თამაზ ხუბუა ენგურისპირა გამყოფ ხაზზე ქრისტინე თაკალანძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

„საქართველოს მოქალაქის, 24 წლის ქრისტინე  თაკალანძის დაკავება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, სხვა არაფერია, თუ არა სეპარატისტული ადმინისტრაციის მორიგი უტიფარი, პრიმიტიულობით გამორჩეული ქმედება აფხაზეთის ტერიტორიების, კერძოდ, ბიჭვინთის ზონის, რუსეთისათვის ოფიციალურად გადაცემის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების განმუხტვის მცდელობა, თითქოსდა, თბილისის მხრიდან მოსალოდნელი შეიარაღებული შემოჭრის საშიშროებით.


სეპარატისტებს დღითი-დღე ემატებათ პრობლემები: რუსეთი ამცირებს აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას 85 %-დან 15 %-მდე; ეკონომიკა არ არსებობს; მოქალაქეების მხარდაჭერა ამის ფონზე მმართველ ადმინისტრაციას ნელ-ნელა, მაგრამ ერთობ შესამჩნევად ხელიდან ეცლებათ; უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პერსპექტივა თავზარდამცემია რუსეთის ფედერაციისა და მისი სატელიტებისათვის.  შესაბამისად, რამდენად უბადრუკი და ცინიზმის მატარებელი არ იყოს მსგავსი ინსინუაციები, სოხუმი მათში ცდილობს იპოვოს, თუნდაც დროებით, „გამოსავალი“ საკუთარი ელექტორატის დასამშვიდებლად - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

მისი თქმით, „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ქართული საზოგადოება აფხაზეთში ომით შესვლას არ აპირებენ, რამეთუ ეს პროცესი მშვიდობიანი გზით უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება! „კატეგორიულად ვგმობ უდანაშაულო ქართველი მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის ღირსებისა და თავისუფლებების შემლახველ ქმედებებს სეპარატისტული სოხუმის მხრიდან!“.


დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით საქართველოს შესაბამისი უწყებები მიაღწევენ ქ. თაკალანძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ - აღნიშნავს თამაზ ხუბუა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions