ჯანო ჯანელიძის გახსენება

13 წელი გავიდა  იმის შემდეგ, რაც არ ისმის ჯანო ჯანელიძის ომახიანი ხმა, განცდით, ტკივილით დატვირთული მის მიერ წაკითხული ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე, რომლებიც აფხაზეთს უკავშირდებოდა.

 

დღევანდელი გადასახედიდან უფრო მეტად ჩანს ის სიცარიელე, რომელიც მისმა წასვლამ დაგვიტოვა.

მისი გულწრფელი ტკივილი და სევდა გადებული იყო თბილისსა და სოხუმს შორის. „რაც ძვირფასი რამ გამაჩნდა, შეუერთდა დროს და სივრცეს, ერთი ქალაქ სოხუმს ჩარჩა, ერთი ქალაქ თბილისს მიწევს“ ...ამ  სიტყვებმა  შთააგონა კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია დაეწერა სიმღერა ჯანოს ლექსზე „ზღვა და სივრცე“.

ჩვენს დევნილ მრავალათასიან  საზოგადოებას ბატონმა ჯანომ დაამახსოვრა თავი არა მარტო  განსაკუთრებული პოეზიით, არამედ მოურიდებელი აღშფოთებით დევნილთა ყოველდღიური გაჭირვებისადმი, არსებული უსამართლობისადმი- ის არ იტოვებდა ხიდეებს უკან დასახევად. ბატონი ჯანო თავის სათქმელს ყოვეთვის იტყოდა.   ასეთ შემთხვევაში მისი კრიტიკის ადრესატებად ხდებოდა ყველა რანგის ჩინოსანი.  ამიტომ იყო, რომ იგი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა დევნილ საზოგადოებაში.

ბატონო ჯანო, თქვენი წასვლა ამ ქვეყნიდან ისეთივე მძიმე გამოდგა ჩვენთვის, როგორც თქვენს მიერ სულიერების მაღალი განცდით აწონილი ვერცხლსა და ოქროზე მეტად მძიმე ცრემლი.

რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს მარადიულ სამყოფებლად ზეციური საქართველო განისაზღვრა, მაგრამ არ გვტოვებს თქვენი წასვლით გამოწვეული უკმარისობის და სიცარიელის შეგრძნება, რაც შესაძლებელია ჩვენი აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებამ შეავსოს და რაზედაც მუდმივად ოცნებობდით.

გვენატრებით და პატივს მივაგებთ თქვენს მარადიულ სხსოვნას ბატონო ჯანო.


ბეჭდვა