გაერთიანებული სხდომა უმაღლეს საბჭოში

 

1 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის, ასევე  საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაერთიანებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან.

სხდომის მთავარი განსახილველი თემა იყო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - ”განათლების უფლება გალის რაიონში, 2015 -2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები”.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის აღმოსაფხვრელად საჭიროა სერიოზული და მობილიზებული მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიცირებული კადრების მიერ სასწავლო პროგრამის შედგენასა და განხორციელებას. მნიშვნელოვანია ამ ურთულეს პროცესში არა მარტო საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას თქმით, გალის  მაცხოვრებლებისთვის დახმარების დროულად (ჯერ კიდევ) აღმოჩენა, ცხადია,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით უნდა მოხდეს, მაგრამ აფხაზეთის სტრუქტურებსა და საზოგადოებაში არის უზარმაზარი პოტენციალი იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მათ საკუთარი სიტყვა თქვან.

მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა გივი ლომინაძემ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ანზორ წოწონავამ, აკაკი გასვიანმა, რაისა ქარაიამ და სხვებმა.

გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პერმანენტულად აწყობს შეხვედრებს რეგიონდან ჩამოსულ მოსახლეობათან, კონფერენციებს იქ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტთან ერთად ეძებს გზებს მათ მოსაგვარებლად.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მზად არის არსებული რესურსებით აქტიურად ჩაერთოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის რეკომენდაციებიის შესრულებაში, კერძოდ განათლებისა და გადაადგილების უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ასამოქმედებლად. ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ხელშეწყობა იმ პიროვნებების მიმართ, რომელთა უფლებები განათლების სფეროში ყოველდღიურად ირღვევა ოკუპირებული გალის რაიონში, რაც ქართულ (მშობლიურ) ენაზე სწავლის აკრძალვაში ვლინდება.

ამ თვალსაზრისით აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან ერთობლივი და კოოორდინირებული მუშაობის საფუძველზე გეგმავს არაფორმალური განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ქართველ მოსახლეობას მისცემს საშუალებას დაეუფლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც გამოყენებულია საქართველოს სხვა დანარჩენ  სკოლებში და არსებული დანაკლისის შევსებაში დაეხმარება. პროექტი უნდა ამოქმედდეს  2016-2017 სასწავლო წლიდან.

აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მანანა ქვაჩახიამ, ნონა შონიამ, იგორ კოპალიანმა აღნიშნეს, რომ არსებულ პრობლემას ზედმიწევნით იცნობენ და დღეისათვის ხელმისაწვდომი რესურსებით მობილიზებულად მუშაობენ ამ საკითხებზე, მომავალშიც აქტიურად ჩაებმებიან სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაში.

სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გურამ ოდიშარიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ირინე ბართაიამ და საგანგებო დავალებათა ელჩმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ირაკლი გივიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარმა მრჩეველმა გიორგი გობეჩიამ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - ნანა გოგოხიამ, ნანული რამიშვილმა და სხვებმა გამოთქვეს მზაობა აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და სხვადასხვა დონეზე ხელშეწყობა ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით.

 

1 დეკემბერი, 2015წ.




















































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions