლისი, სამწუხაროდ, არც საქართველოა.


ომისა და საკუთარ ჭერქვეშ ადამიანური ცხოვრების უფლების წართმევის გამო, ათეული წლებია, თითქმის ნახევარ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, უპირატესად ეთნიკური ქართველები, გამოდევნილია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მათმა უმეტესობამ ქვეყნის შიგნით, ნაწილმა კი, ლტოლვილის სტატუსით, მის ფარგლებს გარეთ იპოვა თავშესაფარი და მშობლიურ სახლში დაბრუნების მძიმე განცდით განაგრძობენ ცხოვრებას.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, უკვე მეთოთხმეტედ მხარი დაუჭირა საქართველოს და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები. გაერომ ამჯერადაც დაადასტურა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუციაში ხაზგასმულია ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად იძულებით არის გამოდევნილი აფხაზეთის ტერიტორიიდან, აქტიური საქმიანობით, თანამშრომლობით ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცდილობს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საშინელი ფაქტები, ასევე იქ მცხოვრებთა გაუსაძლისი პირობები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენებას; თანამედროვე ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დევნილთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვას საკუთრებაზე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ცდილობს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის ირგვლივ შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მშვიდობიანი მეთოდებით, ორივე მხარის შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის დევნილთა და ლტოლვილთა კანონიერი უფლების - საკუთარ სახლ-კარში დაბრუნების უფლების მოპოვებას. დევნილი ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს მომავალში დადგება ისეთი 20 ივნისი, როდესაც საქართველოს საკუთარი მოქალაქეები არ ეყოლება დევნილის, ლტოლვილის სტატუსით და ყველა მათგანს აღუდგება მშობლიურ მხარეში ღირსეული - ადამიანური ცხოვრების ძალადობრივად წართმეული უფლება!

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions