პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია წარადგინა, ცხადია, ძირითადი ყურადღება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემატიკაზე გაამახვილა; ასევე, განიხილა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.


მინისტრმა თავდაპირველად ხაზი გაუსვა იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომ „პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ, რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.


„დღევანდელი ჩემი მოხსენება უკავშირდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ჩემი დანიშვნიდან ფაქტობრივად ერთწლიან პერიოდს, რომელიც ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე გლობალური პანდემიის თვალსაზრისით იყო უპრეცედენტოდ რთული, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რაც განპირობებულია დე ფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით, კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, პანდემიური წლის მიუხედავად, დაარსდა და სრულფასოვნად ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ორი საგრანტო კონკურსის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდა 100-ზე მეტი კვალიფიციური განაცხადი, რომელთაგან 50-მდე ბიზნესპროექტი დაფინანსდა და მათი ნაწილი უკვე წარმატებით ხორციელდება.


„ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  სამივე მიმართულების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.


სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივასთან ერთად ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვას და სამედიცინო მომსახურების გაწევას შეეხებოდა.


„2020-21 წლებში ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ისარგებლა და სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.


თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგი არასოდეს შეჩერებულა, რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგები მოწმობს.


„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც ხელშესახებ გავლენას მოახდენს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.


სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და  მათზე ზრუნვა, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.


მისივე ინფორმაციით, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-მდე ოჯახი, გაზიფიცირებულია ჯამში 74 სოფელი, უმაღლესი განათლება დაუფინანსდა  2500-მდე  სტუდენტს.


განხორციელდა 20-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა  სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

„მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ. ლარს აღემატება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში, 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მარტოხელა მოხუცებს, გაეწია სოციალური დახმარება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.


თეა ახვლედიანმა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მანვე ჩართულობის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობასა და ახალი მიდგომების მომზადების საჭიროებებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული სტრატეგიის დოკუმენტი აღარ მოდის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და სრულად ვერ პასუხობს არსებულ საჭიროებებს.


„უკვე დასრულებულია 2010 წლის ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა და მის საფუძველზე, ვიწყებთ განახლებული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ასახავს საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამასთან, ჩვენ შევქმენით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რათა სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ქმედებები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


თეა ახვლედიანმა შერიგების პოლიტიკის განხორციელების და მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, მადლობა გადაუხადა.


სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის მიმართულებებზეც ისაუბრა და ყურადღება თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების საკითხებზე და ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სოციალურ თანასწორობასა და მათ კეთილდღეობაზე გაამახვილა.


სახელმწიფო მინისტრმა, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და რიგ მიმართულებებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.


18.11.2021წ.



პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს - 18.11.2021

https://youtu.be/185lQts99Is

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions