19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა-ვედრება და მოევლინათ ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
ნიკოლოზი დაბადებიდანავე სასწაულებს აღასრულებდა, მარხულობდა, სიყრმიდან ტაძარში იზრდებოდა, ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იყო მეტად გულმოწყალე, მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა და ცდილობდა კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა.
მირონ–ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ღვთისგან მონიჭებულ სასწაულს გაჭირვებულთა, სნეულთა, დევნილთა შემწეობას, მათ მფარველობას ახმარდა. წმინდა ნიკოლოზი თავადაც გახდა დევნილი, როცა ქრისტიანებისადმი მტრულად განწყობილმა იმპერატორმა დიოკლიტიანემ სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდო. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული. მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და რწმენაში განამტკიცებდა მასთან ერთად დატყვევებულებს. ბოლოს, როცა რომის ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, სასწაულმოქმედი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა.
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს სახელით ულოცავს თანამემამულეებს ნიკოლოზობის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს და გამოთქვამს რწმენას, რომ სასწაულმოქმედი წმინდანი შეეწევა ყველა სნეულს, დევნილს, გაჭირვებაშიმყოფს და დაგვაძლევინებს სასტიკ პანდემიას.