დაცემა

თბილისი 1994 წელი

წიგნი ეძღვნება დედის - ზინა ხელაძე-მელიქის ნათელ ხსოვნას.

გ.მ.


წინათქმა

”დაცემაში” სოხუმისა და სრულიად აფხაზეთის დაცემის შემდეგ მომხდარი ფაქტებია წარმოდგენილი, რომლის ფონზეც ადამიანთა დაცემა-არდაცემის მძაფრი ისტორიაა მოთხრობილი. მასში არეკლილია ადამიანთა ის რთული სულიერი გრადაცია, რომელიც ომისთვისაა დამახასიათებელი. კერძო პიროვნებათა ტრაგედიის ჭრილში წარმოდგენილია ომის ზოგადი სახე.

”დაცემაში” აღწერილი ამბავი თითქმის დოკუმენტური სიზუსტის მქონეა. მისი გმირები შორს არიან მხატვრული გამონაგონისგან და რეალურ პიროვნებებს წარმოადგენენ. გასაგები მიზეზების გამო, მათი ვინაობის დაკონკრეტებაზე თავი შევიკავე.

აფხაზეთის ომის თემაზე გამოქვეყნებული ასზე მეტი საგაზეთო წერილიდან ”დაცემასთან” ერთად მხოლოდ ერთის დასტამბვა გადაწყვიტეს, რადგან იგი (”ხეები ვეღარ გაუძლებენ”) დაცემით გამოწვეულ უბედურებათა ერთგვარი გაგრძელებაა.

”დაცემას” წინ უსწრებდა გაზეთ ”ახალგაზრდა ივერიელის” გრიფით 1993 წლის ივლისში გამოცემული საავტორო გაზეთი - ”ომი” და ამავე სახელწოდების შედარებით უფრო ვრცელი წიგნი აფხაზეთის ომის შესახებ, რომელიც თვითმხილველის უშუალო შთაბეჭდილებებით შეიქმნა. იგი მდიდარია ფოტომასალით, ფაქტებითა და სათანადო ემოციური მუხტით. წიგნი - ”ომი” კარგა ხანია საგამომცემლო ომშია ჩართული. იმედია, იგი ადრე თუ გვიან ამ ომში გაიმარჯვებს და ნათელს იხილავს.

ჩემთვის ყველგან და ყოველთვის ადამიანი და მისი ადამიანური ბუნება იყო უპირველესი ინტერესი და ამოსავალი სხვა ყველაფრისა. აფხაზეთის ომის ნანგრევებიდან თუ რამდენად სახიერად გამოიკვეთა ადამიანი და მისი შუქჩრდილები, ეს თქვენ განსაჯეთ, ძვირფასო მკითხველო.

პატივისცემით ავტორი.

დაცემა

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა (27 სექტემბერს) სოხუმი დატოვეს, რასაც აფხაზეთის მთლიანი ტერიტორიის დატოვებაც მოჰყვა. მომხდურთა შემოსევას მოსახლეობამ, როგორც შეძლო, ისე გამოერიდა, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა გამოსვლა ვერ მოასწრო და მტრის ხელში სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. იქ დარჩენილთა უმრავლესობა საშინელი წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ იმათაც კი, ვისაც პირში სული შერჩათ, ისეთი შემაძრწუნებელი ტანჯვა-წამება გადაიტანეს, რომ ალბათ, რამდენიმე სიკვდილის ტოლი არის. ”სიკვდილ გამოვლილი” ადამიანები იქ ნანახისა და განცდილის შესახებ ჰყვებიან. გრძნობები ყელში ებჯინებათ და ლაპარაკი უძნელდებათ. თვალები ხან ცეცხლით წამოენთებათ და ხანაც ცრემლით უსველდებათ. იქ გარდახდენილის შესახებ ლაპარაკი ნამდვილად ძნელია, მაგრამ უთქმელობა, ალბათ, კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა:

- სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე სარკმლიდან შევნიშნეთ, რომ შორიდან ტანკები და სხვა საბრძოლო მანქანები ქალაქს უახლოვდებოდნენ. ისინი ოცდაექვს ერთეულამდე დავითვალეთ და მაშინვე კომენდატურას შევატყობინეთ, საიდანაც სამხედროები მოვიდნენ. ჩვენს მიერ მითითებული ადგილები დურბინდით დაათვალიერეს და დაგვემოწმენ, მტრის საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაცია ხდება, მაგრამ ჩვენ მათ გავანადგურებთ, ქალაქი საიმედოდ არის დაცულიო. იმ დღეებში რადიო-ტელევიზიით სულ საიმედო მოწოდებები ისმოდა. მშვიდად იყავით, პანიკას არ აჰყვეთო. მაშინ სახელმწიფოს მეთაურიც სოხუმში იმყოფებოდა. ეთერში მისი ხმაც არაერთხელ გაისმა. ხალხმა ეს დაიჯერა და ევაკუაცია არ დაიწყო. საამისოდ არც ხელისუფალთ უფიქრიათ. პირიქით, წინა დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობის ერთგვარი მოზიდვაც კი ხდებოდა:

ბრძოლის წინა ხაზიდან ერთი თოფის გასროლაზე დაცილებულ, აფეთქებებისგან აკლებული სოხუმიდან მცირე ხანს თბილისში ჩამოვედი. ორი, უკვე დარღვეული სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ მესამე სამშვიდობო შეთანხმებით გულდაწყნარებული სოხუმელები მშვიდობიან ცხოვრებას იწყებდნენ. თბილისში ახლობლებთან დამიკავშირდნენ, - სასწავლო წლის დასაწყებად ვემზადებით და ჩამოდიო. არ ავჩქარებულვარ, რის გამოც მეორედ დამირეკეს, - სოხუმში ნორმალური ცხოვრების აღდგენა ეხლა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და ვინც ამას თავს აარიდებს, სამსახურიდან დავითხოვთო. სოხუმში ახალი დაბრუნებული ვიყავი, როდესაც მესამე შეთანხმებას თავისი ორი წინამორბედის ბედი ეწია. ქალაქის დაბომბვა უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა. ჭურვები ჩვენი სახლის შორიახლოს ფეთქდებოდა. ბავშვები საშიშროებას გრძნობდნენ და აღარ თამაშობდნენ. ვისხედით ერთმანეთს ჩაკრულები და გამოუდმებით ჭერს შევცქეროდით, - ჩამოინგრეოდა თუ არა. როდესაც აფეთქების შემდეგ ჭერი კვლავაც თავის ადგილზე რჩებოდა, შვებით ამოვისუნთქავდით.

ვუკავშირდებოდით სამხედრო შტაბებსა და კომენდატურას, საიდანაც ერთნაირ პასუხს გვაძლევდნენ, - ნუ გეშინიათ, სოხუმი არ დაეცემაო. ჩვენ კი გვანუგეშებდნენ, მაგრამ შიშის თრთოლვა მათ ხმაშიც იგრძნობოდა.

ერთ დღეს შევამჩნიე, რომ ფრონტის ხაზის მხრიდან ჯარისკაცთა მოზრდილი ჯგუფი მორბოდა. გავედი ქუჩაში და ვიკითხე, თუ რა ხდებოდა.


- არაფერი, არაფერი, ცვლა მოგვივიდა და მოვდივართო, მიპასუხეს. მერე წყალი მოითხოვეს და დავალევინე. დარწყულებულმა ჯარისკაცებმა გზა კვლავ სირბილით გააგრძელეს.

ოჯახში მხოლოდ ქალები ვიყავით. დედამთილი და მული ჯერ კიდევ გაუძარცვავ ბინას ტოვებდნენ. მე კი გამუდმებულ შიშში ჭერს შეშტერებულმა ვეღარ გავძელი, ბავშვებს ჩავაცვი და წამოვედი. სულ რამდენიმე კვარტალი გვქონდა გამოვლილი, როდესაც სროლის ხმა უფრო გაძლიერდა. ჭურვები ჩვენ წინ აფეთქდა. ქუჩაში სიარული უკვე სახიფათო იყო და იქვე ახლობელი ქალის სახლში შევაფარეთ თავი, სადაც მასპინძელმა მიამბო:

- აქედან მეც მინდოდა წასვლა. მითხრეს, აგუძერიდან გემები გადიანო. იქამდე დიდი წვალებით მივაღწიე. ბარგითა და ხალხით გემი იმდენად გადაჭედილი იყო, ძლივს ავედი. ჯერ ღუზაც არ აეშვათ, რომ მოულოდნელად მოწინააღმდეგის კატარღები გამოჩნდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს. ტყვიები ჰაერში ზუზუნებდნენ, გემის კორპუსზე მოხვედრისას კი საშინელ ჭახანს გამოსცემდნენ. დამფრთხალმა ხალხმა ნაპირს მიაშურა. გადასასვლელს ვიღა დაეძებდა, პირდაპირ ზღვაში ხტებოდნენ. ისროდნენ ბავშვებს. იყო სისხლი, წივილ-კივილი და ჯგლეთა. რაკი მიწაზე მშვიდობით გადმოვედი, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სახლში და ბედის განაჩენს საკუთარ ჭერქვეშ დავლოდებოდი.

ამ საუბარში ვიყავით, როდესაც გარედან ადამიანთა ხმები შემოგვესმა. აივნის კარი გამოვაღეთ და გადავიხედეთ. ქუჩაში სამხედრო ფორმიანები იდგნენ და რაღაცას თათბირობდნენ. ჯარისკაცების მორიგი ცვლა მეგონა და გამოველაპარაკე: ბიჭებო, საქმე როგორ არის, მეთქი.

მებრძოლებმა მოულოდნელობით გაოგნებული თვალები შემოგვაშტერეს.

- Еее девчата, вы здесь, ამ სიტყვებზე სიცილითა და ერთმანეთის ხელის ჯიკავით შემოსასვლელისკენ გამოემართნენ.

მტერი! ამ აზრმა მთელ ტანში უხმოდ დამიარა. მოულოდნელობისაგან გავშეშდი და ენა ჩამივარდა.

 

მასპინძელმა მკლავში ხელი მსტაცა და ჩურჩულით გამოსცრა:

- წარბი გახსენი, თორემ დიდიან-პატარიანად ამოგვხოცავენ.

მის გაფართოებულ თვალებში ისეთი შიში და მუდარა იკითხებოდა, რომ უსიტყვოდ დავემორჩილე. ბავშვებს ხელი ჩავკიდე და მათთან შესახვედრად გასასვლელისკენ გავეშურე. როცა დაბლა ჩავედით და კარი გავაღეთ, ისინი უკვე იქ იდგნენ.

- თქვენთან ქართველი მებრძოლები ხომ არ იმალებიან? - კარის გაღებისთანავე იკითხეს.

- ჩვენთან მეომრებს რა უნდათ? - მასპინძელმა კითხვა დამაჯერებელი სიმშვიდით შეუბრუნა.

- ეს ბინაა და არა მებრძოლთა თავშესაფარი. მათი აქ დამალვა როგორ გეკადრებათ, მივუგე და ბავშვები წინ გამოვიყვანე. ეტყობა, ჩემი პატარა ბიჭის გაფართოებულმა თვალებმა და გაუბედაობამ გავლენა იქონია, რადგან მტერს ჩვენს გულწრფელობაში ეჭვი აღარ შეპარვია.

- ძალიან კარგი, უფრო ერთმანეთის გასაგონად ჩაილაპარაკეს, ვიდრე ჩვენთვის. ეხლა მინისტრთა საბჭოს ასაღებად მივდივართ და ისევ დავბრუნდებითო, მოგვიგეს. კიდევ ერთხელ შეგვათვალიერეს და სწრაფად გაბრუნდნენ.

ფარდის უკნიდან ვუცქეროდით ქუჩას, სადაც მთავრობის შენობისაკენ მიმავალი მტრის მებრძოლები ჩანდნენ. რამდენიმე ტანკმა და ჯავშნიანმა საბრძოლო მანქანამაც გაიარა, რომლებსაც თეთრი საღებავით წაწერილი ჰქონდათ: ”აპსნი”, ”სიკვდილი ქართველებს”, და სხვა ამის მსგავსი, რომელთა წაკითხვაც ვეღარ მოვასწარით.

მინისტრთა საბჭოს შენობა ჩვენგან ორასიოდე მეტრის დაშორებით იყო და მასზე განხორციელებული შტურმის ხმა გარკვევით ისმოდა. ისროდა მძიმე ტექნიკა და ავტომატის გამაყრუებელი კაკანი არ წყდებოდა. დროდადრო ძლიერი აფეთქებების ხმა ჩვენი სახლის ფანჯრებსაც აზანზარებდა. საშინელი განცდით დაზაფრულნი უსიტყვოდ ვისხედით. ბავშვები სროლისა და აფეთქების ხმებს თითქოს შეეჩვივნენ, მაგრამ ამჯერად საშიშროების მოლოდინი მათ სახეებზეც გადანაცრისფერებულიყო. ისინი უკვე პირველი და მესამე კლასის ასაკისანი იყვნენ და გარშემო მიმდინარე საშინელებას კარგად გრძნობდნენ. აფეთქებებისა და სროლის ფონზე ოთახის სიჩუმე კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა.

გარედან ადამიანთა განწირული წივილ-კივილის ხმაც შემოდიოდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ იგი ყურში კი არ მესმოდა, არამედ ორლესული მახვილის სიბასრით იჭრებოდა სხეულში და მის სისხლისგამყინავ სიცივეს მთელი ტანით ვგრძნობდი, მაგრამ შიში გულზე ისე მძიმედ მაწვებოდა, რომ სკამიდან ადგომას ვეღარ ვახერხებდი. თვით ის ფიქრი, რომ იქვე ჩვენს გვერდით ადამიანები იღუპებოდნენ, ყვიროდნენ, შველას ითხოვდნენ და ჩვენ მათი დახმარების ძალა არ შეგვწევდა, სულისშემძვრელად მოქმედებდა.

უნებურად უმწეო ჩიტი და მისი უსუსური ბარტყები გამახსენდა. პატარაობისას თურმე ყველაზე უფრო ხშირად უფროსებს სწორედ იმ საწყალი ჩიტისა და მელიის ამბავს ვაყოლებდი. ვაყოლებდი და ვტიროდი. მებრალებოდა მელიის ცულითა და ცუნცულით შეშინებული ჩიტი და მისი ბარტყები. ჩიორას გამოუვალ მდგომარეობას მთელი არსებით ვგრძნობდი და ცრემლებს ვაღვარღვარებდი. ვტიროდი და ყველაზე მეტად მაინც იმ ჩიორას ამბავი მიყვარდა, რომელსაც თავდაცვის არავითარი საშუალება არ გააჩნდა და მტრის კაპრიზებს მორჩილად ასრულებდა. ჩვენმა უმწეო მდგომარეობამ იმ ჩიორას ამბავი და ჩემი ბავშვური ტირილი გამახსენა. საკუთარ გულუბრყვილობაზე მწარედ გამეღიმა.

გვიან სროლის ხმა თანდათან მინელდა და საღამოც წამოვდა. ირგვლივ საშინლად ჩამობნელდა. სოხუმი ელექტროობით გაჩახჩახებული არც წინა დღეებში ყოფილა, მაგრამ მისი დაცემის პირველი ღამე მაინც საოცრად ბნელი იყო. თითქოს მზე ტრადიციულად მზის სიშორეში კი არ ჩავიდა, არამედ შავი სუდარა გადააფარა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. თვალთან თითს ვერ მიიტანო, სწორედ ასეთ სიბნელეზე უთქვამთ. გარედან მტრის შეძახილები, წივილ-კივილი და სროლის ხმები კიდევ არ წყდებოდა. გვიან ჩვენს კარზეც მოაკაკუნეს. დიასახლისმა კარი გააღო და ოთახში სწორედ ის მებრძოლები შემოვიდნენ, რომლებიც დღისით გველაპარაკნენ. შემოსვლისთანავე, ”დამალული ხომ არავინ გყავთო”, კიდევ იკითხეს. ჩვენი უარი კვლავაც სარწმუნოდ მიიჩნიეს და მაგიდასთან დასხდნენ. გვშია, რამე გვაჭამეო, მოითხოვეს.

დიასახლისმა ლამპა აანთო, ორი სახლში გამომცხვარი პურის კვერი გამოიღო. ამის მეტი არა გვაქვსო, დამნაშავესავით უპასუხა და მაგიდაზე დააწყო. მერე განჯინაში ლეღვის მურაბა იპოვა და ისიც მოუტანა. ქილას ლამპის შუქთან მოხადეს თავი და ზევიდან მოდებული ობის აპკი მოაცილეს. ერთმა პრიალა ბებუთი ამოიღო, პურის კვერები ტოლ ნაჭრებად დასერა და დაანაწილა. არც ობიანი ლეღვის მურაბა დაუწუნიათ. გემრიელად იღმურძლებოდნენ და თან აღფრთოვანებული ყვებოდნენ, თუ როგორ აიღეს მთავრობის შენობა:

- შარტავა და მისი ჯგუფი ცოცხლად ავიყვანეთ. იქ სულ ორმოცდაათამდე ქართველი მოვაგროვეთ და ყველანი ერთად დავხვრიტეთ. მერე ჩვენებმა მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი სიგრძეზე მოედო და მთელი შენობა ერთ უზარმაზარ ცეცხლის ალად ირწეოდა. მინები სიმხურვალისაგან ლაწალუწით სკდებოდა, რის გამოც უკან დავიწიეთ. ჩვენმა ბიჭებმა იქ ისეთი ამბავი დაატრიალეს, რომ ცოცხალი აღარავინ უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ყველასაგან მოულოდნელად კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი ქართველი გამოვიდა. მაღალი, ნამდვილად ვაჟკაცური შესახედაობისა იყო და მებრძოლის ფორმა ტანზე მოსხეპილად ეცვა. ამდენი ხანია ვიბრძვით და ისეთი სილამაზის მქონე ქართველი არ გვინახავს. დაღმადაშვებული ავტომატი ხელში ისე მოწყვეტით ეჭირა, რომ ეტყობოდა გამოყენებას აღარ აპირებდა. გასაოცარი ის იყო, რომ შიშისა და აჩქარების ოდნავი ნატამალიც კი არ ემჩნეოდა. ხედავდა, რომ მთელი შენობა ალყაში გვყავდა და კიბეზე მაინც მშვიდი, მსუბუქი ნაბიჯებით ჩამოდიოდა. მისი სიდინჯე და მოხდენილობა ყველას ისე მოგვეწონა, რომ გაშტერებული ვუყურებდით. ჩვენი მხრიდან ვიღაცამ ”იარაღი დააგდეო”, უბრძანა. ის მცირე ხანს შეჩერდა. ”დააგდე იარაღიო”, კვლავ დაუყვირეს. ჭეშჭმარიტ ვაჟკაცს ცოცხალი თავით იარაღის დაყრა არ შეშვენის და იმანაც ავტომატი ძირს დაგდების მაგივრად, ხელის ერთი აქნევით მხარზე გადაიგდო. ხელები მოწყვეტი ძირს ჩამოუშვა და კვლავ მოედნის მიმართულებით გამოსწია.

- “Вот боевик!”  - ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩვენს შორის და უხმოდ შევთანხმდით, რომ მისთვის არ გვესროლა.

ამასობაში ჩვენგან მარცხნივ მდგომმა ერთმა აფხაზმა ავტომატის ჯერი მიუშვა და კიბეზე ჩამომავალი ქართველი ჯარისკაცი ადგილზევე ჩაცხრილა. ის სიკვდილითაც საოცრად ლამაზად მოკვდა: პირველად მთელი ტანით მაღლა აიწია, ხელები ისე აღმართა, თითქოს ცაში აფრენას აპირებსო. მერე მუხლებზე დაეშვა და კიბეზე პირქვე გადმოემხო. ჭეშმარიტი მებრძოლი ვაჟკაცობას მტერშიც უნდა აფასებდეს. მისი მოკვლის გამო ჩვენს ბიჭებს გული ისე დასწყდათ, რომ იმ აფხაზს კიდეც აგინეს.

როცა მივუახლოვდით, სისხლი თქრიალით გასდიოდა და ისე უძრავად იწვა, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ერთმა მისი ავტომატი აიღო და გასინჯა. შიგ არცერთი ტყვია აღარ იდო.

საუბარში გაირკვა, რომ ის ხუთი მებრძოლი, რომლებიც ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმრები იყვნენ, ჩერქეზ მეომართა ჯგუფს ეკუთვნოდნენ. აფხაზთა მხარეს ძირითადად ეროვნული ნიშნის მიხედვით გაერთიანებული ასეთი ჯგუფები იბრძვიან. უცნობი ქართველი მეომრის დაღუპვის ამბავს ისეთი სუნთქვაშეგუბებული ვუსმენდით, რომ მის დასრულების შემდეგ მოსულებს ჩვენი ეროვნების გაგების სურვილი პირველად გაუჩნდათ. ვცდილობდით, ტყუილში არ გამოვეჭირეთ, რის გამოც ჩვენს მიმართ ნდობას დაკარგავდნენ და სათანადოდაც დაგვსჯიდნენ. ამიტომ ზედმეტი ჭოჭმანის გარე ვაღიარეთ, რომ ქართველები ვიყავით.

- ”ქართველებიო!” - გაკვირვებით წარმოთქვეს მომხდურებმა და ელდანაკრავივით ფეხზე წამოცვივდნენ. ჩერქეზს, რომელიც მაგიდასთან, ლამპის შუქზე იარაღს წმენდდა, მოულოდნელობისაგან ერთი ნაწილი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე ხმაურით გაგორდა.

- თუ ქართველები ხართ, რატომ არ გაიქეცით? - ჰკითხეს მებრძოლებმა.

- ჩავთვალეთ, რომ არავის წინაშე ბრალი არ მიგვიძღოდა და ამდენად გასაქცევადაც არ გვქონდა საქმე, ვუპასუხეთ ჩვენ, მაგრამ ისინი ასე იოლად აღარ გვიჯერებდნენ.

- თქვენს სახლში პური გავტეხეთ და ჩვენი ადათი ცუდად მოპყრობის ნებას არ გვაძლევს, თორემ რისი ღირსებიც ხართ კარგად ვიცითო, გამოგვიცხადეს. - ახლა სახლი უნდა გავჩხრიკოთ და თუ იარაღი აღმოგაჩნდათ დამალული, ან თუნდაც ერთი ტყვია მაინც... მერე თქვენს თავს დააბრალეთო.

ისინი ახლა ჩვენი დასჯისთვის მიზეზს ეძებდნენ, ოთახიდან ოთახში დაძრწოდნენ და არარსებული იარაღის ნახვას ცდილობდნენ. მათი ასეთი გაფაციცებული ჩხრეკის გამო შიში გამიჩნდა: იარაღს ვიცოდი, რომ ვერ ნახავდნენ, მაგრამ ერთი ტყვიაც რომ შემთხვევით სადღაც ეპოვნათ, ჩვენი საქმე წასული იყო. იმდენად დაწვრილებით ჩხრეკდნენ, რომ ბალიშისპირების დაძრობა და სხვა ამის მსგავსი წვრილმანებიც კი არ გამორჩენიათ. დაათვალიერეს ისეთი ადგილები, რომელსაც ოჯახის წევრები, ალბათ, წლების განმავლობაში ერთხელაც არ მოისაკლისებდნენ და არ შეიხედავდნენ.

ხანგრძკივი ჩხრეკისა და ქექვის შემდეგ შვებით ამოვისუნთქეთ, სახლში პურის საჭრელი დანის მეტი არაფერი აღმოჩნდა. ამ ფაქტმა მათ თვალში კვლავ ნდობა მოგვიპოვა. ის ღამე ყველამ ტანზე ჩაცმული გავატარეთ. დილით ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმრები წასასვლელად მოემზადნენ. ახლა ოჩამჩირე და გალი უნდა ავიღოთო, ამბობდნენ.

- ბედი თქვენი, რომ ჩვენ შგვხვდით, თორემ სხვების ხელში რომ ჩავარდნილიყავით, ასე უმტკივნეულოდ ვერ გაათენებდითო, გვითხრეს. რისთვისაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, თავაზიანი მადლობა მოვახსენეთ.

- ეცადეთ, თავს უშველოთ, თორემ ჩვენს შემდეგ აქ სხვები მოვლენ და თუ არ დაგხოცეს, სიკვდილს განატრებინებენო, გაგვაფრთხილეს.

ასეთი საუბრით გათამამაბულმა ვთხოვე: - აქ, ბავშვებთან ერთად, ამხანაგის ბინაში ვარ თავშეფარებული, ცხოვრებით კი აქედან არცთუ მოშორებით ვცხოვრობ. ჩემებიც იქ არიან. ქუჩაში ახლა ჩვენი გასვლა უკიდურესად საშიშია. იქნებ ბავშვებთან ერთად სახლში მიმაცილოთ-მეთქი, რაზეც უარი არ უთქვამთ.

ბავშვებს ხელი ჩავკიდე და მებრძოლებთან ერთად ქუჩაში გამოვედი, სადაც ავტომატის სროლისა და წივილ-კივილის ხმა ისმოდა. დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ქუჩაში ეყარა, რომლებიც ძირითადად ასაკოვანი კაცები და ქალები იყვნენ. ერთგან ბავშვის გვამსაც მოვკარი თვალი. ორი კვარტლის გავლისას ცხრა გვამი დავითვალე. ისინი ჩემი უბნელები იყვნენ და უმრავლესობა შევიცანი კიდევაც:

სოხუმში ერთი საკმაოდ ცნობილი მასწავლებელი იყო. იგი მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მის ხელში, როგორც იტყვიან, მთელმა თაობებმა გაიარა. სკოლა ღრმად მოხუცებულობამდე ვერ მიატოვა. მერე თვალს ძალიან დააკლდა და ”სანამ ბავშვები ჩემზე გაიცინებენ, გამათავისუფლეთო”, ითხოვა. იმ ორი წლის მანძილზე, რაც სკოლიდან წამოვიდა, საოცარი სისწრაფით მოტყდა და მოხუცდა. ერთხანს პარკში მოსეირნეს ვხედავდი ხოლმე, მერე, ეტყობა, თვალს კიდევ უფრო მეტად დააკლდა და გარეთ აღარ გამოდიოდა.

იგი თავისივე რკინის ჭიშკარში წაქცეულიყო. სახე ისეთი მშვიდი ჰქონდა, რომ მძინარეს უფრო ჰგავდა, ვიდრე მკვდარს. პირიდან გადმოსული სისხლის წითელი ლაქა სახესა და მიწაზე გათხლეულიყო. დიდმუცლიანი ლინზებით გაწყობილი სათვალე ხელის გაძვალტყავებულ თითებში ეჭირა. საწყალს, ეტყობოდა ჩაცმაც ვერ მოესწრო, ისე გამოეყვანათ. ოთახის ფლოსტები ფეხიდან წაძრობოდა და იქვე ეყარა.

ჩვენი პურის მაღაზიის გამყიდველის გვამიც დავინახე. იგი სქელი, ფაშფაშა ქალი იყო და საოცრად კეთილი თვალები ჰქონდა. პურს როდესაც მაძლევდა, ყოველთვის ხელში შეატრიალებდა და გული რომელზეც მიუვიდოდა, იმას მომაწვდიდა. ომის დროს სოხუმში პური გაჭირდა და მაღაზიაში საერთოდ აღარ შემოჰქონდათ. გამყიდველი გულხელდაკრეფილი იჯდა და მინის დიდი ვიტრინებიდან ქუჩას გაჰყურებდა, მის კეთილ თვალებს ისეთი მომლოდინე მზერა ჰქონდა, რომ პურის შემოტანას თითქოს წუთიწუთზე ელოდა. გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, ომი კი არ სრულდებოდფა და არც პური ჩანდა არსად.

საწყალი, ეტყობა, გაქცევას ცდილობდა, ტყვიები ზურგში ჰქონდა მოხვედრილი და მიწას პირქვე დამხობოდა. თეთრ, ქათქათა ხალათზე სისხლის მეწამულისფერი ლაქა ყვაოდა. ისე მოუხერხებლად წაქცეულიყო, რომ კაბა ერთიანად წამოხდოდა და დიდი, ტოტებიანი თეთრი ნიფხავი მოუჩანდა, რომელზეც შავი ბუზები ესეოდნენ.

ვიცანი რუსი მეყვავილის გვამიც. ის დაბალი, გალეული ტანის ქალი იყო. ქმარი ადრე გარდაეცვალა და მარტოხელა დარჩა.

ერთი ქალიშვილი კი გაზარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის არხანგელსკში გათხოვდა, აქეთ ერთხელაც არ მოუხედავს, მშობლები არც ცოცხლები და არც მკვდარი აღარ მოუკითხავს. მოხუცი კონსერვის ქილებში ყვავილებს ახარებდა, მერე სახლის წინ გამოჰქონდა და ჰყიდდა. თავი პენსიითა და იმ ყვავილების ნავაჭრით გაჰქონდა. დამტვრეული ქართული იცოდა და ქართველებს ყოველთვის ქართულად ელაპარაკებოდა.

იგი ასფალტზე იჯდა, ფეხები განზე გაჩაჩხოდა, ზურგით კედელს მისწოლოდა და თავი წინ უღონოდ ჩამოვარდნოდა. ხელით ნაქსოვი ნაცრისფერი ბერეტი თავზე მოხდოდა და ფეხებს შორის ეგდო. ერთი შეხედვით, მეყვავილე სამათხოვროდ დამჯდარს უფრო ჰგავდა, მაგრამ სათხოვარი მას უკვე აღარავისთან არაფერი ჰქონდა. მომხდურები სიკვდილს წინასწარ გამიზნული ეროვნული ნიშნის მიხედვით არიგებდნენ, ამიტომ იმ რუსი მეყვავილის მკვლელობა გამიკვირდა. ვინიცის რისთვის მოკლეს საწყალი? იქნებ ქართველები შეიფარა და ამისთვის დახვრიტეს, ან რაიმე სათაკილო მოთხოვნაზე განაცხადა უარი და...

თვალი ჩვენი უბნის გიჟის გვამსაც მოვკარი. ის შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა, თურმე, სავალდებულო სამხედრო სამსახურს და რაღაც დიდი შიშის გამო ჭკუაზე გადასულა. სად არ ატარეს, რით არ უმკურნალეს, მაგრამ აღარაფერმა უშველა. დიდრონი, შეშფოთებული თვალებით დახეტიალობდა ქუჩაში, დაშავებით კი ბავშვებსაც არაფერს უშავებდა. თავზე სულ სამხედრო ქუდი ეფარა და ცოცხალი თვალით არ იცილებდა.

- ”ფურაჟკა” არ წამართვა რა! ეს ჯარში მომცეს და არ წამართვა, თორემ დამიჭერენ!!

სადაც იგი თავშეყრილ ხალხს დაინახავდა, მაშინათვე მთელი ხმით შესძახებდა:

- უფალი მოდის, ბოროტო ადამიანებო, უფალი მოდის!

ხალხი სიცილით პასუხობდა: ”უფალი კი არა, ვასიკო მოდისო”. ჭკუაზე გადამცდარი ვასიკო კი ხალხის ქილიკს ყურადღებას არ აქცევდა, საცრისხელა თვალებს აბრიალებდა და მთელი ხმით ყვიროდა:

- უფალი მოდის, ბოროტო ადამიანებო, უფალი მოდის!

მისი გვამი ქუჩაში პირდაღებული ეგდო და მომეჩვენა, რომ უსიცოცხლო პირიდან კვლავაც უფლის მოსვლის გამაფრთხილებელი მოწოდება ამოდიოდა.

- სად არის უფალი, შე საწყალო, თუ მართლა მოდის, ამ საშინელებათა შესაჩერებლად მაინც როგორ ვერ მოვიდა, ჩავილაპარაკე გულში და გზა განვაგრძე.

მომხდურებმა ნაცნობთა გვამებთან შეჩერების ნება არ მომცეს, სახლამდე მიმიყვანეს და ოჩამჩირისაკენ გაემრთნენ.

შინ ნაცემი და შეურაცხყოფილი დედამთლი დამხვდა. შემოსეულთა ერთ ჯგუფს ის ღამე ჩვენს სახლში გაეთია. დედამთილი დიდებული გვარის, ნამდვილი არისტოკრატიული სტილის ქალი აიძულეს, თურმე, რომ მათთვის ჩექმები გაეხადა და ოფლიანი წინდები დაერეცხა. მერე საჭმელი მოუმზადებინებიათ და თავიანთი მოტანილი არყით გამარჯვების აღსანიშნავად უქეიფიათ.

ჩვენს ეზოში ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი ჩერქეზული წარმომავლობისა იყო და მულს თავი მასთან შეეფარებინა. დედამთილმა ბავშვებით მობრუნებული რომ დამინახა, ჩალურჯებული თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.

- მე თქვენ უკვე სამშვიდობოს მეგულებოდით და თქვენც ამ ჯოჯოხეთში ჩარჩენილხართო?!

ჩვენი ბინა მომხდურთა თავშეყრის ადგილად ქცეულიყო და იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ამიტომ ჩვენც იმ ჩერქეზ მეზობელთან შევაფარეთ თავი. საღამოს მომხდურთა ის ჯგუფი, რომელსაც პირველი ღამე ჩვენთან გაეტარებინა, კვლავ მოვიდა. მოიტანეს სასმელ-საჭმელი, დედამთილს სუფრა გააშლევინეს, გამართეს ქეიფი, ღრეობა და ავტომატის უმისამართო სროლა. ჩვენ კი მეზობელთან ვიყავით შეყუჟული და გამოსვლას ვერ ვბედავდით. ბავშვებს ასე უმოძრაოდ ყოფნა გაუჭირდათ და ჭირვეულობა დაიწყეს. მოქეიფეები გვიან ჩაწყნარდნენ, დილით კი კვლავ ყიჟინით წამოიშალნენ  და ქალაქს მოედნენ. სახლიდან სულ ახალი წასულები იყვნენ, როცა ხმაურითა და ალიაქოთით უკან მობრუნდნენ. დედამთილი ხელის ჯიჯკავით ეზოში გამოაგდეს.

- დედაბერო, ახალგაზრდა ქალები სად გყავს დამალული? ახლავე გამოიყვანე, თორემ ჩაგაძაღლებთო.

მოხუცი გამხდარი, გალახული იდგა მტრის მეომრებს შორის და კრინტს არ იღებდა. ერთ-ერთმა მკლავში ხელი ჩაავლო და შეანჟღრია.

- გესმის თუ არა, ის დამალული ახალგაზრდები გამოიყვანე, შე კუდიანო, თორემ....

მოხუცს მუქარისა და გინების კორიანტელი აწყდებოდა, ის კი უხმოდ იდგა და მიწას ჩაშტერებოდა. ბოლოს ერთმა მეომარმა ხელი უბიძგა და კედლისკენ მიაგდო. ჩვენი მოტყუება ეგრე არ უნდაო, იღრიალა და ავტომატის ჯერი მიუშვა.

ტყვიებმა მოხუცი ერთი შეაცახცახა და კედელს მიეყრდნო. მერე მუხლი მოეკვეთა და უხმოდ, უსიტყვოდ განერთხა მიწაზე, რომელსაც მცირე ხნის წინ უცნაურად ჩაშტერებოდა და თვალს არ აცილებდა. სული ისე ამოუვიდა, რომ მჭიდროდ მომუწული ბაგეები ოდნავადაც არ გახსნია. საწყალს, სისხლი იმდენად გაყინვოდა, რომ ავტომატებით დაცხრილული სხეულიდან მიწაზე წვეთიც არ დაღვრილა. ნატყვიარ ადგილებთან სამოსი ოდნავ გაუწითლდა და სულ ეგ იყო.

ეს ყველაფერი იმდენად მომენტალურად მოხდა, რომ გამოსვლა და მიშველება ვეღარ მოვასწარით. მეზობლის სახლიდან როცა გულადუღებულნი გამოვცვივდით, უკვე გვიან იყო. მომხდურები წინ გადაგვეღობნენ და გვამთანაც კი არ მიგვიშვეს, ბინაში ამავალი კიბისკენ ისე მიგვაგდეს.

- ოოო, ლამაზებო, როგორ არ იცოდით, რომ ჩვენ ვერსად დაგვემალებოდით? ასეთ კარგებს დასამალი რა გჭირთ? ჯერ ხომ თქვენთვის ცუდი არაფერი გვიკადრებია? თქვენ კი ასეთი მალვით ჩვენს ღირსებას ჩრდილი მიაყენეთ. და ეს დედაბერიც ტყუილად დაგვახვრეტინეთ.

თორმეტამდე მამაკაცი ჩვენ წინ იღრიჯებოდა და სიტყვებს ცინიკურად ღეჭავდა: ”გაგვირბიხართ”, ”გვემალებით”, ”სახეს გვარიდებთ”, ”ჩვენი დანახვა არ გინდათ” და სხვა მსგავსს დამცინავად გვიმეორებდნენ. ვტიროდი, აზლუქუნებულ ბავშვებს ვიყავი ჩაფრენილი და ხელს არ ვუშვებდი.

ვნებააშლილი მებრძოლებისაგან ჩვენი დაცვა ჩერქეზმა მეზობელმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პირიქით, ჩვენი შეფარებისათვის გალანძღეს და ხელის კვრით უდიერად მოიცლეს.

- ომის კანონის თანახმად, შენ ახლა ჩვენი ხარ. წამოდი, როგორ უნდა დამალვა და კუკუდამალობანას თამაში, გასწავლითო, უთხრეს კიბის ძირში ჩამუხლულ მულს, რომელსაც ტირილით გული ისე ამოჯდომოდა, რომ  მათი არაფერი ესმოდა. ერთმა მებრძოლმა მკლავში ხელი ჩასჭიდა და ძალით წამოაყენა. მე მას ხელებში მივვარდი და შევეხვეწე: ეს ტკივილი გვაკმარე, ნუღარ დაგვღუპავ-მეთქი. მან ჩემს მოსაცილებლად ხელი გაიქნია და მულს კიბეზე ათრევა დაუპირა.

- თავი დაანებე, ეს ქალიშვილია და ნუ გააუბედურებ, მე რაც გინდა ის მიყავი-მეთქი, შევეხვეწე.

ამ დროს მეორე მებრძოლმა წელში ხელი გამომდო და გვერდით გამათრია. მულმა ფეხები გააბოჯიჯგა, მომხდურის ხელებიდან გათავისუფლებისთვის იწმაწნებოდა და მდინარიდან ამოყვანილი კალმახივით სხმარტალებდა. გახელებულმა ჩერქეზმა მარჯვენა ხელი ლაჯებში ამოსდო და ბატკანივით ასწია. მერე ფართხალითა და გნიასით კიბე აარბენინა და ბინაში შეიყვანა. მეორემ მე ამომიღლიავა და მაღლა ამათრია. ოთახიდან მულის წივილ-კვივილი ისმოდა. მე მეორე ოთახში შემიყვანა და საწოლზე მიმაგდო. იარაღი გარეთ მოხორხოცე თანამებრძოლებს დაუტოვა და კარები შიგნიდან გადაკეტა. მერე მომიახლოვდა და რაღაცას მებუტბუტებოდა. მე არაფრის გაგონება არ მსურდა. იფიქრა, სიტყვით ამასთან ვერაფერს გავხდებიო, მკლავებქვეშ ხელი ამომდო და საწოლზე გამშხვართა. ვცდილობდი, ფეხებითა და ხელებით წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ იმდენად ღონიერი იყო, მისი მიზნის მიღწევას ვერა და ვერ ვაფერხებდი. ბოლოს, ძალა გამომელია, მოვეშვი და უღონოდ მივეგდე. ტკივილი, ცრემლი, შეურაცხყოფა, სირცხვილი, დამცირება და ყველა სხვა უბედირება ერთმანეთში აირია. მოძალადემ მხოლოდ შარვალი შეიხსნა და.... ტანზე არც კი გაუხდია. მძვინვარე ქშენით მოათავა თავისი საქმე. შარვალი გაისწორა და ჩემთვის ხმაც არ გაუცია, ისე გავიდა ოთახიდან. მისი გასვლა და კარებში მეორის შემოვარდნა ერთი იყო. ის საერთოდ არც დამლაპარაკებია. უპიროვნო, რაღაც საოჯახო ნივთივით მიხმარა და უკან გაბრუნდა. მას მოჰყვა მესამე, მეოთხე, მეათე, მეთოთხმეტე და შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო, - უკვე მეორედ შემოდიოდნენ ისინი, რომლებიც პირველები იყვნენ. გვერდით ოთახში არაყს სვამდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ხორხოცობდნენ და ჩემთან ერთმანეთს თანმიმდევრობით ცვლიდნენ. ტირილს, ხვეწნასა და მუდარას ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ. ბოლოს, ყველანი სადღაც გაიკრიფნენ და სახლშიც სიჩუმე ჩამოდგა. ჰაერი მათი დენთისა და ოფლის სუნით იყო გაჟღენთილი.

ჩემი გათქერილი და დაბინძურებული სხეული შემეზიზღა და თვითმკვლელობაზე ფიქრი პირველად გამიჩნდა. შიშველი და გაუბედურებული ვეგდე საწოლზე. ყურებში კი შორეული ზუზუნის ხმა არ წყდებოდა. მომხდურებს ჩემს გასაშიშვლებლად  იმდენად ზედმიწევნით ეზრუნათ, რომ არცერთი სამოსი აღარ მეცვა და დედიშობილა სხეულზე მარტო ჯვარიღა მეკეთა. სირცხვილის ისეთი თავზარდამცემი გრძნობა მქონდა, რომ ყველასა და ყველაფრისა მრცხვენოდა, მათ შორის საკუთარი თავისაც. სირცხვილი ახალა ამ პატარა ჯვრის მიმართაც ვიგრძენი, რომელიც მკერდიდან გადმოცურებულიყო და ტისმის ქვეშ მომქცეოდა. მაჰმადიანმა მომხდურებმა იქნებ ჯვარი სპეციალურად არ შემხსნეს, რათა თავიანთი ვნება სწორედ ჯვრით მოსილ ქალთან დაეცხროთ და ამით ერთგვარი აზარტიც კი განეცადათ. იგი ჩემი ნათლობის ჯვარი იყო და არასოდეს ვიცილებდი. მახსოვს, სკოლაში წითელი ყელსახვევით დავდიოდი და შიგნიდან ჯვარს მაინც ვატარებდი. იგი ჩემთვის იმდენად განუყრელი რამ იყო, რომ არც პირველსა და არც მეორე შვილზე, მიუხედავად ექიმის გაფრთხლებისა, სამშობიარო მაგიდაზე ასვილის დროსაც არ მომიხსნია. მას ტრადიციული ქართული ჯვრის ფორმა ჰქონდა. ზედა სამი ფრთა სამების სიმბოლიკის მქონე იყო და სამი მომრგვალებული ფორმით მთავრდებოდა, სიბრტყეზე კი მაცხოვრის გამოხატულება ამშვენებდა. იგი ოქროთი იყო  დამზადებული და ოქროსავე ძეწკვზე ეკიდა. ჩემთვის უძვირფასესი და ყველგან თანამდევი ჯვარი ყელიდან ფრთხილად მოვიხსენი და მისთვის აღარ შემიხედავს, ბალიშის ქვეშ ისე შევაცურე.

ამ დროს ფანჯრის წინ ვერხვის ფოთლები იმდენდ დინჯად ირხეოდნენ, რომ უნებურდ დამშვიდობების დროს გაშლილი ხელის ნელი რწევა გამახსენდა. ფოთოლთა ასეთი უცნაური მოძრაობა დაძრული მატარებლიდან დანახულ გამცილებელთა მტრედის გუნდივით აფრთხიალებულ ხელებს მართლაც ძალიან წააგავდა. თვალწინ წარმომიდგა ჩვენს ეზოში მდგომი უზარმაზარი ვერხვის ხე, რომელიც უთვალავი ფოთლების რხევით ვიღაცასა თუ რაღაცას ემშვიდობებოდა. იგი შუა ეზოში იდგა, გარშემო კი სახლები შემოჯაროდნენ. იმდენად მაღალი და გაშლილი ტოტები ჰქონდა, რომ მთელ ეზოს ქოლგასავით ეფარა. ათი წლის წინათ, როდესაც ამ ეზოში პირველად შემოვედი, ნათურები პირდაპირ ტოტებზე ეკიდა და ეზოში გაშლილ საქორწილო სუფრას იქიდან ანათებდნენ, ამ უცნაურმა ხემ ჩემი ყურადღება ისე მიიპყრო, რომ თავაწეული შევცქეროდი, როცა ფეხი გრძელ საქორწილო კაბაში გამეხლართა და საქმროს რომ არ დავეჭირე, ძირს გავიშხლართებოდი.

- არიქა, დედოფალი არ წაგვექცესო, - წამოიძახა შეკრებილმა ხალხმა და ასობით ხელი ჩემსკენ გამოიწია. მაშინ თეთრი სირმებით გაწყობილი საქორწილო კაბა მეცვა. ფატა ბავშვობიდან არ მომწონდა და უარი განვაცხადე. თავზე თეთრი, სპეტაკი აბრეშუმის მანდილი მეხურა. იმ დროს გადაღებული ფოტოები ვისაც კი დავათვალიერებინე, ყველამ აღნიშნა: ამ სურათში ღვთისმშობელს რა ძალიან გავხარო?!” თეთრ მანდილში საოცრად ფრესკული იერი მქონდა და ღვთისმშობელს მართლაც ძალიან წავაგავდი. ახლა საროსკიპოს ქალს უფრო ვგავარ, ვიდრე ღვთისმშობელს. ჩემი საყვარელი ვერხვის ხეც კი ფოთლებისა და ხელისგულების ნელი რხევით ემშვიდობება იმ ქალურ თავმოყვარეობასა და კდემამოსილებას, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ შემოვიტანე ამ ეზოში. მაშინაც სწორედ ენკენისთვე იდგა.

ლეშივით დამძიმებული სხეული საწოლიდან ძლივს ავითრიე, წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ჩემი ბიჭები მეზობლის კედლის ძირში მიგდებულ, გადაჭრილ ხეზე ისხდნენ. ნამტირალები თვალები ამოწითლებოდათ. პატარას ხელში უცხოური, ფოჩიანი კანფეტები ეჭირა. ისეთივე კანფეტები უფროსის ფეხის წინ მიწაზე ეყარა. ეტობა, იმ მხეცებმა გავშვებს კანფეტები მოუკითხეს, მაგრამ ბავშვები მათ კანფეტებს არ ჭამენ, ბავშვები მტრის მიერ ნაჩუქარ კანფეტს უარყოფენ. მათ, იქნებ, მტრის მიერ შეურაცხყოფილი დედაც უარყონ. ამ ფიქრმა ნერვიულობისაგან დათენთილ გულში ისარივით გაიარა.

მათ ასე არ უნდა დამინახონ. ბავშვებმა გაუბედურებული დედა ასე არ უნდა ნახონ, გამიელვა თავში და წყლისკენ გავქანდი. აბაზანის კარი შიგნიდან დავკეტე და ნატანჯ სხეულზე ცივი წლის ჭავლი გადავივლე. ცივი წყლით ღონემოცემული მოვდექი და კანის გაძრობამდე ვიხეხე. სხეული უკვე მეწვოდა, მაგრამ მაინც გამეტებით ვიხეხავდი, რათა მტრის ხელისა და სხეულის შენახები ყველა ადგილი ბოლომდე ჩამომებანა. სხეულის დაბანა შეიძლება, მაგრამ სული....?! სულს რა ჩამობანს ამ სიბინძურეს?!!

როცა ტანს ვიმშრალებდი, მივხვდი, რომ კვლავაც სიცოცხლეზე ზრუნვა და სისუფთავის ქალური ინსტინქტი მამოძრავებდა და თვითმკვლელობას ვერ შევძლებდი.

ოთახიდან, რომელშიც მული შეიყვანეს, ქვითინის ხმა მომესმა და კარი შევაღე. მოძალადეებს ტახტი ოთახის ცენტრში გამოეთრიათ და მასზე ტანსაცმელშემოფლეთილი მული პირქვე დამხობილიყო. იატაკზე მისი სამოსის სისხლიანი ნახევები ეყარა. ხელი მოვკიდე და ძლივს გადმოვაბრუნე. ტირილისაგან თვალები დასიებოდა. ტუჩებიც ჩაწითლებული და შესიებული ჰქონდა. ქვედა ტუჩი კი გახეთქოდა და სისხლი სდიოდა. ალაგ-ალაგ მუქი ფერის სისხლჩაქცევები ემჩნეოდა. ხალათი ჩავაცვი და სახე ცივი წყლით მოვბანე. როცა ცოტა მოიხედა, დაბლა ჩავედით.

მეზობელს ბავშვები თავისთან შეეყვანა, დედამთილის გვამისთვის კი ზეწარი გადაეფარებინათ. ცრემლი იმდენად გაგვშრობოდა, რომ ვერც მე და ვერც მულმა ცრემლით ვეღარ ვიტირეთ. მეზობლის დახმარებით იქვე ეზოში საფლავი გავჭერით. მიცვალებული როგორც შევძელით, ისე გავაპატიოსნეთ, მერე ზეწრებში გავახვიეთ და ასე უცრემლოდ მიწას მივაბარეთ.

ბინაში ავედით, სადაც ყველაფერი თავდაყირა იდგა და საშინელი სუნი შეგუბებულიყო. ფანჯრები გამოვაღე და ცოტა მივალაგ-მოვალაგე. ბავშვები უხმოდ ამოვიდნენ. ოთახში დამნაშავეებივით შემოიტუზნენ და ერთად დასხდნენ. ხმის ამოუღებლად, უტყვად ვისხედით და ერთმანეთს მზერას ისე ვარიდებდით, თითქოს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის ბრალი ყოფილიყო. საწყალობლად მობუზულ მულს გაფართოებულ თვალთა მზერა ერთი წერტილისათვის გაეშტერებინა. იგი ჩემზე გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან მისთვის კაცი უცხო იყო და მასთან შესახვედრად ჯერ მხოლოდ ქვეცნობიერულად ემზადებოდა. ქალიშვილებმა ხშირად იციან მამაკაცებზე ოცნება და მათთან პირველ შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული სითბოსა და სინაზის ალმურში წარმოიდგენენ, ხოლმე. ახლა კი ეს ოცნებები ერთბაშად დაიმსხვრა და თვრამეტი წლის ქალიშვილის ცხოვრებაში მამაკაცი ყველაზე უფრო ამაზრზენი, უხეში და საზიზღარი ძალადობით შეიჭრა. ზღაპრული წარმოდგენებიდან კოშმარულ რეალობასთან უცაბედი შეხეთქება იმდენად სასოწარმკვეთი იყო, რომ საწყალს ნამტირალევი თვალები არანორმალურობამდე გაფართოვებოდა და შიგ ისეთი სულისშმძვრელი ტკივილი ჩადგომოდა, რომ იმის მსგავსი არსად არავისთვის შემიმჩნევია.

ოთახის სიჩუმეში მწარე ფიქრისა და საკუთარ თავში ჩახედვის ჟამი გარინდულიყო. უცებ, ჯვარი გამახსენდა. ბალიშის ქვეშიდან გამოვიღე, უმცროს შვილთან მივედი და ყელზე ჩამოვკიდე. მან კარგად იცოდა ამ ჯვრის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და როცა საკინძე გამოვუწიე და მკერდთან ჩავუცურე, გაკვირვებულმა შემომხედა. მიხვდა, რომ მოხდა რაღაც დიდი, იმდენად დიდი, რომ მისი ბავშვური გონება ვერ გააცნობიერებდა; ცნობისმოყვარე მზერით მიყურებდა და ჩემგან რაიმეს თქმას ელოდა, შეკითხვა კი ვეღარ გამიბედა.

- აწი შენ ატარე, შვილო, ეს ჯვარი და ღმერთს არასოდეს მიეტოვებინე! ეს სიტყვები ლოცვასავით ხმადაბლა წარმოვთქვი და რახან გული უკვე ყელში მომებჯინა, ბავშვებს გავერიდე.

სახლში კვლავაც სამარისებური სიჩუმე იდგა, როდესაც კიბეზე ჩექმბების ბრახა-ბრუხით მომხდურთა ახალი ჯგუფი ამოვიდა. მათაც ნაალაფარი საჭმელ-სასმელი მოიტანეს და სუფრის გაშლა გვიბრძანეს. ბავშვებს, ”წამოდით, ავტომატი გასროლინოთო”, უთხრეს და ეზოში გაიყვანეს. მცირე ხნის შემდეგ ავტომატის რამდენიმე გასროლის მჭახე ხმა გავიგონე. მომხდურებმა ცოტა წაიხემსეს და არაყიც გადაკრეს. ცალკე ოთახში მული გაიყვანეს, ცალკე მე დამიმარტოხელეს და ყველაფერი ტავიდან დაიწყო. უკვე კარგად ვიცოდი, რომ მათთან ძალით წინააღმდეგობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომ შებრალებას ცრემლითა და მუდარით ვითხოვდი. მაგრამ ვერ იქნა და მოძალადეებს გული ვერ მოვულბე. ჩემი თხოვნა-მუდარა კედელსშებნეულ ცერცვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანებთან ლაპარაკს. იმ ღამემაც ცრემლის, ქვითინისა და შეურაცხყოფის მორევის გამუდმებულ ბრუნვა-ტრიალში გაიარა. მაგრამ ერთი, ჩემთვის უკვე მოულოდნელი შემთხვევაც მოხდა:

ჩემთან კიდევ ერთი ახალი მოძალადე შემოვიდა, რიგით აღარ ვიცი, უკვე მერამდენე იყო. მასაც შებრალება ვთხოვე და მოულოდნელად შეჩერდა, ჩამუქებულ ქუთუთოებსა და ცრემლის სიმლაშისაგან ამოღამებულ თვალებში ჩამხედა. დაინახა ჩემი მიმტკნარებული სახე, ღონემიხდილი, უსიცოცხლო სხეული, ის მწარე განცდა, რომელიც მათი ძალადობის გამო მაწვალებდა და შორიახლოს სკამზე ჩამოჯდა. ფოცხვერივით მკვირცხლ თვალებში ადამიანური სიბრალული პირველად დავინახე. შემოსულმა ნუგეშისმომცემი სიმშვიდით დაიწყო იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო.

- სისატიკე, ძალადობა და დაუნდობლობა ომისთვის ძალიან ჩვეულებრივი თვისებებია. ამიტომ მას მოთმინებით უნდა შეხვდეო, მითხრა მან და განაგრძო - არავისთან წამოგცდეს, რომ შენთან ცხოვრების შანსი არ გამოვიყენე, თორემ ასეთი ჰუმანურობა შეიძლება ჩემთვის უსიამოვნების საფუძველიც კი გახდესო.

იგი ერთხანს კიდევ იჯდა და რაღაცას მელაპარაკებოდა. იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ მისი სიტყვები სადღაც შორიდან მესმოდა და ვეღარ ვარჩევდი. მაგრამ მის თვალებში ჩამდგარი სიბრალული იმედს მაძლევდა და ნელ-ნელა სიმშვიდეს მიბრუნებდა.

გონების ნისლოვანი სამყაროდან აზრმა მოძრაობა დაიწყო, გამოილანდა და თანდათან სახიერი გახდა: ესენი, ყველანი უბრალო ჭანჭიკები არიან ბოროტების იმ მანქანისა, რომლსაც ომს ვუწოდებთ. უმდენად უბრალონი და უუფლებონი, რომ დამოუკიდებლად ქალთან ცხოვრება-არცხოვრების გადაწყვეტაც კი უჭირთ. ამაშიც კი ვიღაცის ინტერესებს ითვალისწინებენ და ვიღაცას უფრთხიან. ისინი იმდენად ორგანულად არიან შერწყმული ბოროტების საერთო მექანიზმს, რომ თვითნებურად ყოველი ადამიანური გადახვევა ლამის დანაშაულად ეთვლებათ.

ომის ყველაზე უფრო დიდ საშინელებას, ალბათ, ის წამოადგენს, რომ მას ადამიანების გამხეცებისა და გაცხოველების იშვიათი უნარი შესწევს. ეს იმდენად ძლიერი უნარია, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი მიჩნდება, - ეს მომხდურები, საერთოდ, როდისმე თუ იყვნენ ადამიანები? თუ არსებობდა ბუნებაში ისეთი დრო და ადგილი, სადაც ისინი მოხუცი დედის შვილად იგრძნობდნენ თავს ან ახალგაზრდა გოგონას ნდობას განიცდიდნენ, ან ნორმალური ოჯახის დიასახლისის ქმრობასა და მეუღლეობას წევდნენ და ბავშვობის მიმართ მამაშვილურ დამოკიდებულებას თუ ატარებდნენ?!!

ჩემს სარეცელზე მოძალადეთა ურთიერთმონაცვლეობა იმდენად შთამბეჭდაბვი იყო, რომ მაშინაც კი, როცა ისინი სადღაც გაიკრიფებდონენ, თვალიდან არ მცილდებოდა მათი მაღალი, დასხეპილილი, ნადირივით მძვინვარე სხეულები, მოშვებული წვერი და ცეცხლოვანი თვალები, რომელსაც აზროვნების ნიშან-კვალი არ ეტყობოდა.

დილით ეზოში უცხოური მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა შემოვიდა და სიგნალი მოგვცა. საჭესთან მჯდომმა სამხედრო ფორმიანმა დაბლა ჩასვლა მიბრძანა. მანქანასთან მიახლოებისას ვიცანი, რომ ეს ის მომხდური იყო, რომელმაც ჩემთან შეურაცხმყოფელ კავშირზე თავი შეიკავა. მან მანქანაში ჩაჯდომა და გაყოლა მკაცრდად მიბრძანა. როცა ვიუარე, არც კი დაფიქრებულა, პისტოლეტი ისე მომიღერა. ოთახის ხალათითა და ჩუსტებით მანქანაში ჩავჯექი და გუდაუთისაკენ დავიძარით.

- მე შენ მომწონხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდე, დაიწყო მან, - გუდაუთაში სახლი მაქვს, დროებით იქ ვიცხოვრებთ, შემდეგ კი ჩერქეზეთში წაგიყვან.

ავუხსენი, რომ ჩემი ხელახლა გათხოვება არ შეიძლებოდა, რადგან ქმარიც მყავდა და შვილებიც.

- ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.

შევატყვე, რომ ჩემი მდგომარეობის გაგებას არ აპირებდა, ამიტომ ვეცადე, ჩემს მიმართ ზიზღი გამეღვიძებინა:

- ჩემი ცოლად წაყვანა როგორღა შეიძლება, როცა ჩემთან თითქმის ყველა შენმა თანამებრძოლმა იცხოვრა-მეთქი.

- ეგ შენი ბრალი არ იყო და ამიტომ ამის გამო პასუხი შენ არ მოგეთხოვებაო, მიპასუხა.

შევატყვე, მასთან წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა და მოვლენათა დინებას დავმორჩილდი. გზაში დამარიგა, როდესაც გუდაუთაში მივიდოდით, ლაპარაკზე თავი უნდა შემეკავებინა, რათა ჩემი ქართველობა არ გამჟღავნებულიყო.

სოხუმიდან გუდაუთამდე გზა შეუფერხებლად გავიარეთ და ორსართულიანი, ლამაზი სახლის ეზოში გავჩერდით. სახლში საშუალოზე საკმაოდ მაღალი, ახოვანი ტანის ჩერქეზი ქალი დაგვხვდა, რომელიც ჩემი ახალი საქმროს ცოლად გამეცნო. მცირე ხნის შემდეგ ათი-თორმეტი სტუმარი მოიწვიეს და სუფრას მივუჯექით. სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზები, რუსები, და რა თქმა უნდა, ჩერქეზები.

ერთმა აფხაზმა, რომელსაც მკერდზე სამი დაღუპულის სურათი ჰქონდა მიმაგრებული, თქვა; - ვიტალი გეძბას, ალბათ, თქვენც იცნობთ. მისი ერთი და სოფელ ვარჩეში ცხოვრობდა. საწყალი, ფეხმძიმედ იყო, თურმე. უფ, ქართველ ჯარისკაცებს გამოუყვანიათ და მისთვის მუცელი გაუფატრავთ. იქიდან ამოყვანილი ჩვილი დედის თვალწინ ცეცხლში ჩაუგდიათ. აბა, მაგათი დანდობა და შებრალება როგორ იქნებაო?!!

- საიდან იცით, რომ ვარჩეში ასეთი საშინელება მოხდა და ის ქართველებმა ჩაიდინეს? სხვათა მოგონილს ასეთი დაეჭვების გარეშე როგორ იჯერებთ-მეთქი, ჩავერთე საუბარში. ჩემმა წამონთებულმა სახემ და გაწიწმატებულმა ტონმა მაგიდის წევრები შეაცბუნა და ჩემი ეროვნული წარმომავლობით დააინტერესა, რის გამოც ჩემმა კავალერმა გვერდით ოთახში გასვლა მიბრძანა. შესვლისთანავე შემომივარდა მისი ჩერქეზი ცოლი და ყელში მწვდა.

- ქართველო ძუკნა, საკუთარი ხელით ამოგხდი სულს, შენ ჩემი ადგილის დაჭერას ვერ ეღირსებიო.

ძალიანაც რომ მომენდომებინა, იმდენად არაქათგაცლილი ვიყავი, რომ იმ ზორბა ქალს წინააღმდეგობას მაინც ვერ გავუწევდი. იატაკზე ჩვარივით მოწყვეტილი დავეშვი. მისი დიდრონი ხელები ყელზე ღონივრად შემომეჭდო, ზევიდან მუხლებით შემდგა და გააფთრებული პირიდან ლანძღვასა და ნერწყვის შხეფებს მაყრიდა. სიმწრისაგან ვიწმაწნებოდი, მაგრამ თავის დახსნას ვერა და ვერ ვახერხებდი. თვალებში დამიბნელდა და უკვე გონებას ვკარგავდი, როდესაც ჩემი კავალერი შემოვარდა. გააფთრებული ქალი მაშინათვე ამაგლიჯა და ეზოში ჩაიყვანა. იქ ყველას თანდასწრებით ბოლომდე გააშიშვლა, ტყავის გრძელი ქამარი შეიხსნა და ცემა დაუწყო. ფანჯრიდან საოცარი დასანახი იყო: ხალხით სავსე ეზო; ქალის უზარმაზარი, დედიშობილა შიშველი,  ქათქათა სხეული; გრძელი, მძიმე, გაშლილი შავი თმები და ქამრის ღონიერი ტყლაშუნი. გაცეცხლებულ ჩერქეზს მარცხენა ხელით შიშველი ქალი მკლავიდან ეჭირა, მარჯვენით კი ქამარს გამეტებით აზუზუნებდა. ქალი სიმწრისაგან იგრიხებოდა და ხტოდა, მაგრამ კრინტსაც არ იღებდა.

გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი დაშოშმინდა. მოქეიფეები სუფრას დაუბრუნდნენ. ქალმა ტანსაცმელი ეზოშივე ჩაიცვა და ამოვიდა. სახეზე გააფთრებული იერის ნაცვლად, ტკივილისა და შეურაცხყოფილის საწყალობელი გამოხედვა ჰქონდა, ცერად გადმომხედა და დაბალ ხმაზე გამოსცრა:

- შენ მაინც არ გაცოცხლებ, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი ადგილი დაიკავე, არამედ შენი გულისთვის რომ დავისაჯე, ამასაც არ გაპატიებო.

სტუმრებს შორის ერთი ასაკოვანი, დარბაისელი აფხაზი ქალი ტრიალებდა, რომელსაც საშუალება მომეცა თუ არა, გული გადავუშალე: ავუხსენი, რომ სოხუმში ოჯახი მყავდა. აქ ძალადობით ვიყავი წამოყვანილი და ამ თავზხელაღებული ჩერქეზის ცოლობის არავითარი სურვილი არ მქონდა. იგი დახმარებას შემპირდა. გვიან ღამით, როცა მაგიდის წევრები უგონოდ მთვრალები საძილედ მიეყარნენ, ხელი ჩამკიდა და საავტომობილო ტრასაზე ჩამიყვანა. სოხუმისკენ მიმავალი პირველივე მანქანა გააჩერა და ჩემი წაყვანა სთხოვა, მე კი გამაფრთხილა:

- სოხუმში არ გაჩერდე, თორემ ეს ჩერქეზი მოგძებნის და თუ გიპოვა, ამ გაპარვისთვის სასტიკად დაგსჯისო.

დავბრუნდი სახლში, სადაც კარზე აბრა დამხვდა გაკრული, მასზე ”პრეს პუნქტი” და ორი აფხაზური გვარი იყო მიწერილი. შინ მომხდურთა ძალადობით დაქანცული მული და განსაცდელისაგან აწურული ბავშვები დამხვდნენ. თვალში იმედის ნაპერწკალაკიაფებულმა მულმა მითხრა, რომ ჩვენი აფხაზი მეზობლები დაბრუნებულიყვნენ. ისინი საკმაოდ კარგი პიროვნებები იყვნენ და ოჯახიც ნორმალური ჰქონდათ. ომამდე მათთან ვმეზობლობდით. ომის დროს კი აქაურობას გაერიდნენ და ბინა ჩვენ ჩაგვაბარეს. სანამ შევძელით, ყურადღებას ვაქცევდით და ვიცავდით, მაგრამ როდესაც საამისოდ უძლურნი აღმოვჩნდით, სხვა მრავალთან ერთად, მათი ბინაც გატეხეს. აფხაზთა ოჯახს ჩვენგან კეთილმეზობლობა ახსოვდა. რის გამოც, ჩვენი დაცვის მიზნით, კარებზე აბრა გაეკეთებინათ. დილით კი მულსა და ბავშვებს ადლერის მხარეს გაყვანას შეპირებოდნენ.

შუაღამე გადასული იყო, როცა მებრძოლთა გამომთვრალი კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა. კარზე გაკრული აბრა აგლიჯეს და შემოცვივდნენ. ცალკე მულთან და ცალკე ჩემთან ყველაფერი თავიდან დაიწყო. მომხდურები მაჰმადიანური წესის თანახმად, პირად ჰიგიენას თითქოს დიდ ყურადღებას აქცვედნენ, მაგრამ მათი ოფლის სუნი სულს მიხუთავდა. იოტისოდენა სიამოვნების გრძნობაც კი არ ჩნდებოდა. მაგრამ იყო ერთი მომენტი, როდესაც მამაკაცთა ურთიერთმონაცვლეობის მიმართ ერთგვარი შეგუების მსგავსი გრძნობა გამიჩნდა და მოულოდნელად ნაცნობი ჟრუანტელი ვიგრძენი, რომელიც სადღაც სხეულის სიღრმიდან აღიძრა და ზმორებისათვის დამახასიათებელი გადამდებლობით მთელს ტანს მოედო. გულისცემა აჩქროლდა და გაძლიერდა. სისხლის ძლიერი ნაკადი თითქოს წელსქვევიდან დაიძრა და თავში ავარდა. სახეზე ცეცხლოვანი სიმხურვალე მომედო. სხეული უნებურად დაიძაბა და დაიჭიმა. თვალები დახუჭული მქონდა და აშკარად ვიგრძენი, ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში ბნელეთის უფსკრულისაკენ რაოდენ დიდი სისწრაფით ვეშვებოდი. სიჩქარე თანდათან იზრდებოდა და დაშვება ძლიერდებოდა. ერთ მომენტში თავშეკავება ვცადე, მაგრამ სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი. საფეთქელთან სისხლის მძვინვარებას ვგრძნობდი და ყურებში ზღვის შორეული სრიალი ისმოდა. გონება მსუბუქ ნისლში გაეხვა. დაშვება კიდევ გაძლიერდა, გაიზარდა, აჩქარდა, აჩქარდა, აჩქარდა და ბოლოს წყვდიადის უფსკრულთან საამო შეხება ვიგრძენი. თითოს განასკვული სისხლძარღვები ერთბაშად გაიხსნა და გათავისუფლდა. აცეცხლებული სისხლი ტანში თავისუფალი თქრიალით გაიშალა. სხეულს ნამძინარების მოთენთილობა დაეუფლა. ღრმად ამოვისუნთქე, თვალები გავახილე და ერთბაშად გამოვფხიზლდი. თვალს მომხდურის წამოფოფრლი სხეული შეეფეთა და ეს უსიამოვნო რეალობა ცივი წყალივით გადამევლო. მან ზევიდან გამიღიმა და საჩვენებელი თითი ცხვირის წვერზე მომითათუნა. მის შავ წვერთან თეთრი კბილები კიდევ უფრო მეტი სითეთრით ელვარებდნენ.

მომხდურის გაღიმებული სახის დანახვისას უცნაური სირცხვილი ვიგრძენი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თითქოს უცხო ოჯახიდან ძვირფას ნივთს ვიპარავდი და პატრონმა წამასწრო. თავი გვერდზე გადავწიე და მომხდურის მზერას მოვერიდე, მაგრამ სირცხვილის საშინელ განცდას ვეღარსად დავემალე. ეს ისეთი გრძნობა იყო, რომ საწოლზე გაშხლართულ საკუთარ სხეულში ყოფნა აღარ მსურდა, რადგან ეს მოშვებული სხეული ჩემში სიძულვილის მეტს აღარაფერს იწვევდა. იგი საშინლად მძულდა მასში აბობოქრებული ჟრუანტელის გამო, რომელიც სინდისს მიწვავდა და სულს მიმძიმებდა. ვერა და ვერ ვეგუებოდი იმას, რომ სახლში შემოჭრილ მტერთან ქალის წუთიერ თავდავიწყებაში ჩავიძირე.

საკუთრი სხეულის სიძულვილი თანდათან სიბრალულით შემეცვალა. შემებრალა და შემეცოდა სუსტი სხეული, რომელსაც მის წინააღმდეგ აღძრული ძალადობის შესაჩერებლად არავითარი უნარი არ გააჩნდა. იგი არა მარტო ამ ძალადობის მიმართ იყო უსუსური, არამედ საკუთარი ადამიანური ვნებაც კი ვერ მოთოკა. უსუსურობის შეგრძნებამ ყველაფრისა და ყველას მიმართ სიძულვილი აღმიძრა. ჩემი ამ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო ყველას ვადანაშაულებდი. ეს გრძნობა გონებაში სიგარეტის კვამლივით იშლებოდა და იზმორებოდა.

მტერი მტერია და მას პასუხი ნაკლებად მოეთხოვება, მაგრამ თქვენ, რომლებიც მოყვარედ იწოდებით, ჩემი და ჩემისთანა უსუსური ქალების დასაცავად რა გააკეთეთ? ასეთი საშინელი დამცირების, შეურაცხყოფისა და სირცხვილისათვის რატომ გაგვიმეტეთ? მე ერთი ვარ და ერთი ქალის ტრაგედია თქვენი სულისა და სინდისის შესარხევად შეიძლება საკმარისი არ არის, მაგრამ ჩემს გვერდით არის მეორე, მეათე, მეასე და რა ვიცი, კიდევ მერამდენე, რომელსაც ტანზე სპეტაკი თეთრეული ჩაახიეს და ნამუსი ახადეს. ჩვენ ხომ თქვენი დები, შვილები, ცოლები და ახლობლები ვართ, როგორ გაგვიმეტეთ, როგორ ჩაგვყარეთ ამ ჯოჯოხეთში, სადაც ფიქრი სინდისის საშინელ ქენჯნასა და თვითმკვლელობას შორის ქანქარის მსუბუქი მოძრაობით ირწევა. ეს პატარები როგორღა გაწირეთ, მათ ხომ სიწმინდისა და პატრიოტული ლექსების მეტი ჯერ არაფერი იციან და მოულოდნელად მათთვის ყველაზე უფრო ძვირფასი პიროვნება მტრისგან ნამუსახდილი და გაბახებული შერჩათ.

გასაგებია, რომ ომი ყველასათვის ომია, მაგრამ იგი ბავშვებისა და ქალებისათვის კიდევ უფრო დიდი საშინელებაა. ისეთი საშინელება, რომელიც ადამიანში ყველაზე უფრო ადამიანურს სისხლიანი ხელებით მუსრავს. ადამიანობაჩამკვდარი ადამიანები კი რაღაა, თუ არა ცოცხალთა ის სასაფლაო, სადაც სიწმინდე, პატისონება და კეთილშობილება მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს.

დილით მოძალადეები ჯერ კიდევ არ წასულიყვნენ, როდესაც ჩვენი კეთილმოსურნე აფხაზები მანქანით მოვიდნენ. თავიანთ მიერ გაკეთებული აბრა მოგლეჯილი ნახეს და ამისთვის მომხდურებს ეჩხუბნენ. მაგრამ მათზე ამ ჩხუბს დიდი არაფერი გავლენა არ მოუხდენია. ბურტყუნით აისხეს იარაღი და ქალაქში გავიდნენ. ქალაქს ვამბობ თორემ, ერთ დროს ულამაზეს სოხუმს, რომელთანაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, ქალაქისა აღარაფერი ეტყობოდა. მისი ხალხმრავალი ქუჩები საერთოდ დაცარიელებულიყო და მხოლოდ მშეირი ძაღლებივით გაბოროტებული მომხდურთა მებრძოლები დაძრწოდნენ. ირგვლივ ყველაფერი აფეთქებული, დამწვარი და გაპარტახებული იყო. სოხუმი ნანგრევების ქალაქს წარმოადგენდა, სადაც სოხუმელთათვის ტრადიციული კეთილმოსურნე მზერა საერთოდ გამქრალიყო და ირგვლივ მხოლოდ შფოთს, წივილ-კივილს და ცრემლს დაესადგურებინა.

აფხაზებმა დიდიან-პატარიანად მანქანაში ჩაგვსვეს და ადლერისაკენ გაგვამგზავრეს. შეუფერხებლად გავიარეთ ეშერა, ახალი ათონი, გუდაუთა, გაგრა, ლესელიძე და საზღვარს მივადექით, სადაც საბუთების გაფორმებისა და გასვლის რიგში მანქანების გრძელი რიგი იდგა. ჩვენი აფხაზი გამცილებელი მანქანიდან გადავიდა და საქმის მოსაგვარებლად საბაჟოს მუშაკებს მიუახლოვდა.

ჩვენ ფიქრთან, დარდთან და სიჩუმესთან კვლავ მარტო დავრჩით. გზაში ყურადღება მიიქცია ერთმა გარემოებამ: როგორც კი გუმისთის ხიდს გუდაუთის მხარეს გადმოვცდით, არემარეს ომის არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა, ისეთი აფეთქებული და გადამწვარი სახლები, როგორიც სოხუმში დავტოვეთ, აღასად ჩანდა. აქ ომს მხოლოდ აქა-იქ თვალმოკრული სამხედროფორმიანი და მათი ყავისფერი საბრძოლო ტექნიკა თუ შეგახსენებდათ. ერთი მომხდურის ცინიკურად ნათქვამი გამახსენდა:

- თქვენი ნასროლი ჭურვები სულ ზღვაში ცვიოდა, რომელიც მხოლოდ ტევზებს ხოცავდა და წყლის ზედაპირზე  ყრიდა. მერე ადგილობრივი მეთევზეები ნავით შედიოდნენ და ყოველდღე ახალ თევზებს კრებდნენო.

მახსოვს, სოხუმიდან აქეთ ისეთი სროლის გნიასი ატყდბოდა ხოლმე, რომ იქ მყოფები გულუბრყვილოდ ვფიქრობდით: ასეთი სროლით მოწინააღმდეგის მხარეს, ალბათ, ქვას ქვაზე დაადუღებდნენო. ჩვენ ვფიქრობდით და როგორ იტყვიან, ღმერთი იცინოდა.

ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც კარი მოულოდნელად გაიღო და წვერგაბურძგნულმა მებრძოლმა თავი სალონში შემოყო. ჩვენ სახლში ხშირი სტუმრობის გამო მისი სახე კარგად დამამახსოვრდა და პირველი შეხედვისთანავე ვიცანი. ჩვენ მათთვის ღირსებააყრილი ის უგვარო და უსახელო პიროვნებები ვიყავით, რომლებსაც სახელის ნაცვლად მისამართით მოგვმართავდნენ. ასე მაგალითად, თუ ლაკობას ქუჩის თოთხმეტ ნომერში ვცხოვრობდით, ლაკობას თოთხმეტს გვეძახდნენ. იმ მებრძოლმაც სწორედ ასე მოგვმართა, როდესაც მანქანიდან გადასვლა და უკან გაბრუნება გვიბრძანა.

- ჩვენი მოტყუება და გაპარვა აგრე არ უნდაო.

თუ აქამდე მათი ხელიდან თავდახსნის გზებს მოთმინებით ვეძებდი, ეხლა, როცა უკვე თითქმის ფინიშთან ვიყავით მისული, ნერვებმა მიმტყუნა. მანქანიდან გადმოვხტი და მთელი ხმით ვუყვირე:

- მესროლე, მესროლე, თუ ვაჟკაცი ხარ. მე ცოცხალი თავით აღარსად წამოგყვები! მესროლე და დამასვენე ამ ჯოჯხეთისგან!

ჩემს ისტერიულ ყვირილზე მანქანებიდან ხალხი გადმოვიდა და ჩვენს გარშემო მოგროვდა. იმ წუთში მართლა ძალიან მინდოდა, რომ ესროლა და ყველაფერი დასრულებულიყო. ჩემმა ასეთმა გულწრფელმა ისტერიამ ჩერქეზ მებრძოლში, რომელსაც კიდევ ერთი მეომარი ახლდა, თანაგრძნობა გააღვიძა. მან მუქარის ნაცვლად აქეთ დამიწყო დამშვიდება.

- შენ რომ ასლანს სახლიდან გამოეპარე, თავი ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო. მაშინათვე სოხუმში ჩავიდა; იქ თქვენი ბინის დატოვებისა და წამოსვლის ამბავი შეიტყო და გაბრაზებულმა მთელს სახლს ცეცხლი წაუკიდა. ჩვენ კი სასწრაფოდ საბაჟოზე გამოგვაგზავნა. სანამ იქ გავიდოდნენ, შეიპყარით და უკან დააბრუნეთო. იქ წასაყვანად აღარ მემეტები, მაგრამ ერთი პირობით, არასოდეს დაგცდეს, რომ ჩვენ აქ შეგვხვდითო.

ის მანუგეშებდა და რაღაცას მელუღლუღებოდა, მაგრამ გული ისე ამომიჯდა, რომ აღარაფერი მესმოდა. ბოლოს ჯიბიდან 50 000 მანეთის კუპიურა ამოიღო და გამომიწოდა. კუპიურა იმდენად ახალი იყო, რომ ჯერ არც გაკეცილიყო. მე ასეთი კუპიურის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი და უნებურად კრემლის თავზე მოფრიალე რუსეთის სამფეროვანი დროშის გამოსახულებაზე თვალი გამიშტერდა. - აიღე, წინ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა გელით და რა იცი, სად გამოგადგებათო. მომხდური ყავარივით გაშეშებულ კუპიურას ალალად გვთავაზობდა და როცა ჯიბეში ჩამიცურა, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია.

ჩვენი გამცილებლის წყალობით, აფხაზთა საბაჟო წინააღმდეგობის გარეშე გავიარეთ. რუსეთის საბაჟოზე კი, როგორც იტყვიან, ტყავი გაგვაძრეს:

შენობიდან გამოვიდა საბაჟოს უნიფორმაში გამოწყობილი ჩასუქებული, შუახანს მიტანებული ქალი, რომელიც პირველად მე მომიახლოვდა და ჩხრეკა დამიწყო. მხრებზე და მკერდზე ხელები ენერგიულად მიმისვ-მომისვა, წელსა და ბარძაყებს ჩაყვა, ფეხებს შორის ხელის ღონიერი მოძრაობისგან მომეღატუნა და უხერხულად დავიგრიხე. მე თავი დამანება და მულს მიუბრუნდა. მასზე თითქოს თავიდანვე იეჭვაო, ჯერ ზევიდან ქვევით ყურადღებით ჩაათვალიერა, მერე მკერდს დაუბრუნდა. - მისი მკვრივი ქალწულებრივი ძუძუები, რომელიც უკვე ერთბაშად მორბილებული, მოწელილი იყო, ხელებით მოსინჯა და ვულგარულად მობურჯგნა. ბოლოს ორივე ხელი კაბის ქვეშ შეუყო, სარცხვინელთან მოუსვა და წამით გაირინდა.

- ოოო, ლამაზო, წარმოთქვა მან დაეჭვებულის ღიმილით და ხელი ტრუსში ჩაუყო, საიდანაც ცელოფანში გადახვეული ძვირფასეულობა ამოაცალა. იქვე გაშალა, ჩემი ქორწინების ოქროს საათი ამოიღო და ზედ დახედა.

- ეს გაჩერებული საათი აბა, რა წასაღებია, ”გენაცვალე”? იგი რუსულად ლაპარაკობდა და უკანასკნელი სიტყვა იმდენად გატყლარჭულად წარმოთქვა, რომ ”გენაცვალე” მეც შემძულდა.

- ჩვენთვის საათიცა და დროც უკვე კარგა ხნის გაჩერებულია, გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა მულმა.

- დრო წავა, გოგონა, შენ ნუ გეშინია, დრო აუცილებლად წავა, საათი კი ჩვენთან დარჩება, - უპასუხა მჩხრეკავმა, რომელიც, ეტყობოდა, მხიარულ გუნებაზე იყო და სახიდან ცინიკურ ღიმილს არ იცილებდა, ჩვენი გაჩერებული საათი ცელოფანში ჩააგდო. იქიდან უძველესი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ამოიღო და ჩვენს თვალწინ თითზე მოირგო. ჩვენთვის უკვე ყველაფერი იმდენად სულერთი იყო, რომ ძვირფასეულობის ჩამორთმევას თითქმის უემოციოდ შევხვდით. ჩხრეკის პროცესში ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ერთი ფაქტი, რომელსაც ვერ ვიტყვი, რომ ასე უემოციოდ შევხვდი. როდესაც მულს მჩხრეკავი წელს წვემოთ ხელებს უფათურებდა, კაბა მთლიანად აწეული ჰქონდა და მისი თეთრი, აშხვართული ფეხები ბოლომდე გაშიშვლებული იყო, რასაც გასვლის რიგში მდგომი მამაკაცები გამოლენჩებული სახეებით უყურებდნენ. ჩემდა გასაკვირად, მული აბსოლუტურად გულგრილი გამომეტყველებით იდგა და სახეზე უხერხულობის განცდაც კი არ ემჩნეოდა. მისი ასეთი გულგრილობა სრულებით მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე მას სულ სხვა ხასიათი ჰქონდა.

როდესაც მე მათ ოჯახში მივედი, იგი ჯერ კიდევ ბაფთიანი გოგონა იყო, რომელსაც საშინაო დავალებების მომზადებაში ვეხმარებოდი. მერე ჩემს თვალწინ გაიზარდა და დაქალდა. სიმწიფეში შესვლასთან ერთად ისეთი მოკრძალებული გახდა, რომ ზღვაზე ბანაობისას ხალხმრავალ ადგილებს ერიდებოდა ან მოსაღამოებას უცდიდა, რათა სანაპირო ხალხისაგან გათავისუფლებულიყო. სხვათა თანდასწრებით გაშიშვლებას ერიდებოდა, რაც ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი გოგოებისთვის საკმაოდ იშვიათია. ეზოში ქარი კაბის კალთას თუ წამოუწევდა, საოცარი სიმკვირცხლით წასტაცებდა ხელს და სამოსის კიდეც დაბლა ჩაქაჩავდა. ახლა კი ამდენი ხალხის თვალწინ კაბაწამოხდილი იდგა, ტანზე ამოწკვართულ თეთრი ფერის ტრუსში ხელებს უფათურებდნენ და არც სირცხვილისა და არც უხერხულობის განცდა არ ეტყობოდა. მისმა იერმა ძლიან გამაკვირვა და  მივხვდი, რომ იგი ამ რამდენიმე დღეში საოცრად შეიცვალა. მისი ქალწულებრივი მოკრძალება და კდემამოსილება სოხუმში დარჩენილიყო. ეხლა უკვე ის გოგოობაგამწარებული ქალი იყო, რომელსაც სირცხვილი, როგორ იტყვიან, ფეხებზე ეკიდა. მის მოქმედებაში, ან უფრო მართებული იქნება, უმოქმედობაში ისეთი ვულგარული და პირუტყვული რაღაც იყო, როგორსაც მხოლოდ ომი თუ წარმოშობს.

საბაჟოზე ჩვენს შემდეგ ბავშვებიც გაჩხრიკეს და უმცროსს ჯვარი შეხსნეს. სხვაზე არაფერზე მითხოვია და იმაზე ნამდვილად შევეხვეწე:

- დაგვიბრუნეთ, ბავშვს ჯვარს ნუ წაართმევთ-მეთქი, მაგრამ არავინ შეისმინა.

ცარიელ-ტარიელი, მტრის მიერ ნაჩუქარი ერთადერთი კუპიურის ამარა მივედით ადლერის აეროპორტში, სადაც ”ორბის” სააგენტოს თვითმფრინავი თბილისში გასაფრენად ემზადებოდა. ტრაპთან მიახლოებისას გული დამიმძიმდა:

სად მივიდვარ, ვიღას ვჭირდები მე ასეთი პატივაყრილი და შეურაცხყოფილი, როდესაც საკუთარი შვილებიც კი თვალს მარიდებენ? რისთვის უნდა ვიცხოვრო? ნუთუ იმისთვის, რომ ეს კოშმარული მოგონება ვატარო? მას ხომ ჩემი მეხისერებიდან ვეღარაფერი ამოშლლის?

მაგრამ... ცხოვრება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სამარცხვინო დაცემის კერძო ტრაგედია.... ბავშვებს ხელი ჩავჭიდე და ტრაპზე ავედი.

გოგიტა მელიქიძე

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions