აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები ეთერი ლაშხია, გულნაზ ბაციაშვილი, მზიანა ბოკუჩავა, ზაირა გვაგვალია, მანანა გიორხელიძე, ნანული ჯახუა და თინათინ კალანდია ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2025 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები ირმა კილასონია, თეა კუხიანიძე და ნინო ფარულავა სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თეონა სართანიას, რიტა კეთილაძეს, მანანა ჯოლოგუას, ლონდა ღურწკაიას, მაყვალა მეფორიას და მადინა ცირდავას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები.