დე-ფაქტო აფხაზეთის მედიასივრცე იტალიაში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლის მაურო მურჯიას "სამსახურიდან" დათხოვნას აფასებს. ეს ის მურჯიაა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ზარ-ზეიმით დახვდა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, უნივერისტეტი, როცა გაუგებარი წარმოშობის "უნიკალური" რუკები ჩაიტანა საჩუქრად, რომელთა "თანახმად" აფხაზეთი ლამის შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობდა, როგორც "დამოუკიდებელი" ქვეყანა; რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ სოხუმში გენუის უნივერსიტეტიდან აფხაზეთის ისტორიით დაინტერესებული მეცნიერები და ჟურნალისტები ჩამოიყვანა. ეს ის მურჯიაა, რომელიც იტალიასა და სან-მარინოში შეხვედრებს აწყობდა და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების "შეუქცევადობაზე" ღაღადებდა და დაუღალავად "იღვწოდა" ამისთვის, თუმცა "ღვაწლი" არ დაუფასდა.....
საინფორმაციო პორტალი „სუხუმ-მოსკოუ“ (http://www.sukhum-moscow.ru/index.php/kontekst/item/957-italyanskie-strasti) აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით - „იტალიელების თავგადასავალი აფხაზეთში“, სადაც აღნიშნულია, რომ იტალიაში აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მაურო მურჯიამ წერილით მიმართა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას, რომელშიც განმარტავს, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მას გადადგომა აიძულა.
მურჯია ირწმუნება, რომ ჩირიკბას არ აინტერესებს აფხაზეთის ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში, რასაც, მისი აზრით, ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ არ შედგა სოხუმსა და სიცილიის ქალაქ მილოს შორის „მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმზე“ ხელის მოწერა.
აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" მტკიცებით, მურჯიას საქმეში არის ბნელი მხარეებიც. აღმოჩნდა, რომ ის ხშირად მონაწილეობდა თანხებთან დაკვშირებულ თაღლითურ ოპერაციებში. იტალიაში გასტროლების ორგანიზების საბაბით აფხაზ ხელოვანებს წინასწარ ართმევდა ვიზებისთვის საჭირო თანხებს, რასაც შემდეგ თავად ითვისებდა. შემდგომში გაირკვა, რომ თანხის მითვისების და გასტროლების ჩაშლის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
მაურო მურჯია ამ და სხვა ბრალდებებს უარყოფს და საგარეო საქმეთა თანამშრომლებს საქმისადმი გულგრილობასა და არაპროფესონალიზმში ადანაშაულებს. მას განზრახული აქვს აფხაზეთში ჩასვლა და იქ პრეს-კონფერენციის გამართვა.- წერს ჟურნალისტი.
მაურო მურჯიას მუშაობის შესახებ ჩირიკბას "უწყებისგან" განსხვავებით დიამეტრალურად საწაინააღდეგო მოსაზრებები აქვს აფხაზეთის უკვე ექს -კონსულს სან-მარინოში ტატიანა მიხაილოვას, რომელმაც აღნიშნა, რომ სან მარინოს, მალტის, ვატიკანის ასევე იტალიის სხვა რეგიონების წარმომადგენლები თანამდებობებს ტოვებენ მურჯიას მხარდაჭერის ნიშნად.
„ჩვენს გუნდს, რომელიც აფხაზეთთან მუშაობდა, არ სურს იმუშაოს ახლანდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პრეზიდენტთან, რომელმაც ისინი არცერთხელ არ მიიღო, - აღნიშნა მიხაილოვამ, - თქვენ თვითონ განსაჯეთ, ბოლო ორი წლის მანძლზე, აფხაზეთში ჩასვლის დროს მურჯიამ ვერაფრით მოახერხა პრეზიდენტთან მიღებაზე მოხვედრა. მას, უბრალოდ იქ არ უშვებდნენ, თუმცა ანქვაბთან ჩვენ მშვიდად და პრობლემების გარეშე შევდიოდით. და ეს არ არის შეთქმულება, უბრალოდ ადამიანებს ამ პირობებში მუშაობა არ სურთ. მაურო იყო მთავარი ვარსკვლავი ჩვენს ჯგუფში. ძალზე ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, ჩვენ ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეგვეძლო ქვეყნისათვის. ჩვენ გვსურდა აფხაზეთის გაყვანა საერთაშორისო დონეზე, მისი პრესტიჟის ამაღლება, რათა ადამიანებს მეტი შეეტყოთ ამ ქვეყენაზე. ვიაჩესლავ ჩირიკბას ადგილზე მე დავარწმუნებდი მურჯიას, რომ დარჩენილიყო“ - თქვა სან მარინოში აფხაზეთის ექს-კონსულმა.
პუბლიკაციის ავტორის თქმით, ჩირიკბამ უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას მურჯიას დათხოვნის შესახებ და, როგორც ჩანს, არც მის გადაბირებას აპირებს.
იმავე მოვლენასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი" აქვეყნებს სტატიას - "მიუხედავად მურჯიას გადადგომისა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის რესპუბლიკაში მუშაობას გააგრძელებს".
(http://www.apsnypress.info/news/nesmotrya-na-otstavku-g-na-murdzhia-rabota-mid-abkhazii-v-italyanskoy-respublike-budet-prodolzhena-m/ - წყარო)
იტალიაში აფხაზეთის ე.წ. ყოფილი წარმომადგენლის მაურო მურჯიას გადადგომასთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად ბატონი მურჯიას გადადგომისა, საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიასთან კონტაქტებს და მუშაობას გააგრძელებს.
"უწყების" განცხადების თანახმად, მ.წ. 7 მაისს მურჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ. განცხადება დაწერილი იყო პოლემიკური პამფლეტის სტილში და შეიცავდა მინისტრისა და სამინისტროს მისამართით უსამართლო და უსაფუძვლო პრეტენზიებს. აღსანიშნავია, რომ მურჯია ადრეც ემოციურ ფონზე აკეთებდა განცხადებებს გადადგომის შესახებ, რაც, როგორც ჩანს, სამინისტროზე ზეწოლისთვის სჭირდებოდა. ამჯერად, 22 მაისს, მურჯიას მოთხოვნის გულმოდგინე განხილვის შემდეგ, სამინისტრომ დააკმაყოფილა მისი განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
აფხაზური "საგარეო უწყების" თქმით, მურჯია ადრეც იყო შემჩნეული სამსახურებრივი და ფინანსური დისციპლინისა და ეთიკური ნორმების დარღვევებში. ის ხშირად თვითნებურად და აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროსთან შეუთანხმებლად მოქმედებდა.
ასე ჩაქრა "აფხაზური დიპლომატიის" ამომავალი "ვარსკვლავის" საეჭვო კარიერა.