აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არა მარტო გაკვირვებას, არამედ შეშფოთებასაც იწვევს, უმაღლესი საბჭოს წევრის თამაზ ხუბუას მიერ 09.05.2016წ. გაკეთებული სრულიად არაადეკვატური და აშკარად პროვოკაციული განცხადება აფხაზეთის ავოტონომიური რესუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვის პროცესებთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის დეპუტატ თამაზ ხუბუას არაკეთილსინდისიერ განცხადებაზე კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, უბრალოდ ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს გვინდა გაცნობოთ, რომ ბატონი თამაზ ხუბუა გახლავთ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, რომელზეც როგორც სხვა ფრაქციებში და კომისიებში აქტიურად განიხილებოდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ბატონი თამაზ ხუბუა.
ფრაქციის თავმჯდომარე გახლავთ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. ფრაქციის წევრი ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გახლავთ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრი, რომლის დამტკიცებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე ბატონი თამაზ ხუბუა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და განმარტებითი ბარათი განთავსებულია უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, სახალხო განხილვის გრაფიკი რეგიონებში ცნობილი იყო მისთვის და მისი ფრაქციის წევრებისათვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში, უფრო მეტიც რეგიონებში გასვლის გრაფიკი ასევე ცნობილი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის საწინააღმდეგოდ განწყობილი თ.ხუბუას თანამოაზრე ოპოზიციური ძალებისათვის. გამომდინარე აქედან ბატონ თ.ხუბუას მიერ აფხაზეთის კონსტიტუციაში შესეტანი ცვლილებების განხილვის პროცესის „ინკოგნიტოდ“ მოხსენიების სამართლიანობის შეფასება მკითხველისათვის მიგვინდია.
ჩვენ მზად ვართ განვიხლოთ ყველა განსხვავებული აზრი, რათა აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდეს სამართლებრივად დახვეწილი და შეჯერებული ცვლილებები, მაგრამ ამასთანავე თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ, რომ აზრთა პაექრობა უნდა მიმდინარეობდეს მაქსიმალური გამჭვირვალეობისა და საჯაროობის ფონზე და არა სიყალბის, დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის პირობებში რასაც ემსახურება დეპუტატ თამაზ ხუბუას ქმედებები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო