სოფ. ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესები

ინფორმაცია სოფ. ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ

 

1.პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს

პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყებამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

”სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას. გამოძიების მიერ მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ჩადენილი დანაშაული, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რაშიდ კანჯიოღლის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე”, - აცხადებენ პროკურატურაში. Ipn.ge, 21.05.16



2.
ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 
ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ჩანს როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან.

კამერამ ბოლო საკონტროლო გასროლაც დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მიაყენეს. ამის შემდეგ, სამხედროები შემთხვევის ადგილს ტოვებენ და ე.წ. საზღვრისკენ ბრუნდებიან. ეს ვიდეომასალა ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. სწორედ ეს კადრები აჩვენეს მკვლელობის თვითმხილველ ადგილობრივებს ეჭვმიტანილების ამოსაცნობად. ipn.ge, 21.05.16



3.
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკის მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, 19 მაისს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის  ოჯახს და აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში, ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაგეგმილ გაეროს ფორუმზე, აღნიშნულ საკითხს საერთაშოსიო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენებს.

„გუშინ ხურჩაში მოხდარი მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ჩვენი და თქვენი თაობის ძალიან მიზანმიმართული და ჭკვიანური ძალისხმევით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა დღეს სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა. Ipn.ge, 21.05.16



4.
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლის სამიტზე - ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა - რუსმა სამხედროებმა მოკლეს მშვიდობიანი ქართველი

გიორგი მარგველაშვილი სტამბოლის სამიტზე - ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა - რუსმა სამხედროებმა მოკლეს მშვიდობიანი ქართველი უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში ჰუმანიტარულ სამიტზე 70- მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივნს ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მსოფლიოს ჰუმანიტარული საკითხების მიმართ გლობალური ყურადღებისაკენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.

„საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა. რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. Ipn.ge, 23.05.16



5.
გიორგი კვირიკაშვილი - ეს არის უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა

გიორგი კვირიკაშვილი ხურჩის შემთხვევაზე - ეს არის უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრებს. ოთხოზორიას ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის შეიარაღებული პირების მხრიდან უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა.

”დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მხრიდან. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ელოდება თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

”ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგრობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. Ipn.ge, 23.05.16

 

 

6. დავით უსუფაშვილი - ყველას ვთხოვ, ხურჩის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხებს მოვუსმინოთ და მერე გავაკეთოთ დასკვნები

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყველას სთხოვს, ხურჩის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხებს მოუსმინონ და დასკვნები მერე გააკეთონ.

შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს გააკეთა და მომხდარი ტრაგედიის გამო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.

”როცა ადამიანის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტს და ოკუპაციას, ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ. მოსახლეობას სრული უფლება აქვს ეს კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყება ასეთ კითხვებს სრულად დამაჯერებელ პასუხებს სცემს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ოკუპანტი, აკონტროლებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიცით ასევე, რომ ეს კონფლიქტი შეიარაღებული ძალებით, საქართველოს მონაწილებით ვერ და არ გვარდება. სამწუხარო, ტრაგიკული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ სფეროში”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

”აქ საერთაშორისო მექანიზმებს უნდა მივმართოთ. ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ყველას ვთხოვ დასმულ კითხვებზე პასუხებს მოვუსმინოთ და მერე გავაკეთოთ დასკვნები”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. Ipn.ge, 21.05.16



7. მიხეილ ჯანელიძე - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს. ამ განცხადებით მიხეილ ჯანელიძე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და თანავუგრძნო მათ. რა თქმა უნდა ამ ტკივილს არაფერი შეავსებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს როგორც შესაბამისი შეფასება, ასევე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

ჩვენ ევროკავშირის მონიტორნგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში, ასევე ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე”, - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ipn.ge, 23.05.16

 


8.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს გმობს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს გმობს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ხურჩაში მომხდარ ინციდენტს და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც ევროკავშირის სამდაკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

”წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ, სადაც ამისი საჭიროება იქნება, მანამ, სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.

თავად მოცემული ინციდენტი კი დამატებით მიუთითებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების სასწრაფო აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობაზე”, -ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ipn.ge.21.05.16



9.
საქართველოში აშშ- საელჩო შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზესაფუძვლიანი გამოძიება მყისვე დაიწყოს

საქართველოში ამერიკის საელჩო შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე მყისვე დაიწყოს საფუძვლიანი გამოძიება. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , რომელიც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხება.

”შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ipn.ge, 21.05.16



(24.05.16)

1.გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ

გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ აფხაზეთის #1 სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დღეს, ზუგდიდის ცენტრში, 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მომხდარი ფაქტი დაგმეს.მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც, სადაც ახალგაზრდებმა  გააპროტესტეს  ხურჩაში მომხდარი შემთხვევა.

გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში 26 მაისს დაკრძალავენ. ipn.ge,23.05.16



2.პრემიერი - არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხურჩაში ჩასვლას და გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახისთვის მისამძიმრებას გეგმავს.

კვირიკაშვილმა დღეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ხურჩაში მომხდარი ინცინდენტი დაგმო და აღნიშნა, რომ ფაქტზე ჯერჯერობით, აფხაზეთის ხელისუფლების რეაგირებას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელისუფლება შეეცდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანანმშრომლობით, ფაქტის გამოძიება მოხდეს.

"ხურჩაში ვაპირებ რომ ჩავიდე. მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის, შეიარაღებული პირების მიერ და სახელმწიფოს პასუხი ექნება ამ ინციდენტზე. ველოდები ჯერჯერობით, რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება. მაქსიმალურად შევეცდებით, საერთაშორისო პარტნიორების მოანწილეობით მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა პრემიერმა.pia.ge, 23.05.16



3. იან კელის მოსაზრებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს

იან კელის მოსაზრებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის მოსაზრებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. ამის შესახებ ელჩმა დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„"ეს არის ცივსისხლიანი მკვლელობა. ამ სიტუაციაში დიალოგს აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. უნდა ჩატარდეს მომხდარის სრულყოფილი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. ჩემი მოსაზრებით, ამან ასევე, წინ წამოსწია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი, რომელიც უკვე ოთხი წელიწადია არ მოქმედებს. ჩემი მოსაზრებით, ის დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. . Ipn.ge, 23.05.16



4. დავით
დონდუააფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგარეო უწყება უკვე დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს.

” მე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, მქონდა სატელეფონო საუბრები სამივე თანათავმჯდომარესთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ასევე, მქონდა საუბარი ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან. ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე რეაგირება”, - განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და ბერკეტს იმისათვის, რომ მომხდარ ფაქტს მიეცეს შესაბამისი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური შეფასება და დამნაშავეები დროზე იყვნენ გამოვლენილი და წარდგნენ სასამართლოს წინაშე. Ipn.ge, 21.05.16


6. კახა კალაძე - ხურჩაში მომხდართან შედარებით არჩევნები  და  სხვა თემები მეასეხარისხოვანია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარი ინციდენტი ძალიან მძიმეა და ამასთან შედარებით, არჩევნები და სხვა თემები მეასე ხარისხოვანია.

კალაძის თქმით, ფაქტი ნაცნობია მისთვის და მისი ოჯახისთვისაც, რადგან ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ.

მისი ინფორმაციით, გამოძიებაში საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დე ფაქტო წარმომადგენლებთან, რომ დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს.

"თვითონ ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმეა. არჩევნები და სხვა თემები ამასთან შედარებით, მეასე ხარისხოვანია. პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმეა, რადგან მე და ჩემს ოჯახს გამოვლილი გვაქვს ეს სიმძიმე და ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ოჯახის წევრს გიკლავენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახს დავეხმაროთ, შვილებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მინიმალური იმ ტკივილთან, რაც ამ ოჯახს გააჩნია ამ ადამიანის დაღუპვით.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ოჯახის წევრებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ვიცი, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს დე ფაქტო წარმომადგენლებთან, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - განაცხადა კალაძემ.pia.ge,23.05.16



7. აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება

აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში, ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ მხარეს საშუალება ექნება ამ და სხვა ტიპის პრობლემებზე, პრობლემის მოგვარებაში ჩართულ მხარეებთან ისაუბროს. ”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდგება და უახლოეს მომავალში გაიმართება პირველი შეხვედრა, რაც 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ამ და სხვა ტიპის პრობლემები განვიხილოთ ჩართულ მხარეებთან”, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ არა ქართული დანაყოფების პატრულირება ე.წ. საზღვრებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენტი მომხდარიყო. თუმცა, თალაკვაძე საჭიროების შემთხვევაში საგუშაგოების დამატებასა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლობის გაზრდასაც არ გამორიცხავს.

„თუ საჭიროა საგუშაგოების დამატება და თუ ჩვენი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ კიდევ ჩვენი წარმომადგენლობა. თუმცა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იმ ძალებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, მოვახერხეთ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია. რადგან დღეს მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, ეს კიდევ ერთხელ ხსნის დისკუსიისთვის სივრცეს, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ipn.ge, 22.05.16



8.ალექსანდრა
ჰოლ ჰოლი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ.

“შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას.

ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ. Timer.ge, 24.05.16



მომზადებულია აფხაზეთის ა/რ მთავრობის
პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს მიერ

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions