რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების სრული იგნორირებით და 2008 წლის აგვისტოს სცენარის დეტალური სიზუსტით განმეორებით მორიგი დანაშაული ჩაიდინა - აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული „რესპუბლიკების“ ე. წ. დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ დაირღვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა; კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპაში სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ძალადობრივი გზით შეცვლის მეტად სახიფათო და სამწუხარო ფაქტი. ჩადენილი დანაშაულის ცინიკური, ყალბი და შუასაუკუნეებშიც კი მიუღებელი არგუმენტებით გამართლება შეუძლებელია, როგორც ამას კრემლში აკეთებენ.
სამწუხაროდ, ვ. პუტინის რუსეთის აგრესიულ, დამპყრობლურ მისწრაფებებს საზღვარი არა აქვს. ვიცნობთ რა მოსკოვის ზნე-ჩვეულებებს, შემდგომში იგი შეეცდება ვითომ აღიარებული „რესპუბლიკების“ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ფარგლებში გამთლიანებას, ყირიმთან სახმელეთო კავშირის დამყარებას და დაპყრობილი ტერიტორიების რუსეთთან მიერთებას. სისხლისმღვრელი ომის გარეშე კრემლის ეს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გეგმა ვერ განხორციელდება.
ვგმობთ რა რუსეთის ღია და თავხედურ აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ცივილიზებული სამყარო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მეთაურობით მიიღებენ ადექვატურ ზომებს აგრესორის შესაჩერებლად, ევროპის შუაგულში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.