აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში მოიცავს 2020 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
ანგარიშის თანახმად, ადგილზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა გაუარესებული და საგანგაშოა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩორჩანა-წნელისის მხარეში არსებულ რთულ ვითარებაზე. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო ტექნიკის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისთვის.“ - აღნიშნულია ანგარიშში.
გენერალური მდივნის ანგარიშში ასევე საუბარია ყველა იმ გამოწვევებზე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე. ანგარიშში ხაზგასმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულია, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ართულებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღებას და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგორის მაცხოვრებლებისთვის, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ.
მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შესაქმენლად მიმართულ ძალისხმევაზე, მათ შორის, COVID-19 პაციენტების სამედიცინო ევაკუაციისა და მკურნალობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
ბატონმა ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი საქართველოსგან, რასაც თან დაერთო კოვიდ -19 პანდემიის გამო შექმნილი უმძიმესი გამოწვევები.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანონო დაკავებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობების ტრაგიკულ შემთხვევებზე. სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ასევე გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაწეულ ძალისმხევაზე, რომელიც განხორციელდა უკიდურესად რთული გამოწვევების საპასუხოდ, განსაკუთრებით კი ეპიდემიოლიგიური ვითარების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამასთანავე, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია და კონსოლიდირებული მიდგომა გადამწყვეტია, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, უარი თქვას ოკუპაციაზე და იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამ-ის სახელით.
ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
სუამ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.
Consolidated report on the conflict in Georgia