აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას შემაჯამებელი ბრიფინგი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავარში 2019 წელს გაწეული საქმიანობის და მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მოითხოვს, კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომელიც აფხაზებს და ოსებს მისცემს საშუალებას, საქართველოს მოქალაქეობა მარტივად მიიღონ.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზების და ოსების დიდ ნაწილს სურს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, თუმცა, გართულებული პროცედურების გამო, ეს ხშირად ვერ ხდება.

 

„საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩამოდის ენგურს აქეთა საქართველოში. ჩვენ, ზუგდიდში წარმომადგენლობა გვაქს, სადაც კვირაში მინუმუმ 2-3 აფხაზი იღებს გამზადებულ დოკუმენტაციას, რომ შეიტანოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ესაა ის შედეგი, რაც არის დღეისათვის მიღწეული, ეს პატარა შედეგი არაა. თუ ჩვენ ასე მივუდგებით აფხაზებს და ოსებს, რომ თუ რუსეთის მოქალაქე ხარ, ვერ მიიღებ საქართველოს მოქალაქეობას, მაშინ 80-90% აფხაზებსა და ოსებზე, შესაბამისად იმ ტერიტორიაზე, ვამბობთ უარს. ესაა ყოვლად დაუშვებელი. აფხაზეთის მთელი მოსახლეობის 80-90% რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქეობა მათთვის, ესაა ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის პურის და კარაქის ტალონი. თუ ის ტალონი არ იყო, შენ ვერ მიიღებდი საჭმელს, ვერ შეჭამდი. მსგავსი მიდგომაა აქაც, თუ მას რუსეთის პასპორტი არ ექნება, ვერსად  წავა, ვერ ისწავლის და ვერაფერს გააკეთებს. რუსეთის პასპორტი მისთვის არის გადარჩენის საშუალება. იქ ქართველმა რომ სიმღერა წაიღიღინოს, ამისთვის სჯიან. ენგურს იქით არ არსებობს ქართული ენა და ახლა მათ ქართული ენის ცოდნა რომ მოვთხოვოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ უარს ვეუბნებით მოქალაქეობაზე. ჩვენ ამ ადამიანებს წავუყენეთ ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ირანელს, არაბს წაუყენო და სავსებით კანონიერადაც. ეს პრობლემა მოსაგვარებელია,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის საქართველოს მოქალაოქეობის მიღება რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ხშირად მას მიმართავენ თხოვნით:

 

„ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობას, ანიჭებენ კიდევაც, თუმცა ეს იმდენად გართულებულია, ნერვიულობასთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ისინი უკვე მოგვმართავენ ჩვენ დახმარებისთვის. აფხაზი დაბადებით არის საქართველოს მოქალაქე. დაიბადა ის სოხუმში, გაგრაში თუ ოჩამჩირეში“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

 

 

 

„გმირი ვაჟა გაფრინდშვილი ჯალათებს ეუბნება, რომ საქართველოს შიგნით საზღვრებს არ ცნობს”

 

„2019 წელს საქართველომ შვა კიდევ ერთი ეროვნული გმირი ვაჟა გაფრინდაშვილის სახით. მინდა მას მივესალმო და მის ოჯახს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო“ – ასე შეაფასა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, 21-ე საუკუნის ცივილიზებული სამყაროსთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის ამ დრომდე პატიმრობა სირცხვილია. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ექიმი პატიმრობიდან იხსნან.

„როგორც ხედავთ გმირობისთვის განსაკუთრებული არაფერია საჭირო. საჭიროა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და ღირსების გრძნობა, რომელიც მოჭარბებულად აღმოაჩნდა ამ ადამიანს. მან, თავისუფლად გადალახა მავთულხლართები ისე, რომ იცოდა დააპატიმრებდნენ მაგრამ, საკუთარი თავი არაფრად ჩააგდო. ის, იმ ჯალათებს ეუბნება, რომ არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და საქართველოს შიგნით არავითარ საზღვრებს არ ცნობს. ამის გამო ეს ადამიანი პატიმარია. ესაა მსოფლიოს, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს სირცხვილი. საყოველთაო სირცხვილია, რომ 2019 წელს, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა გვაქვს ევროპაში. სადღაც რომ იყოს, ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებადაა დემოკრატია და ცივილიზაცია განვითარებული გასაგებია, თუმცა, როგორ შეიძლება ევროპაში ეს ხდებოდეს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯემალ გამახარია იმედს გამოთქვამს, რომ ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დაუბრუნდება: „იმედი მაქვს, რომ ახალ წელს, ჩვენი გმირი თავის ოჯახთან ერთად შეხვდება“.

ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმის ორი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრისკვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.



“ჩვენი მიზანია, დისტანციური პროგრამის მეშვეობით, გალში მაცხოვრებელ ქართველ მოზარდებს, მშობლიური ენა ვასწავლოთ”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თვლის, რომ რაც ენგურს მიღმა, კონკრეტულად კი, გალის რაიონში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

 

მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის, არათუ მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ საუბარი და სიმღერაც კი აკრძალულია.

 

როგორც ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, უმაღლესმა საბჭომ, ენგურს მიღმა დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის, უკვე დაიწყო პროექტის განხორციელება, რაც ქართული ენისა და პროგრამული საგნების დისტანციურად სწავლებას გულისხმობს.

 

მისი თქმით, ამ მეთოდით, ცდილობენ, შეაღწიონ თითოეულ ქართულ ოჯახში და ქართველ მოზარდებს მშობლიური ენა ასწავლონ:

 

„დედამიწაზე უამრავი ოკუპირებული ტერიტორია არსებობს, მაგრამ ისე არსად ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ენგურს მიღმა. რაც იქ ხდება, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. იქ არათუ სწავლა მშობლიურ ენაზე, არამედ საუბარიც არ შეიძლება, სიმღერა არ შეიძლება, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვმა რომ იმღეროს ქართულად, ამისთვის იქ მთელი სკოლის დირექციას და პედაგოგებს მოხსნიან. ამის გამო, აუცილებლად მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გარდა ამისა, ჩვენ, უმაღლესმა საბჭომ, გადავწყვიტეთ და უკვე დავიწყეთ დისტანციური სწავლება ქართველი მოზარდებისთვის.

 

“ჩვენი მიზანია, ამ პროგრამის მეშვეობით, ამ დისტანციური სწავლების მეშვეობით, გალის რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების ოჯახებში შევიდეთ. შეიძლება ყველა ოჯახში არ იყოს სკოლის მოსწავლე, მაგრამ მათ უმეტესობას მოსწავლე ჰყავს და ყველა ამ ოჯახში ნელ-ნელა, უკვე შევდივართ. ქართულ ენაზე, საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით, ვასწავლით ბავშვებს დისტანციურად. ქართულად, ქართული პროგრამით, ქართული სახელმძღვანელოებით. თავიანთ კომპიუტერებში და სმარტფონებში, მათ აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ ქართულ ენაზე გაკვეთილებს, დაწყებული პირველი კლასიდან, დამამთავრებელი კლასის ჩათვლით, ნებისმიერ საგანში.

 

ჯერ ვერ გეტყვით, რომ მთელი მოსახლეობა მოვიცვით, მაგრამ დღითიდღე იზრდება ამ ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, მათთვის საფრთხისშემცველია, ხმამაღლა განვაცხადოთ რასაც ვაკეთებთ, და მოვუწოდოთ, რომ მოვიდნენ და ჩაეწერონ, რადგან ამან შესაძლოა, უკურეაქცია გამოიწვიოს ოკუპირებულ რეჟიმში და სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ, მაგრამ ჩვენ ვხვდებით იქაურ პადაგოგებს, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, მოსწავლეებს, ამ დღეებშიც გვქონდა შეხვედრა ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში და ძალიან ბევრმა, ვინც ჯერ არ არის ჩართული, გამოთქვა პროექტში ჩართვის სურვილი. ეს ყველაფერი არის სწორედ მიმართული დეოკუპაციისკენ,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.



 

 

რუსეთის მთავრობა აფხაზეთში, უძრავი ქონების შესყიდვის საკითხს განიხილავს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთის დუმის წევრები, აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვის საკითხს განიხილავენ.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, აფხაზეთის ქონება, მთლიანად რუსეთის მიერ იქნება შესყიდული. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირად საუბრებში, აფხაზ ხალხს ემუქრებიან და ულტიმატუმს უყენებენ.

 

„16-17 დეკემბერს, სოხუმს სტუმრობდნენ რუსეთის დუმის წარმომადგენლები. მათ დააყენეს საკითხი, რომ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი. ოღონდ მიეცი რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლება და ერთი წლის განმავლობაში თუ უფრო ადრე არა მთელი აფხაზეთი, რუსეთის მიერ იქნება შესყიდული. მადლობა იმ აფხაზებს, რომლებიც ჯერჯერობით ამაზე არ მიდიან, მაგრამ რუსეთის დუმის წევრების თხოვნა, ფაქტობრივად იქცა ულტიმატუმად. აფხაზებს, ყველას გასაგონად არა, მაგრამ პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ თუ შესყიდვას არ დასთანხმდებიან, დაფინანსებას არ მისცემენ, იქ პროექტებს არ დაუფინანსებენ და ა.შ.“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" 27.12.2019
https://www.youtube.com/watch?v=3EAnkLPiK8E&feature=youtu.be







Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions