ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი მირონჩიკის თქმით, ბელორუსიის ხელისუფლება უცვლელად მოითხოვს თავიანთი მოქალაქეებისგან აფხაზეთში ჩასვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას. ამის შესახებ მირონჩიკმა frontnewss-ს განუცხადა.
"თქვენ კარგად იცით ბელორუსიის დამოკიდებულება საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ის გაწონასწორებული და თანმიმდევრულია. ბელორუსიის რესპუბლიკა ცნობს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ყველა კონფლიქტის გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სახელმწიფოების საზღვრების ურყეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გათვალისწინებით", - განუცხადა frontnewss-ს ბელორუსიის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა.
მირონჩიკმა ასევე ყურადღება ბელორუსიის იმ მოქალაქეებზე გაამახვილა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებენ. "რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობის ტექნიკურ ასპექტებს, პირველ რიგში, ჩვენ უცვლელად ვურჩევთ მათ გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა. ბელორუსიის მოქალაქეები ასევე გაფრთხილებულები არიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვა ნებისმიერი ტერიტორიიდან შევლენ", - აღნიშნა მირონჩიკმა.
frontnews.ge, 26.02.16