მიშელ მუსხელის წიგნი „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“


2019 წლის ნოემბერში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის (ელჩი, ბ-ნი ირაკლი გივიაშვილი) ერთობლივი მუშაობით გამომცემლობამ „ფორმა“ დასტამბა მიშელ მუსხელის წიგნი „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, რომელშიც შესულია მიშელ მუსხელის  ნაშრომები ფედერალიზმის შესახებ და ამონარიდები მისი და გასტონ სტეფანის წიგნიდან „ევროპა ფედერალიზმის პირისპირ“. წიგნი ფრანგული ენიდან თარგმნა მარიამ კვესელავამ, ხოლო ქართულ ენაზე  მისი გამოცემის იდეის ავტორი და წიგნის მთავარი რედაქტორ - გამომცემელია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების კოორდინატორი ზურაბ ჯგუბურია.

 

წიგნში შესანიშნავადაა განმარტებული ყველა ის მიზეზი, რის გამოც  მუსხელი და მისი უცხოელი თუ ევროპაში მცხოვრები ქართველი კოლეგები ქვეყნის მოწყობის საუკეთესო მოდელად ფედერალურ მოდელს მიიჩნევენ. „...ფედერალიზმი ადამიანს განიხილავს მისი  სრულფასოვანი არსებობითა და მისი მომავლით, როგორც ადამიან-პიროვნებას; თანაბრად, როგორც ინდივიდსა და როგორც მოქალაქეს, როგორც თავისუფალს და როგორც საზოგადოების ნაწილს“,  - ამბობს ის.

მიშელ მუსხელი (მუსხელიშვილი) გასულ საუკუნეში მოღვაწეობდა ევროპაში. ის იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი, ფრანგული პოლიტოლოგიის სკოლის ერთ-ერთი აღიარებული ქართველი მეცნიერი და პოლიტოლოგი, რომლის შემოქმედებასაც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობენ.

მიშელ მუსხელმა მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ევროპულ ფედერალიზმს და  ფედერალისტურ მოძრაობას და საქართველოშიც ფედერალური მოწყობის აქტიური მომხრე და მქადაგებელი იყო. თავის ქართველ კოლეგებთან ერთად, მას ეჭვი არასოდეს შეჰპარვია, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ერთიანი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

 

ბოლშევიკების მოძულე და მათ მიერვე შავ სიაში შეყვანილი ქართველი მეცნიერი დღიდან სამშობლოდან წასვლისა, უკან არასოდეს დაბრუნებულა დაუცხრომელი სურვილის  მიუხედავად, მაგრამ მას არასოდეს შეუწყვეტია თავისი ქვეყნის მომავალზე ფიქრი.

მუსხელს, რომელსაც ეკუთვნის მეოცე საუკუნის ნახევარში სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის (ე.წ. სოციალისტური) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნა, რომელსაც შემდგომ მუსხელის ცენტრი (Michel Mouskhely Centre) უწოდეს და დღესაც ასე ჰქვია, მიაჩნდა, რომ „საბჭოთა კავშირი, ისე როგორც მეფის რუსეთი (ჩვენ კი, ჩამონათვალს შეგვიძლია დავამატოთ დღევანდელი რუსეთის ფედერაცია) არ ეკუთვნის დასავლეთს არც პოლიტიკურად და არც სულიერად. მართალია, ის დღეს იმყოფება თვით ევროპის შუაგულში, მაგრამ მაინც ვერ იქცევა დასავლეთის ქვეყნად. მის აქ ყოფნას მძიმედ განიცდიან ევროპელები და თავად უცხოდ  გრძნობენ თავს ამ უცხო მიწაზე. არ არსებობს საერთო საზომი რუსსა და ევროპელს  შორის“, - წერდა ის, რაშიც შეუძლებელია, არ დაეთანხმო.

 

ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მუდამ ევროპაში მიმდინარე დემოკრატიული მოვლენების ავანგარდში მდგარმა მეცნიერმა თავისი აზროვნებით დროს მართლაც გაასწრო, მით უმეტეს, როცა ამის დადასტურება ფაქტებითაც შეიძლება: ჯერ კიდევ ევროკავშირის შექმნამდე, მაშინ, როცა რობერტ შუმანი და ჟან მონე საუბრობდნენ ევროპის გაერთიანების იდეაზე, მიხეილ მუსხელი ევროპის წამყვან ჟურნალ-გაზეთებში უკვე აქვეყნებდა ამ თემაზე სტატიებს და აქტიურად მონაწილეობდა ევროგაერთიანების შექმნის პროცესებში.

 

მუსხელი ევროგაერთიანების იდეის ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი გახლდათ. ის იმ რამდენიმე ევროპელ მეცნიერთა შორის იყო, რომელთაც პირველებმა წამოაყენეს ევროგაერთიანებისა და ევროპული საზღვრების  მოშლის იდეა. თავისი შეხედულებები მან დაგვიტოვა მონოგრაფიის სახით - „ევროპის ფედერალური სტრუქტურა“. როგორც მისი კოლეგა და მეგობარი ალექსანდრ მარკი ამ ნაშრომის წინასიტყვაობაში ამბობს, „მისი ნააზრევი გამსჭვალულია ფედერალიზმის ახალი, თამამი, რევოლუციური კონცეფციით“; ის ნამდვილად გამოირჩეოდა სწორედ თავისი უკომპროსობითა და  გაბედულებით, რის გამოც, მარკი, იმავე მონოგრაფიის შესავლში, მუსხელს არა მხოლოდ „მასწავლებელს, თეორიტიკოსს, მწერალს და პროფესორს“, არამედ „აქტივისტსაც“ უწოდებს, რომელიც ამ სითამამესთან ერთად კარგად „აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ამ გამოწვევის მნიშვნელობას“.

 

1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინა დღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა ევროგაერთიანების მხურვალე ინიციატორის მიშელ მუსხელისა (მუდამ ახალგაზრდული სულის მქონე პროფესორი ყოველთვის თავის სტუდენტების გვერდით იდგა და თითქოს ლოგიკურია, რომ გარდაცვალებითაც სწორედ მათთან ყოფნის დეოს დაიღუპა ტრაგიკულად) და სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მოშალა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, სადაც მუსხელს ასეთი სიტყვები უთქვამს: „ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს“.

 

ვერ გეტყვით, რამდენად დიდი, მაგრამ, მიშელ მუსხელის მიერ დანთებული „ფედერალური“ კოცონი სტარასბურგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მეცნიერი, კიდევ ერთხელ ნამდვილად აბრიალდა მრავალი წლის შემდეგ საქართველოს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, 2019 წლის 1-4 დეკემბერს, საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად დამტკიცების გამო, ოღონდ ახლა უკვე ქართულ ენაზე გამოცემული მისი წიგნის სახით.

ვულოცავთ მკითხველ საზოგადოებას, პოლიტოლოგებს, პლიტიკოსებს, ამ მართლაც საჭირო წიგნის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას.

 

წიგნის წინასწარსიტყვაობაში გამოყენებულია ფრაგმენტი  ქართველი იურისტის, პოლიტიკოსის და პუბლიცისტის   ნიკა რურუას წიგნიდან „ის, რაც გვაძლიერებს“:

„...განხილული საკითხები, მოსაზრებები და შეხედულებები მკითხველს კიდევ უფრო მეტი ფიქრისა და მსჯელობისკენ მიმართავს, რადგან აქ გამოთქმული ყველა პოზიცია, ცხადად, განხილვას საჭიროებს“.

ირმა (ინა) არჩუაშვილი

წიგნის რედაქტორი
































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions