შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, გიორგი ბარამიძესთან. ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირთან.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, რომელიც უძღვებოდა ამ შეხვედრას და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მადლობა გადაუხადეს ვიცე-პრემიერს, მის მიერ ყველა ეტაპზე გამოხატული თანადგომისა და  მხარდაჭერისათვის.

 

გიორგი ბარამიძემ დაწვრილებით განიხილა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების ირგვლივ სადღეისოდ განვითარებული მოვლენები და მას  რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი უწოდა.

 

”ჩვენ მზად ვართ პატივი ვცეთ რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, მაგრამ მოვითხოვთ კრემლმა დაიცვას სამი პირობა და პატივი სცეს:

 

1.საქართველოს სუვერენიტეტს,

2.საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,

3.საქართველოს მოსახლეობის არჩევანის თავისუფლებას.

 

ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ვრცლად ისაუბრა ევრო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სადღეისოდ არსებულ ვითარებაზე. მისი განმარტებით, ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ნაციონალური პროგრამა (ANP×n) არის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოიპოვა საქართველომ იმ რეფორმების გასატარებლად, ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების რომ დააჩქარებს.

 

”ჩვენს ქვეყანას აქვს აბსოლუტურად რეალისტური პერსპექტივა გახდეს ნატოს წევრი. ქართული სახელმწიფო, მართალია,  წინააღმდეგობების დაძლევის გზით, მაგრამ ძლიერად და გაბედულად მიდის წინ, ისე რომ არ ვთმობთ არც ერთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრინციპს, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა,” - დასძინა გიორგი ბარამიძემ.

 

გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ფუნქციონალური დატვირთვის, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური დანიშნულების შესახებ და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ამ სტრუქტურების მაქსიმალურ ჩართულობას კონფლიქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სხვა სახის  პროცესებში.

 

ამასთან ერთად, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურების არსებობა აუცილებელია.

 

"კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო აფხაზეთის მთავრობის მნიშვნელობა. შეიძლება, თქენი საქმიანობა მედიით ნაკლებად შუქდება, თუმცა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, უკანა პლანზე არ ხართ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ. თქვენ კონფლიქტის დასარეგულირებლად მიმდიბარე მოლაპარაკებებში მონაწილეობთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ არანაირი კონფლიქტი აფხაზეთისა და ცენტრალურ ხელისუფლებებს, ასევე აფხაზ და ქართველ ხალხს შორის არ არსებობს", - განაცხადა ბარამიძემ და აქვე დასძინა, რომ ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ეთნიკურად ქართველები და ის აფხაზებიც გახდნენ, რომლებიც სეპარატიზმის იდეას არ იზიარებდნენ.

 

ამის მაგალითად ბარამიძემ მარშანიების გვარი დაასახელა.

 

 

Печать