აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა

2021 წლის 25 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

 

სხდომას  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და იგი ნაწილობრივ ონლაინ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

 

სესიის დახურვამდე დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის ინფორმაცია მოისმინეს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ. ბატონი ნუგზარ მგალობლიშვილი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისაგან შემდგარი დელეგაციის წევრი იყო და მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაში, მათ შორის,  კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში,რომელსაც  ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმოდგენისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარმოადგინა აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია.

 

დელეგაცია შეხვდა აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს.  მხარეებმა ისაუბრეს შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების შესახებ.


საქართველოს ელჩის - ალექსანდრე ნალბანდოვის ორგანიზებით, ალექსანდრიას ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ლიტერატურული წიგნები აფხაზეთის თემატიკაზე. ნუგზარ მგალობლიშვილმა კაიროს ბიბლიოთეკას გადასცა ალბომი "აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები"





















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions