ჯემალ გამახარია - იმედი მაქვს, გერმანიის საელჩო განცხადებას გააკეთებს რატომ და როგორ ჩამოვიდნენ გერმანიის მოქალაქეები აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ “მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის სრულიად უკანონო და არალეგიტიმურია.

 

"გუშინ ჩატარდა ე.წ. არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონო. ომამდე აფხაზეთში იყო 347 000 ამომრჩეველი, ამ ე.წ. არჩევნებზე კი, ოფიციალური მონაცემებით, დააფიქსირეს 118 000. ანუ, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შემდეგ ამომრჩეველი თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. როდესაც ამომრჩეველთა ორი მესამედი განდევნილია ტერიტორიიდან, ტერიტორია ოკუპირებულია და მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, რომელ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - განაცხადა გამახარიამ.

 

“პირადად ჩემთვის, როგორც იქაური მაცხოვრებლისთვის, სულერთი არ არის ვინ იქნება იქ დე-ფაქტო მმართველი. აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო ლიდერი, არასდროს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ზემოდან დანიშნული ადამიანი ამ დანაშაულზე წავა.  ილუზიები არ გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აფხაზთა მიერ არჩეული პიროვნება პოლიტიკას შეცვლის, მაგრამ აქ მთავარია, რა პოლიტიკა ექნება დე ფაქტო მმართველს რუსეთთან მიმართებაში“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

 

„ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ე.წ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა, დაახლოებით, 56%-მა. ეს, დაახლოებით, 65 000 ამომრჩეველია. ბევრი არ მივიდა, რადგან იმედგაცრუებულია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანდიდატები ერთმანეთს ებრძვიან, იმისათვის, ვინ დაისაკუთრებს იმ სუბსიდიებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან”.

 

ბატონი ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა. გუშინ დღის მეორე ნახევარში რუსული საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ მან ე.წ. არჩევნების მასობრივი გაყალბება დაიწყო.



როგორც ჯ.გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, „ე.წ. არჩევნების „ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მას დაესწრო გერმანიის ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიტერი, ის არის ახალი, ულტრა მემარჯენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელი,  რომელსაც რუსეთი აფინანსებს. ასევე, ამ პარტიის წევრია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული გუნარ ლინდემანი, რომელიც ბერლინის საკრებულოს წევრია. მათთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებოდა ვენიდან ჩასული პიროვნება პატრიკ პოპელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვოროვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელსაც, ასევე „სლავიანსკი მირ“ აფინანსებს,რომელიც თავის მხრივ, ფსბ-ს მიერაა შექმნილი და დაფინანასებული“, -აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

 

„ოჩამჩირე ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და ამ დალოცვილებმა ახლა იქ ნახეს ცარიელი სახლები და აცხადებენ, რომ მოსახლეობის გარეშე ჩატარებული არჩევნები ოჩამჩირეში დემოკრატიულია.

ბერლინიდან და ვენიდან ვინც აფხაზეთში ჩამოვიდნენ, თითქოს კერძო პირები არიან, მაგრამ მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ფაქტობრივად, დამნაშავეები არიან და დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მათ მოექცევა ზუსტად ისე, როგორც უნდა მოექცნენ დამნაშავეებს. ამის შესახებ ძალიან სერიოზული განცხადება მაინც უნდა გაკეთდეს. იმედი მაქვს, განცხადებას გააკეთებს გერმანიის საელჩოც, თუ რატომ ჩაიდინეს დანაშაული აღნიშნულმა მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე და უგულებელყვეს მისი სუვერენიტეტი“, - განაცხადა ბატონმა ჯ.გამახარიამ.

 

როგორც მან დასძინა, საქართველოს მიზანი უნდა იყოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამჯერადაც დაგმოს ე.წ. არჩევნები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა გუშინ აფხაზეთში და რა ხდება დღეს.


ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" 26.08.2019

https://www.youtube.com/watch?v=p2xJmC0XFVo



Печать