სეპარატისტთა საგარეოპოლიტიკური ილუზიები

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მორიგჯერ ამაოდ ცდილობს სხვადასხვა „აქტივობებით“ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაპიარდა ორი, მათი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტი. კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი?

 

ამა წლის 9 თებერვალს რომში იტალიის პარლამენტის წევრმა მათეო დალ’ოსომ, რომელიც არ ტოვებს გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ცნობილია სეპარატისტებთან, ასევე მათ მფარველებთან მჭიდრო კავშირით, პარლამენტის შენობაშივე გამართა პრესკონფერენცია თემაზე: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შეთანხმებულ პრინციპებსა და იდენტურობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. ცნობისთვის: რუსული ვიკიპედიის არაკორექტული ინფორმაციის თანახმად, მათეო დალ’ოსოს 2003 წელს დაუდასტურდა „გაფანტული სკლეროზი“ - თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დეგენერაცია. ამ ავადმყოფი ადამიანის (ჩვენ მას გულწრფელად ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, რათა შემდგომში მონაწილეობა არ მიიღოს მსგავს სამარცხვინო ღონისძიებაში) მიერ გაკეთებულ მოხსენებაზე მოგვიანებით ცალკე შევჩერდებით.

 

იმავე დღეს, 9 თებერვალს, მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა შეხვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - გაეროს რუსული ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს ა. ბორისოვს და გადსცა მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის სახელზე. მიმართვა შეიცავს მოწოდებას და თხოვნას აფხაზეთისთვის გაროს დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოსკოვში ინალ არძინბამ გამართა სხვა „მნიშვნელოვანი“ შეხვდრებიც.

 

რა შეიძლება ითქვას რომში და მოსკოვში ჩატარებული, ფართოდ გაპიარებული „აქტივობების“ თაობაზე? იტალიის პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციას, მის შედეგებს და მნიშვნელობას მეორე დღესვე ხაზი გადაუსვა ისევ იტალიის პარლამენტის წევრმა, პარტიის „წინ, იტალიავ“ (რომლის წარმომადგენელიც არის მათეო დალ’ოსო) საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ ვალენტინო ვალენტინიმ. მან მკაფიოდ და ცალსახად განაცხადა, რომ პრესკონფერენცია წარმოადგენდა მხოლოდ მათეო დალ’ოსოს პირად ინიციატივას; იტალიის სახელმმწიფო კი, ასევე პარტია „წინ, იტალიავ“ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებენ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს, მათ დე-ფაქტო წარმომადგენლებს.

 

რაც შეეხება ინალ არძინბას მიმართვას გაეროს გენერალური მდივნისადმი, ამ ე. წ. დოკუმენტს გარანტირებული აქვს ადგილი სანაგვე ყუთში - დიდი ალბათობით, ის ვერც მიაღწევს ადრესატამდე.

 

სეპარატისტებმა დროა კარგად დაიმახსოვრონ, რომ ცივილიზებული სამყარო, იტალიის ჩათვლით, არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ, უკრაინულ და სხვა ტერიტორებს. აღიარების არავითარი შანსი არ გააჩნია განსაკუთრებით აფხაზეთს, სადაც რუსეთმა, სეპარატისტთა სახელით და მათი თანამონაწილეობით უსასტიკესი მეთოდებით განახორციელა ადგილობრივივი მოსახლების ეთნიკური წმენდა, გენოციდი, უმოწყალოდ დახოცა ან საკუთარი სახლებიდან განდევნა ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი; სადაც დღემდე ყველაზე ველური მეთოდებით ირღვევეა ადამიანის უფლებები.

 

აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების პერსპექტივა რომ არ გააჩნია, მშვენივრად უწყიან სეპარატისტებმაც და განსაკუთრებით ოკუპანტებმაც. მაშინ რატომ იხარჯება დიდძალი თანხები იტალიის პარლამენტში დადგმული სპექტაკლის მსგავსი ღონისძიებების პერიოდულად გასამართავად? ამ ეტაპზე დე-ფაქტო ხელისუფალთა საგარეოპოლიტიკური „აქტიურობა“ მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, 2020 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი „პროგრამის“ შესაბამისად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის პროცესით გამოწვეული სახალხო უკმაყოფილების გადაფარვას ილუზორული მოლოდინების შექმნით; მეორეს მხრვ, დე-ფაქტო რეჟიმი ცდილობს მოახლოებული „საპარლამენტო“ ცრუარჩევნების წინ ქულების დაგროვებას.

 

ვფიქრობთ, საკმარისია - აფხაზი ხალხის გაბრიყვების დღემდე წარმატებული მცდელობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions