ელგუჯა გვაზავა: ”საით მიდის შამბას მატარებელი?”

 

თბილისში გამართულ ეუთოს სამარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე, ასევე დე-ფაქტო აფხაზეთში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა

 

- ბატონო გია, თქვენ მიწვეული იყავით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე. როგორ შეაფასებდით მას და  რაში უნდა წაადგეს ეს საქართველოს?


- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ეუთო არის ორგანიზაცია საერთაშორიო არენაზე, რომელმაც პირველმა აღიარა აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდა. ეს იყო 1994 წელს ბუდაპეშტის სამიტზე. შემდგომ სამიტებზეც ლისაბონში, სტამბულში, ვენაში ეუთო იგივე შეფასებებს და შესაბამის რეკომენდაციებს იძლეოდა საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში. ეს ორგანიზაცია იყო და დღემდე რჩება ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ რეალურ ბერკეტად. სწორედ ამიტომაც ჰქონდა ამ სესიას დიდი მნიშვნელობა. ასამბლეამ მხარი დაუჭირა (ცხადია, რუსული დელეგაციის გამოკლებით) საქართველოს პარლამენტის, პირადად დავით უსუფაშვილის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს - ”კონფლიქტი საქართველოში”, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია რუსეთის ქმედებებზე მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. რეზოლუცია საკმაოდ კატეგორიულია და ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მის შესრულებაზე იმუშავებს, კონკრეტულად კი, შეეცდება აიძულოს რუსეთი 2008 წლის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას, დევნილთა მშვიდობიან დაბრუნებას. უნდა გაიზარდოს ეუთოს ჩართულობა საქართველოში,  მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რაც ცხადია, გულისხმობს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას და ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებას კონფლიქტურ ზონებში.

 

უმთავრესი გზა აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების არის რუსეთის შესუსტება საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომითა თუ ზეწოლით. ეს არის ბრძოლა, ეტაპობრივი, გრძელვადიანი... გრძელვადიანი ჩვენთვის, აფხაზეთის მოსახლეობისთვის და სრულიად საქართველოსთვის, თორემ ისტორიისთვის საუკუნეც წამია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ერთი წამითაც არ უნდა მოვდუნდეთ, არ შევეგუოთ დევნილის ბედს, და რაც მთავარია, არცერთ  სახელმწიფო დოკუმენტში არ უნდა გაიპაროს ისეთი სიტყვა, რაც სამუდამოდ დაგვაკარგინებს ჩვენს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებს, მხედველობაში მაქვს ზოგიერთი მხრიდან შემოთავაზებული ”აღიარება”(აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად),  ან თუნდაც ტერმინი  ”სამხრეთ ოსეთი”  შიდა ქართლის ან ცხინვალის რეგიონის ნაცვლად.... აშკარაა, რომ დღეს თუ არა ხვალ დადგება შესახებ. ამიტომ ასეთი ტერმინები უნდა გაქრეს ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონიდან.

 

- თუმცა ასეთი დიდი მხარდაჭერის პარალელურად გვაქვს ცალკეული სეპარატისტული წახალისებები ევროპის ზოგიერთი ქვეყნებიდან, მაგალითად, საერთაშორისო კულტურულ თუ ეკონომიკურ გამოფენებზე დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მიწვევა, ახლახან რომში კულტურის ინსტიტუტის გახსნა....


- ეს ინფორმაციული ომია, ანუ ჩვეულებრივი ომის ერთ-ერთი სახე. ჩვენი მოწინააღმდეგე - რუსეთი ინფორმაციულ ომსაც გვიგებს, ამიტომაც უნდა ვეცადოთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი ხმა და ხელი მიგვიწვდება, საზოგადოება დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში. გგონიათ, ჩვენი კონფლიქტის არსი ყველგან სწორად იციან? ჩვენდა სამწუხაროდ, არა! ევროპას პატარა ქვეყნებისადმი აქვს ლოიალურ-მფარველობითი დამოკიდებულება. ისინი დიდ ქვეყნებს ხელს უშლიან მათ ”ჩაგვრაში”. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ამ კონფლიქტის ყველაზე დაზარალებული მხარე ვართ ჩვენ და არა ის "პატარა ერი", რომელიც რუსულმა პოლიტიკამ თავის იარაღად აქცია. სწორედ ამ მისიით ჰქონდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და მთავრობას კულტურულ-დიპლომატიური სახის ღონისძიებები ბოლო სამი თვის მანძილზე ესპანეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში. იმავდროულად, ეს იყო უცხოეთში საკუთარ ფესვებს მოწყურებულ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები, ქართული კულტურის, ისტორიის პოპულარიზაცია ევროპის ქვეყნების საზოგადოების წინაშე, აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი ლიტერატურის, აფხაზეთში ჩადენილი ეთნოწმენდის მსხვერპლთა შესახებ უცხოურენოვანი ლიტერატურის გავრცელება და ა.შ. მართალია, ეს არის მცირე ნაწილი იმ დიდი სამუშაოებიდან, რომელიც გვმართებს, მაგრამ როგორც ამბობენ, წვეთი წყალი ქვას ხვრეტსო და ჩვენც შესაძლებლობის ფარგლებში ვართ ჩართული ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში. ჩვენ ეუთოს ასამბლეასაც მივაწოდეთ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, აფხაზეთის  კონფლიქტის რეალური ისტორიის ამსახველი ინგლისურენოვანი წიგნები, რომლებშიც დადასტურებულია აფხაზეთში ქართველების გენოციდი (მსხვერპლთა სიაც თან ერთვის).

 

- ბატონო ელგუჯა, აფხაზეთის შიდა დაპირისპირებების საკითხს როგორ შეაფასებდით?


- ეს არ არის საკითხი, ეს უკვე პრობლემაა. აფხაზებს პრობლემები დაეწყოთ. ძნელი მისახვედრი არაა, ვის ინტერესშიცაა ეს. ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია იქაური არეულობა. ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცალ-ცალკე ვართ. ბოლო დროის მოვლენები ცხადყოფს, რომ დღემდე "აფხაზურ პოლიტიკას" კლანური დაჯგუფებები მართავს, რომლებიც, საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერესების სამსახურში არიან. რუსეთისთვის სულერთია, რომელი კლანი რომელს ჩაანაცვლებს, მთავარია, მათი პოლიტიკური ვექტორი არ შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ დღეს აფხაზეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და განსაკუთრებით მძიმე დემოგრაფიული ფონია. ამ სტაგნაციას, ასე ვთქვათ, ”პოლიტიკური” კრიზისიც დაემატა. თქვენ წარმოიდგინეთ, რეფერენდუმში, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი, ანუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, სულ 1 628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლის 1.23 პროცენტს შეადგენს.  რაზე მიუთითებს ასეთი დამოკიდებულება? აფხაზები ხვდებიან, რომ საკუთარ კომფორტზე ორიენტირებული და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ხალხს. ამიტომაც მათი უმრავლესობა ოპოზიციური მხარის მოწოდებით, რეფერენდუმზე არ გამოცხადდა, ნაწილმა კი რეფერენდუმამდე 5 დღით ადრე შსს-ს სამინისტროსთან აქციით გამოხატა პროტესტი, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასეთ გახლეჩას აფხაზეთში აქამდე ადგილი არ ჰქონია. რეფერენდუმის ჩაშლა ხაჯიმბას პოზიციას ამაგრებს, რადგან იმავე საკითხის კვლავ გამოტანა მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ კრიზისს ემატება სომხური ფაქტორიც. სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”კრუნკი” ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნას ითხოვს. ჩვენ კარგად გვახსოვს ”კრუნკი” თავისი ანტიქართული გამოხტომებით ჯერ კიდევ ომამდე. ომისშემდგომ პერიოდში კი ეს ჯგუფი განუწყვეტლივ ახსენებდა აფხაზებს იმას, რომ აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის მოპოვებაში” სომხებმა დიდი როლი ითამაშეს და სათანადოდ არც კი დაუფასდათ. მათ თავის დროზე აფხაზეთში ქართული სეგმენტის თავიდან მოსაცილებლად ბევრი იბრძოლეს. ამჯერად კი მიაღწიეს გალელებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირებას, რომ დამაჯერებელი უმრავლესობა ყოფილიყვნენ აფხაზეთში. ამჟამად  უფრო მასშტაბური ამოცანა დგას ”კრუნკის” წინაშე. მასმედიით გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის "მოპოვებას" უმიზნებენ. ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება, მაგრამ აფხაზთა და სომეხთა მსგავსი უთანხმოებების შესახებ ბევრჯერ გვქონია ინფორმაცია ენგურს გაღმიდან. რუსეთს ასეთი სცენარიც აწყობს. აფხაზურ-სომხური წაკიდებაც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. კრემლს  გამოცარიელებული აფხაზეთი უაფხაზებოდ სჭირდება ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა პრიოდში სურდა საქართველო უქართველებოდ. ამიტომაც, ამ დაძაბულობას შეიძლება ამ ეტაპზე შორიდან უყუროს, მერე კი მხარიც დაუჭიროს აფხაზეთის ამჯერად "ახალ ჩაგრულ ფენას" - სომხურ ეთნოსს...  არ არის გამორიცხული შექმნას ”მეგრული” ანკლავი გალის რაიონში და კუთხური სეპარატიზმის კიდევ ერთმა ახალმა კერამ იფეთქოს. დავაკვირდეთ მოვლენებს, დღეს ადრეა რაიმე პროგნოზის გაკეთება....

 

- ქართული მხარე როგორ უნდა მოიქცეს, თუკი ამ სცენარით განვითარდება მოვლენები?


- სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში უძლურნი ვართ. აფხაზი ხალხი თვითონ უნდა მიხვდეს, ვინ არის მათი მტერ-მოყვარე. მე ვფიქრობ, ხვდებიან კიდეც.....

 

- თუ ასეა, სერგეი შამბას სიტყვებს როგორ ახსნით - ”ფართო ავტონომია, ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ფედერაცია თუ კონფედერაცია უკვე არასდროს არ განიხილება,  მატარებელი წასულია... დევნილების დაბრუნება - ილუზიაა....  მხოლოდ საქართველო-აფხაზეთის ურთიერთაღიარება....”


- დღევანდელი აფხაზური პოლიტიკური ელიტა რომ თვითონ არ გადმოდგამს ნაბიჯს შერიგებისკენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. დღეს მათი მთავარი ორიენტირი დანგრეული ქვეყნის აღგდენაზე ზრუნვა კია არა, სიმდიდრის მოხვეჭაა. ამისთვის ისინი ათასობით უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრასაც არ მოერიდნენ.... ჩვენ - აფხაზი ხალხის ყოფილი მეგობრები, ნათესავები, მეზობლები - მათი დაკარგული სინდისი ვართ, ვისთვისაც თვალებში ჩახედვა მათთვის სიკვდილის ტოლფასია....

 

ჩემი ძალიან მოკლე პასუხი შამბას ასეთი იქნებოდა - "არასოდეს თქვა არასოდეს"! არც შამბამ, არც ხაჯინბამ და არც კონფლიქტის მთავარმა სულისჩამდგმელმა მოსკოვმა არ იციან, როგორი იქნება რეალობა და ილუზია. ისტორიას ბევრი უცნაური კანონზომიერება ახასიათებს, მათ შორის ისეთი, რომ ლამის მოგებული ომის ბედი პირუკუ შეტრიალებულა.  ქართულ მიწაზე მუდამ თარეშობდნენ ირანელები, თურქები, არაბები, ჩრდილოკავკასიელები და ვინ მოსთვლის, რა რჯულის ხალხი...  ბევრი უთანასწორო ბრძოლა წაგვიგია, ბევრიც მოგვიგია, და იმ "უცნაური კანონზომიერების" წყალობით დღემდე ღირსეულად მოვედით... ბევრი დამპყრობელი თუ დაპყრობილი აღიგავა პირისაგან მიწისა, ჩვენ კი ენა, სარწმუნოება და სამშობლო შენარჩუნებულები ვართ დღემდე!  მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, დამწერლობა კი – მხოლოდ 14, და იმ 14-ში ქართული ენა მეხუთე ადგილზეა. აი, ესაა ჩვენი მატარებელი! ჩვენს მატარებელს სიმართლე ჰქვია, ჩვენ არავისთვის არაფერი წაგვირთმევია! ჩვენს სახლ-კარს, ჩვენს მშობლიურ კუთხეს ვიცავდით ოკუპანტებისგან. აი, თქვენი მატარებელი კი საით მიდის, ბატონო სერგეი, თავად თუ იცით?




ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions