მიმდინარე
წლის 9 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა საკონსტიტუციო
კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის პირველი სხდომა.
სხდომას
უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს და
კომისიის თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მასში მონაწილეობდნენ
კომისიის წევრები — უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი,
ვახტანგ ყოლბაია, რაისა
ქარაია, უმაღლესი
საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, იურიდიული და საქმისწარმოების დეპარტამენტის
უფროსი ლეილა ხუნჯუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი
თამაზ სანიკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის მთავრობის
აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და აპარატის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, სხდომას ასევე ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
თეიმურაზ მჟავია.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული იყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტებთან დაკავშირებული მასალების განხილვა
და საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკის დამტკიცება.
ჯემალ გამახარიამ
აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოში ორი საკონსტიტუციო კანონპროექტია შესული:
- 2026
წლის 8 მაისს აფხაზეთის მთავრობის მიერ დაინიცირებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს
ცვლილებას მთავრობის სტრუქტურაში — კერძოდ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობის გაუქმებას.
- 2026
წლის 13 მაისს უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის მიერ დაინიცირებული პროექტი,
რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის შტატს ითვალისწინებს.
უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული პროექტების საყოველთაო განხილვისთვის გამოქვეყნებიდან
ორი კვირის თავზე კომისიის სხდომა დაიგეგმა. მანამდე, 20 მაისს, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტმა შეამოწმა უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა და მიიღო
გადაწყვეტილება კანონპროექტების გამოქვეყნების შესახებ. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,
ამ ეტაპზე კანონპროექტებთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებები და შენიშვნები ჯერ
არ შემოსულა.
სხდომაზე
აზრი გამოთქვა დეპუტატმა თამაზ ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოში ერთი მოადგილის
დატოვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო მომზადებული,
თუმცა იმ ეტაპზე, მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის პოზიციის გათვალისწინებით, პროცესი
შეჩერდა. ვინაიდან ამჯერად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება თავად მთავრობამ მოახდინა,
უმაღლესი საბჭო მზად არის, სრულად დაუჭიროს მხარი წლების წინ ნააზრევი რეფორმის რეალიზაციას.
შესაბამის
ორგანიზაციებთან წინასწარი შეთანხმებით
კომისიამ
შეიმუშავა და კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა საყოველთაო-სახალხო
განხილვების შემდეგი გრაფიკი:
პირველი
განხილვა: 15 ივნისს, 14:00 საათზე — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მეორე განხილვა:
25 ივნისს, 12:00 საათზე — პროფკავშირების სასახლეში.
კომისიამ
მიიღო დადგენილება დამტკიცებული გრაფიკის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ.