აშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლითაც ევროპაში, მათ შორის, საქართველოში რუსეთის ქმედებებს გმობს

 

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. კერძოდ, 2017 წლის 15 ივნისს, აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს და ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს.


კანონპროექტი მიზნად ისახავს: რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას; რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას; ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.

 

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

 

ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდა აღმასრულებელი ბრძანებით, აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/436874-ashsh-is-senatis-sagareo-urthierthobatha-komitetma-mkhari-dautcira-kanonproeqts-romelshic-gmobs-rusethis-mier-saqarthveloshi-gankhorcielebul-qmedebebs.html?ar=A

 


ბეჭდვა