გადმოცემის მიხედვით, როგორც კი მამამ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი, იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დაწვა, ამოვარდა ძლიერი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა იმ ქვეყნის მმართველი, მის სასახლეს მეხი დაეცა, ისე რომ, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
წმინდა ბარბარე სიმბოლოა ადამიანის ურყეობის, სიმტკიცის, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების; ის გამორჩეულად უყვართ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სწამთ მისი ძალისა და მადლის. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ოდითგან საქართველოში წმინდა ბარბარეს სახელობის უამრავი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი არსებობს, მათ შორის ენგურსგაღმა, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ წმინდა ბარბარეს ევედრებიან სნეულთა განკურნებას, შვილების, ოჯახის, ქვეყნის შეწევნას. ამ ვერაგი კორონა-პანდემიის ჟამს ქალწულ-მოწამეს შევევედროთ, უპირველესად, შეგვეწიოს მის დამარცხებაში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ულოცავს ყველა მორწმუნეს, თითოეულ თანამოძმეს და უსურვებს უახლოეს მომავალში ამ დღეს წმინდა ბარბარეს ენგურსგაღმა სალოცავში შევკრებილიყავით, ჯანმრთელად, მშვიდობიანად ერთიანი საქართველოს ფარგლებში.