ჯემალ გამახარია: ”სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა დღემდე არ არის სათანადოდ ინფორმირებული აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ”

 

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ინიციატივით პირველად აღინიშნა აფხაზეთში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ამასთან დაკავშირებით საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.

 

- ბატონო ჯემალ, თუ შეიძლება განმარტეთ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის დაწესება რა ფაქტორებმა გამოიწვია?


- მოგახსენებთ. ამა წლის 24 ივნისს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოცდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის დაწესების შესახებ. ყოველი წლის 27 სექტემბერს ქვეყანა პატივს მიაგებს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს, მებრძოლებს. ეს ჩვენი ვალია. ზუსტად ასევე გვმართებს პატივის მიგება ოკუპანტების მიერ მასობრივად და უმოწყალოდ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა დღემდე არ არის სათანადოდ ინფორმირებული აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც თავისი მასშტაბებითა და სისატიკით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ანალოგი არ მოეპოვება. გაითვალისწინა რა ეს გარემოება, უმაღლესმა საბჭომ დაადგინა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდეს 5 ოქტომბერი.

 

- რატომ მაინცდამაინც 5 ოქტომბერი, ეს რამეს უკავშირდება?


-  დიახ, უკავშირდება და ყველაზე დიდი ”უთანხმოება” კოლეგებს სწორედ ამაზე გვქონდა. საბოლოოდ მაინც შევჯერდით 5 ოქტომბერზე. საქმე ის გახლავთ, რომ 1992 წლის  ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში, კერძოდ გაგრაში, პირველად (ხაზს ვუსვამ, სიტყვას პირველად) განხორციელდა ქართული მოსახლეობის წინასწარ დაგეგმილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ქართველთა მკვლელობები ადრეც და სხვაგანაც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს განხორციელდა მასობრივად და მიზანმიმართულად, რასაც სამართლის ენაზე გენოციდი ჰქვია. შემდგომში გენოციდის პოლიტიკა გაგრიდან დანარჩენ აფხაზეთშიც გავრცელდა. აი, რატომ იქნა შერჩეული 5 ოქტომბერი.

 

- რა სამართლებრივი საფუძველი გააჩნია უმაღლესი საბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილებას?


- 24 ივნისის დადგენილების მიღებას წინ უძღოდა კომისიის შექმნა ჩვენი იურისტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კომისიამ დაამტკიცა და უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ბატონების გივი ლომინაძისა და იგორ კოპალიანის მიერ მომზადებული საფუძვლიანი ”ცნობა აფხაზეთში 1992-1993 წლებში საომარი მოქმედებებისა და ომის შემდგომ პერიოდში განხორციელებული გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტების ამსახველი და დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზის შედეგების შესახებ”. მან თავისებური (არაოფიციალური) ექსპერტიზა გაიარა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც.  ამ დოკუმენტში წინასწარ იყო დასაბუთებული უმაღლესი საბჭოს მიერ მოგვიანებით, 24 ივნისს, მიღებული დადგენილების სრული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და სათანადო საერთაშორისო აქტებთან.

 

- საქართველოს პარლამენტს თუ მიმართეთ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის საქართველოს მასშტაბით დაწესების თაობაზე?


- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს ორ ათეულზე მეტი დადგენილება თუ განცხადება, სადაც დადასტურებულია აფხაზეთში ეთნიკური წმენდისა და გენოციდის განხორციელების ფაქტი. მათ შორის საკმარისია დავასახელოთ 1996 წლის 17 აპრილის დადგენილება ”აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”. ავტონომიურ რესპუბლიკაში დატრიალებული ტრაგედია ამ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტში შეფასებულია როგორც ”ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი”. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებები ჩვენ გვაძლევდა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის დაწესების იურიდიულ უფლებას და ჩვენ ეს გავაკეთეთ. საქართველოს მასშტაბით ასეთი დღის დაწესება, ჩვენი აზრით, აუცილებელია და იმედი მაქვს, ამის თაობაზე კონსულტაციები ახალ პარლამენტთან გაიმართება.

 

- საქართველოს პარლამენტმა კი აღიარა გენოციდის ფაქტი, მაგრამ ეუთოს ცნობილ გადაწყვეტილებებში და სხვა საერთაშორისო აქტებში მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზეა საუბარი....


- სწორი ბრძანდებით, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. საერთაშორისო სამართლისა და უკვე დაგროვილი პაქტიკის მიხედვით, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ტრიბუნალების  გადაწყვეტილებები (რუანდის ტრიბუნალის, ხორვატია-სერბეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლო პალატის განჩინებები და ა.შ.) - საკუთარი სახლებიდან იძულებით განდევნა, დეპორტაცია, რაც იწვევს ეროვნული თუ რელიგიური ჯგუფს მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებას, შეფასებულია გენოციდის ერთ-ერთ ფორმად. მართალია, ყოველი ეთნიკური წმენდა არ განიხილება როგორც გენოციდი, მაგრამ რაც აფხაზეთში მოხდა და დღემდე გრძელდება, მთლიანად ჯდება გაეროს ”გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის” (1948 წლის 9 დეკემბერი) მეორე მუხლის (”გენოციდის დანაშაული”) ჩარჩოებში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი უმაღლეს დონეზეა დამუშავებული საუკეთესო ქართველი სპეციალისტების მიერ. ჩვენი ამოცანაა, ყოველივე ეს მოვაქციოთ საერთაშორისო საზოგადოებს ყურადღების ცენტრში.

 

- როგორი იყო ამ თარიღის (5 ოქტომბერი -გენოციდის მსხვერპლთა დღის) პირველი აღნიშნვა?


- მიმდინარე წელს ხსოვნის დღე შეგნებულად აღვნიშნეთ საკმაოდ მოკრძალებულად და ეს გასაგებიცაა. წინასაარჩევნო კამპანიის პიკის პირობებში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება. ამჯერად შემოვიფარგლეთ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდების გადახდით თბილისს ილორის წმინდა გიორგის, დემეტრე თავდადებულის, ასევე ქუთაისის წმ. სიმონ კანანელისა და ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესიებში. სათანადო ღონისძიებები ჩატრადა აფხაზეთის საჯარო სკოლებშიც. მე პირადად, ნუგზარ მგალობლიშვილთან ერთდ გახლდით ქუთაისში. პანაშვიდზე მოსულმა დევნილებმა მადლობაც გადაუხადეს უმაღლეს საბჭოს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის დაწესებისთვის და იმავდროულად ჩვენთან საუბარში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც წამოჭრეს, რომელიც დევნილთა, ომის ვეტერანთა სოციალურ პრობლემებს ეხება.

 

- ამ დღის დაწესებას რა მიზანი აქვს? რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას აფხაზეთისთვის, საქართველოსთვის?


- უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოვალეობაა, პატივი მივაგოთ სრულიად უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ველური მეთოდებით, სასტიკი წამებითა და დამცირებებით სიცოცხლეს გამოასალმეს, დახოცეს ეროვნული ნიშნით. მკვლელები არ ინდობდნენ ერთი წლის ბავშვიდან მოყოლებული ასი წლის მოხუცების ჩათვლით, ავადმყოფებსა და უნარშეზღუდულებს, ქალებსა თუ კაცებს, განურჩევლად....

ჩვენი მიზანია, მთელმა მსოფლიომ გაიცნობიეროს მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები, მით უმეტეს, ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველაზე ნაკლები პრეტენზია გვაქვს აფხაზი ხალხის მიმართ, ისინი დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც მოხდა... აფხაზები თავად არიან ე.წ. სამამულო ომში ”გამარჯვების” მსხვერპლნი. საერთო მტერი მათ სერიოზულ განსაცდელს უმზადებს. ქართული სახელმწიფო ზრუნავს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებზე და მომავალშიც იზრუნებს. ნებისმიერი განსაცდელის ჟამს აფხაზებს (ეს მე დანამდვილებით ვიცი) ქართველების იმედი აქვთ და სავსებით საფუძვლიანადაც. მაგრამ ეს არ ეხება საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იქნეს მხილებული როგორც გენოციდის პოლიტიკის მთავარი შემოქმედი, როგორც დამნაშავე ადამიანურობის წინაშე. კონკრეტულმა დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი საქმენი საგმირონი დეტალურად არის აღნუსხული იმათ მიერ, ვისაც ეს ევალება.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ალბათ, ერთადერთია დედამიწის ზურგზე, რომელიც არ თუ დასჯილა გაუგონარი დანაშაულისთვის, არამედ ქალების, ბავშვების, მოხუცების, სხვა უმწეო და უდანაშაულო ადამიანების მასობრივ მკვლელობას, ეთნოწმენდისა და გენოციდს ”გამარჯვების” დღეს უწოდებს და მას ყოველწლიურად პომპეზურად ზეიმობს. აი, რა უნდა გავაგებინოთ ცივილიზებულ სამყაროს, რათა მან ადექვატური დასკვნები გააკეთოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.

 

-ამოცანა საკმაოდ რთულია, რამდენად არსებობს რესურსები მის შესარულებალად...


-ძალიან რთულია, მაგრამ არა იმდენად, რომ მის განხორციელებაზე უარი ვთქვათ. თქვენ იცით, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხილება, გენოციდის ფაქტების გამომზეურება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საქმიანობა დღეს უფრო გეგმაზომიერ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. გენოციდის მსხვერპლთა  ხსოვნის დღის დაწესებაც გახლავთ შემადგენელი ნაწილი  იმ მრავალმხრივი საქმიანობისა, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამ კუთხით ეწევა. საუბარია არა ერთჯერადი აქციებისა და მოჩვენებითი ღონისძიებების ჩატარებაზე, არამედ სისტემურ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობაზე - იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამართლებრივ და სხვა ნაბიჯებზე, რომლებმაც ადრე თუ გვიან კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანონ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions