5 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელები და მადლობის სიგელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა. ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა დაჯილდოებულებს, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისთვის და თითოეული დაჯილდოებულის დამსახურებაზე ისაუბრა.

დაჯილდოებულებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

დავით დოღონაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, თვალსაჩინო საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეობისთვის.

სიმონ ზაქარაია - სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მრავალწლიანი კულტურების გაშენების ახალი მეთოდების დანერგვისა და ნაყოფიერი პუბლიცისტური და სამეცნიერო საქმიანობისთვის.

რეზო გოგოხია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მათ შორის დევნილობაში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

გულივერ ძიძიგური - 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, 23-ე ბრიგადის მატერიალური უზრუნველყოფის ასეულის ქვედანაყოფის ზემდეგი, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდა მინდია არაბული - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის მძღოლი, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, სანიმუშო დისციპლინისა და პასუხისმგებლობისთვის. 

გალერეა

სხვა სიახლეები