მიმართვა ”მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს


საქართველოში 16 მარტის არტილერისტთა პროფესიულ დღედ გამოცხადებას საფუძვლად დაედო  ქართველი მეომრების  გაუტეხელი სულის, უბადლო ვაჟკაცობის, შეუპოვრობის,  უმეტესად კი არტილერისტთა უმაღლესი პროფესიონალიზმი , რომელთაც უკუაგდეს კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთები და დაქირავებული ბოევიკები,   რომლებიც ცდილობდნენ სოხუმში შეჭრას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.

 

ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა თავდადებული ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მოწიწებით ვიდრეკთ ქედს ვალმოხდილი მეომრების  წინაშე,  ვუხრით თავს დაღუპულთა მშობლებს, ქვრივებს და ობლებს... მადლობა გმირი შვილებისთვის, მადლობა ”ჭირსა შიგან გამაგრებისთვის” და სამშობლოსთვის გმირი მამების ღირსი შთამომავლების გაზრდისთვის.

მივმართავთ 1993 წლის 15-16 მარტის  ოპერაციის ყველა მონაწილეს, მეომარს და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას:

გმადლობთ, ძვირფასო მეომრებო, ვეტერანებო, თანამემამულეებო... თქვენ  ღირსეულად იცავდით მშობლიურ მხარეს, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც,  რომ გამოჩენილი უშიშარი შეუპოვრობა, პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რადგან   საქართველოს ერთიანობის საქმეში პირადი წვლილი შეიტანეთ,  გამოიჩინეთ თავდადება.

ამ ომს გამარჯვებული არ  ჰყავს, ერთად დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც, ვერ მოვუარეთ ჩვენს აფხაზეთს, მაგრამ თქვენ და თქვენი სახით სამშობლოს პატრიოტები გვასწავლიან, როგორ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომ უცხო ძალებმა ვერასოდეს შეძლონ ერთი სამშობლოს  მკვიდრთა დაპირისპირება!!!

ვართ თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლისთვის შესაბამისი თანადგომა გაგიწიოთ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

ბეჭდვა