აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემ მოაწერეს.

 

მემორანდუმის მიზანია „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო“-ს და „აფხაზეთის უმაღლეს საბჭო“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით თავისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, ასევე ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ჯემალ საჯაია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის წევრები ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას დაესწრნენ.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას და მემორანდუმის გაფორმება შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება: -„ვფიქრობ, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაღრმავებით, ერთმანეთისთვის კონსულტაციების გაწევით, მჭიდრო კოორდინაციით,  სამუშაო ჯგუფების ჩართულობაით, ერთობლივი სემინარებით და ღონისძიებებით უფრო შედეგიანი იქნება დევნილთა პრობლემებზე მუშაობა. რაც შეეხება ინფრაქსტრუქურის მოწობას, საგზაო, წყლის მიწოდებისა და გაზიფიცირების საკითხები მოგვარებულია დანიის ლტოლვილთა საბჭოს ხელშეწყობით, კლუბისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს დანიის ლტოლვილთა საბჭოს პროექტების მიხედვით, საცხოვრებელი ფართის პრობლემაც თითქმის მოგვარებულია - 95 %-ს დაუკანონდა, დანარჩენ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან ერთად“.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას თქმით, „ეს არის მიზანმიმართული, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჩვენს დევნილებთან მიმართებაში. როგორც ვიცით, დევნილები აქ ჭარბად არიან დასახლებული, ჩვენი მიზანიცა და ამოცანაც გახლავთ, გავეცნოთ კონკრეტულად თითოეული დევნილის, თითოეული ოჯახის პრობლემას და რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, ერთობლივი ძალებით გავაკეთოთ. ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მუშაობას მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან - ჩავატარებთ ერთობლივ სხდომებს, ერთობლივ ღონისძიებებს, შევხვდებით დევნილებს, შევისწავლით მათ პრობლემებს, ცხადია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერით“.


„არ დაგიმალავთ,  ჩემთვის აქ ყოფნას ემოციური ფონიც თან ერთვის. მოგეხსენებათ, მე სპეციალობით ისტორიკოსი გახლავართ და კარგად ვიცი აფხაზეთის საკათალიკოსო, მისი ურთიერთობა იმერეთის რეგიონთან და კონკრეტულად ხონთან - ხონის ეპისკოპოსების კურთხევა ხდებოდა ბიჭვინთაში და არაერთი ასეთი ისტორიული ფაქტი, არაერთი ხონელი არის დაფიქსირებული ბიჭვინთის ისტორიაში...  ხონელი „ვეფხისტყაოსანშიც“ არის მოხსენიებული.  ალბათ, სიმბოლურიც იყო ის, რომ ჩვენ საჩუქრად გადმოგვეცა ჩვენთვის და საერთოდ ყველა ქართველისთვის ძვირფასი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“,- დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, ხონის საკრებულოს მუნიციპალიტეტმა დიდი სამუშაოები ჩაატარა აფხაზეთიდან დევნილი მომოქალაქეების მისამართით, მაგრამ მემორანდუმის გაფორმება ითვალისწინებს დღეისათვის არსებულ ახალ გამოწვევებზე ერთობლივი ძალებით მუშაობას, რადგანაც ცალ-ცალკე ეს პრობლემები ვერ გადაწყდება. მისასალმებელია, რომ ჩვენს საინტერესო შეთავაზებებზე მასპინძლების მიგებება იყო ადეკვატური - აღნიშნა თ.ხუბუამ.



https://www.facebook.com/pg/ხონის-მუნიციპალიტეტის-საკრებულო-408462215980279/photos/?tab=album&album_id=1367507783409046&__tn__=-UC-R

 










Печать