კომენტარი ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით


 

-ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დასრულდა. თქვენი აზრით, რას ნიშნავს, ან როდემდე გაგრძელდება ამგვარი აშკარად მტრული დემარშები რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი დევნილებს ეხებათ და რაში ხედავთ გამოსავალს? ამ შეკითხვით მივმართეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას.

 

-ჟენევის დისკუსიების „საიუბილეო“ მე-40 რაუნდი უშედეგოდ და, ამასთანავე, როგორც თქვენ ბრძანებთ, რუსეთის  მტრული დემარშით დასრულდა, რაც მოულოდნელობას სულაც არ წარმოადგენს. მოსკოვის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების, ისევე როგორც სხვა აქტუალური საკითხების მიმართ უცვლელი რჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან  საკითხთან დაკავშირებით  კრემლის პოზიცია იგივე იქნება 50-ე,  მე-100 და შემდგომ რაუნდებზეც. სრულიად ცხადი და ნათელია, რომ ოკუპანტი არ აპირებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას. უფრო მეტიც, მას აღნიშნული საკითხის განხილვაც  კი არ სურს. მერე რა, რომ საუბარი  აფხაზეთის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, ასეულ ათასობით ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება - მოსკოვს ეს სრულებითაც არ ადარდებს. ასეთია მკაცრი რეალობა, ასეთია ქართული სახელმწიფოს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დევნილთა დაბრუნების კუთხით გაწეული ტიტანური და ხანგრძლივი, თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი შრომისა და ძალისხმევის სავალალო შედეგი.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელია არსებულ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ამ ეტაპზე მოვლენებს სწორი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მაინც მივცეთ, რათა შემდგომში ამ შეფასების ადექვატური ნაბიჯები გადავდგათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვსქვეშ არ ვაყენებთ ჟენევის ფორმატის გაგრძელების აუცილებლობას. ძალიან მოკლედ ვიტყვით, თუ რა ნაბიჯებს ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მესამე-მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა (1992-2004 წლები) აფხაზეთში საომარი მოქმედებების პერიოდში რუსეთის  „შუამავლობა“, აგრეთვე შემდგომში მისი „მშვიდობისმყოფელობა“ არაერთხელ შეაფასა როგორც ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდის მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკა. მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ამჯერად არ ვისაუბრებთ, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აფხაზეთში დატრიალებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, მათ შორის მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის თვით ფაშისტებისთვისაც კი უცხო მეთოდებით მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მხოლოდ ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია მიეცა. ამ ნახევარსიმართლეს დაემატა მეორე არანაკლებ მიუღებელი ნახევარსიმართლე, როცა ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე მარტო სეპარატისტებს დაეკისრათ. რა თქმა უნდა, სეპარატისტებს თავისი წვლილი მიუძღვით აფხაზეთის ტრაგედიაში, მაგრამ მისი  მთავარი შემოქმედი იყო და არის რუსეთის ფედერაცია. აფხაზი ეთნოსი კი თავად არის „სამამულო ომში“ მოპოვებული პიროსის გამარჯვების მსხვერპლი და  დღეს მასაც შველა სჭირდება.

სრული სიმართლე აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ იგი მიჩუმათებულია. სპეციალისტებმა მშვენივრად იციან, რომ ეთნიკური წმენდა არის გენოციდის ერთ-ერთი ფორმა, თუმცა ნებისმიერ ეთნიკურ წმენდას მსგავსი შეფასება არ ეძლევა. ქართველი სპეციალისტების, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურატურის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, რომელიც დღემდე გრძელდება, ცალსახად არის დამტკიცებული, რომ აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა, გენოციდი. რუსეთის დელეგაციის მიერ ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე უარის თქმა და სხდომათა დარბაზის დემონსტრაციულად დატოვება, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა, გენოციდის შედეგების დაკანონების პოლიტიკის მორიგი თავხედური გამოვლინება გახლავთ. ამ პოლიტიკას კიდევ უფრო თვალნათელს ხდის  ოკუპირებული გალის რაიონის  საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა და ათეულ ათასობით ეთნიკური ქართველის მიმართ ადამიანის ყველანაირი უფლების არაადამიანური, ველური მეთოდებით დარღვევა.

ვფიქრობთ, დადგა შესაფერისი ჟამი, რათა სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ გაკეთებული ობიექტური შეფასებები განახლდეს და აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკას კიდევ  ერთხელ თავისი ნამდვილი სახელი - გენოციდი - დაერქვას. ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან სათანადო მიმართვის გაგზავნის შემთხვევაში არა ერთი და ორი ცივილიზებული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის ფაქტს. ყოველივე ამის  პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მსჯელობა სრულიად ზედმეტად მიგვაჩნია. მხოლოდ ვიტყვით და ამით დავასრულებთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წარვადგინოთ, სადაც ჯერ არს,  აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა, გენოციდის ამსახველი მრავალგზის დაზუსტებული მასალები და  მათი კვალიფიციური სამართლებრივი ანალიზი.

ბეჭდვა