გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

24 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხივე საკითხი პრეზიდიუმის წევრთა მიერ განსაკუთრებულად აქტუალურად შეფასდა და მათი დეტალური განხილვა ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგრძელდა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ პირველ საკითხად კოლეგებს ვრცელი მოხსენება წარუდგინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომელიც ახალ კორონა ვირუსთან (COVID-19–თან) დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ჩატარებული ღონისძიების „სოციალური სოლიდარობისთვის“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სამასამდე ოჯახს გაეწია ერთჯერადი დახმარება პირველადი მოხმარებისა და სურსათის სახით. აღნიშნული აქცია გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში და განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ღონისძიების საჭირო და დროულ ჩატარებას. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად მძიმე ყოფაში მყოფი ოჯახები კვლავ საჭიროებენ „სოციალურ სოლიდარობას“, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა პლენარულ სხდომაზე მიღებული დადგენილების საფუძველზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე აქცია გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით.

პრეზიდიუმზე განიხილეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში შემოსული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2019 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგების შესახებ“. მოხსენება აღნიშნულ თაობაზე გააკეთა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ზემოხსენებულ დოკუმენტში წარმოდგენილ ცალკეულ საკითხებზე, რომელთა ირგვლივ გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები, დაისვა შეკითხვები. ბ-ნ ნ. ქაშიბაძემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და დეტალურად განმარტა ცალკეული საკითხები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ გააკეთა ინფორმაცია კაბინეტის მანდატის ჩარჩოს ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ანალიზის მომზადებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობას. აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ და მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით, რამდენიმე სარჩელი წარადგინოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებში.

პრეზიდიუმმა განიხილა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროექტების - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დისტანციური სწავლებები“ და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სტუდენტებისათვის „საშაბათო ინგლისური ენის კურსები“ და ასევე ეფექტური სწავლების ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პედაგოგთა გადამზადების დისტანციური კურსის მიმდინარეობის შესახებ. ვრცელი მოხსენება გააცნო დეპუტატებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ. მან ვრცლად ისაუბრა კლასგარეშე დისტანციური სწავლებისა და აფხაზეთიდან პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე. ამასთან, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერაზე.

პრეზიდიუმის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გელენავამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.













































































Печать