აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების

მიმართვა

დევნილი თანამემამულეებისადმი


ძვირფასო თანამემამულენო 25 წელი მიილია დევნილობაში, თუმცა დრო ვერ ანელებს მშობლიური კუთხის, საკუთარი კარმიდამოს, მამა-პაპათა საფლავების იძულებით დატოვების ტკივილს, ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს წინაშე ჩვენი საერთო ვალდებულებების უზენაესობას, ვერ ამსუბუქებს თავისივე ქვეყანაში იძულებით ადგილნაცვალ ადამიანთა გაუსაძლის სულიერ და ფიზიკურ ყოფას.

სამწუხაროდ, ხშირად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების წინ ოპოზიციური ძალების მიერ ხდება დევნილთა პრობლემებით სპეკულირება და მათი უკმაყოფილების ვექტორის მიმართვის მცდელობა მმართველი ძალის საწინააღმდეგოდ, დევნილ მოსახლეობაში დაძაბულობის და საპროტესტო განწყობის გასაღვივებლად. ასევე, შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი უკურნებელი სენით დაავადებული პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ქვეყნისათვის ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების ერთობ „თავისუფალი“ უაღრესად შეურაცხმყოფელი ინტერპრეტაცია და მისი ტირაჟირება, რაც დამთრგუნველად მოქმედებს ჩვენი დევნილი საზოგადოების განწყობაზე და ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დემორალიზაციას.

მიუხედავად ჩვენი მძიმე სოციალური, ყოფითი და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, ბოლომდე გვმართებს წონასწორობის შენარჩუნება, უნდა გამოვიჩინოთ ჩვენთვის ჩვეული მაღალი შინაგანი და პოლიტიკური კულტურა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ საჭირბოროტო პრობლემების, ჩვენი უფლებების ცივილიზებული, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.

ჩვენს დევნილ საზოგადოებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას არაერთგზის დაუმტკიცებია ერთგულება და თავდადება, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გამოუვლენია ჭირთათმენის, სულიერი სიმტკიცის, მაღალი ზნეობის მაგალითები.

დღეს, ქვეყნის ხელისუფლებისა და მთვრობისთვის, პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო სექტორისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - საქართველოს პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნების წინ - მოგმართავთ მრავალ ჭირგადატანილ და უმძიმეს გამოწვევებთან მებრძოლ თანამემამულეებს, მოუხმოთ გონიერებას და თქვენთვის ჩვეული წინდახედულობით ხმა მისცეთ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, მხოლოდ სამივე სახელისუფლებო შტოს - მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის შეჯერებულ ძალისხმევას ძალუძს ქვეყნის აღმშენებლობა, მისი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და არა დაპირისპირება და დაქსაქსულობა ქვეყნის მმართველ შტოებს შორის.

მოგიწოდებთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და აქტივობისაკენ, რადგან ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია ავირჩიოთ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მხარდამჭერი, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით მოსახლეობის კეთილდღეობაზე მზრუნველი, საქართველოს გამთლიანებასა და დევნილთა საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნებისათვის, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისთვის მებრძოლი და არა  პოლიტიკური ანგარიშსწორების რევანშით შეპყრობილი და სამოქალაქო სიმშვიდის ამრევი პრეზიდენტი. ნუ ავყვებით მავანთა პროვოკაციებს, რომლებიც ცდილობენ სოციალური პრობლემების პოლიტიზირებას. ქვეყნისთვის სასურველი პრეზიდენტის ასარჩევად თითოეული თქვენგანის ხმას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოავლენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, მაღალ პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას და ქვეყნის ინტერესებზე, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობაზე ორიენტირებულ სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

თბილისი

20.11.2018

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions