აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებისთვის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და კვარტეტმა „აფხაზეთმა“ ქართულ-აფხაზური სიმღერები და ცეკვები  შეასრულეს.

 

დამსწრეთ აფხაზეთის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ამასთანავე, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ მისი სიტყვები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიამდეც, მოძმე აფხაზებამდეც მიაღწევდა; ბატონმა ჯემალმა აღნიშნა:

„ეს დღე დაწესებულია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს ძმებს, მათ, ვინც ენგურს გაღმა ცხოვრობენ და რომელთანაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ნდობის აღდგენა, შერიგება! ჩვენი გზავნილი ამ დარბაზიდან აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ არის, ალბათ, ის აფხაზური ცეკვა და სიმღერა, რომელიც აქ შესრულდა. ჩვენი გზავნილი იყო და არის მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა მშვიდობა და შერიგება აფხაზებთან. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა მოვლენები განვითარდა აფხაზეთში ბოლო დღეებისა და კვირეების განმავლობაში. მათ არც ემღერებათ და არც ეცეკვებათ. დღეს იქ არის ძალიან მძიმე ვითარება, ვითარება, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი კვალი დატოვოს აფხაზების ისტორიაში, მათ თვითშეგნებაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ იქ ტარდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები და ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც უნდა მიეღო მონაწილეობა დე-ფაქტო არჩევნებში და რომელიც ოპოზიციის კანდიდატი გახლდათ, თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვში მოწამლეს და იქვე „მკურნალობენ“. ეს არის ტრაგი-კომიკური სიტუაცია. თუ როგორ უმკურნალებენ მას, როდის დადგება ის ფეხზე, ან საერთოდ დადგება თუ არა ეს კაცი ფეხზე, ძნელი სათქმელია; იქ არის მიტინგები, გამოსვლები, გამოცხადდა დაუმორჩილებლობა და შემდგომში მოვლენები თუ რა განვითარებას ჰპოვებს, არავინ იცის!  მაგრამ  მთავარი პრობლემა მაინც იმაში გახლავთ, რომ ვერც ჩვენ და ვერც აფხაზებმა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ურთიერთობის დარეგულირება. ვერ მოვახერხეთ შერიგება, თანხმობის მიღწევა, ნდობის აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენის მხრიდან მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. თუნდაც ყოფით დონეზე, რომ იყოს ერთიანი აფხაზური და ქართული საზოგადოება, მტერი ასე ხისტად ვერ იმოქმედებდა. დღეს ასლან ბჟანია განასახიერებს აფხაზ ერს: ის იქ მოწამლეს და ტყვეობაში იმყოფება, ზუსტად ასეთ ტყვეობაშია აფხაზი ერი: რა ელის ბატონ ბჟანიას და რა ელის აფხაზებს ხვალ და ზეგ, არავინ იცის. გამოსავალი არსებობს მხოლოდ ერთადერთი - გავუწოდოთ ხელი ერთმანეთს, შევრიგდეთ,აღვადგინოთ ნდობა და დავიწყოთ ურთიერთობა! ასეთია ჩვენი მთავარი გზავნილი აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ“- განაცხადა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.













































































































































Печать