წიგნის პრეზენტაცია

 

14 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის - ”პირველი გალი და პირველგალელები” პრეზენტაცია. წიგნში მიმოხილულია ცნობილი სოფლის პირველი გალის სხვადასხვა თაობის მოღვაწეობა, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების რთულ პროცესს. ნაშრომში ასევე თავმოყრილია საინტერესო დოკუმენტური მასალა სხვადასხვა პერიოდის შესახებ.

 

ახალი ნაშრომის გამოცემას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია: ”ამასწინათ ავტორისგან საჩუქრად მივიღე წიგნი ”პირველი გალი და პირველგალელები” (თბილისი, 2015წ.). მისი ავტორია შესანიშნავი მამულიშვილი, გალის რაიონის საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, უაღრესად პატიოსანი და განათლებული ადამიანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ბატონი თამაზ ბასარია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია. საგულდაგულოდ ვემზადებოდი მასში მონაწილეობის მისაღებად. წიგნსაც საფუძვლიანად გავეცანი. მოულოდნელად შექმნილმა გარემოებამ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება არ მომცა, რის გამოც დიდად ვწუხვარ. მაინც გადავწყვიტე ბ-ნ თამაზ შევეხმიანო და მორიგი ბრწყინვალე ნაშრომის გამოცემა მივულოცო. იგი წარმოადგენს საქვეყნოდ ცნობილი სოფლის პირველი გალის, სხვადასხვა თაობის ღირსეული პირველგალელების, ათასობით სახელოვანი ადამიანის ხელთუქმნელ ძეგლს. ”პირველი გალი და პირველგალელები” იმ უიშვიათეს წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მნიშვნელობა ჟამთასვლის კვალობაზე უფრო და უფრო გაიზრდება. მისი კითხვისას, უდიდესი სიამაყე, მერე ტკივილი და, ბოლოს, იმედი გეუფლება. ყოველივე ამისთვის უღრმესი მადლობა ბ-ნ თამაზ ბასარიას”.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions