დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე.
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები პარლამენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.
აღნიშნულის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და ამავე ნიშნით განადგურების შესახებ პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნად დაფიქსირდა.
კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
მე-3 მუხლის:
„წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„წ”) ძეგლის დაზიანება – ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას;“
„წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:
„წ1) ძეგლის დისკრიმინაციული დაზიანება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას;“
„ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ჭ) ძეგლის განადგურება – ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა;“;
„ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:
„ჭ1) ძეგლის დისკრიმინაციული განადგურება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა;“.
მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვაზე;“.
31-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პასუხისმგებლობა ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის:
დისკრიმინაციული ნიშნით ან სხვა მოტივით ძეგლის დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“
გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა მოქმედი კანონის 30-ე და 49-ე მუხლებში, რომლებიც ითვალისწინებენ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას, განსაზღვრავენ ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობას.
ჯ. გამახარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - 16.11.2021წ.
https://youtu.be/5PAuNGKS6zo