ხუბუამ აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს,როცა ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის.
„აფხაზეთში ენერგოკრიზისია, 8 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება. ეს დაკავშირებულია ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კლებასთან. ცივი ამინდის პირობებში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია. გამოსავალია, სხვა დამატებითი წყარო მოიძებნოს ელექტროენერგიის მისაღებად. საქართველოში ენგურჰესი რასაც გამოიმუშავებს, ეს მთლიანად მიეწოდება აფხაზეთს. დამატებითი რესურსები საქართველოს არ აქვს, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლება სწორად აკეთებს, რომ ეს რესურსი მთლიანად ხმარდება ადამიანებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსკოვიდან იქ ჩავიდა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი და შეხვდა ე.წ. ეკონომიკის მინისტრს. ჩვენი ინფორმაციით, ისინი საუბრობენ იმ შეთანხმებებსა და რეგულაციებზე, რაც შეიძლება რუსეთმა მიმართოს ამ კრიზისის დაძლევის თვალსაზირისით აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მოვუსმინე ქალბატონი თურნავას განცხადებას და სწორი პოზიციაა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ეკონომიკის სამინისტრო, მაქსიმალურად შეცდებიან, როგორც დღემდე აკეთებდნენ ამას, რომ მდგომარეობის გაადვილების თვალსაზრისით ყველა ღონე გაატარონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ელექტროენერგია, რაც ენგურჰესიდან მიდის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს თბილისის კეთილი ნებაა. ჩვენ ამ საკითხში მადლობა გვეკუთვნის. ეს სწორი პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჩვენი მოქალაქეების, ქართველებისაც, რუსებისაც და აფხაზებისაც, ვინც იმ ტერიტორიაზეა, მათი უფლებები დავიცვათ. ელექტროენერგიის დეფიციტი იქ ქმნის ძალიან გაუსაძლის პირობებს, ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის“, – განაცხადა ხუბუამ.
ცნობისთვის, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონეა, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 440 მეტრს შეადგენს (ზღვის დონიდან) და დღე-ღამეში ერთი მეტრით კლებულობს. 420-მეტრიან ნიშნულზე სადგური უნდა გაჩერდეს.