უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში ხათუნა გარგულიამ, როგორც ექიმმა და სამსახურის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად სიმამაცეც გამოამჟღავნა და პროფესიული თავდადებაც. მან შეძლო ეფექტურად უზრუნველეყო საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის მედპერსონალის მობილური ჩართულობა კორონა ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობის მართვის პროცესში. სწორედ ამან გადააწყვეტინა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ახალგაზრდა ექიმის საპატიო სიგელით დაჯილდოება.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილე დეპუტატებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მურმან კვარაცხელიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა, ზურაბ მებონიამ მაღალი შეფასება მისცეს საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ გაუსაძლის პირობებში პანდემიასთან გამკლავებისათვის გაწეულ შრომას. ხაზი გაესვა იმასაც, რომ უმაღლესი საბჭო, როგორც წინა სასესიო პერიოდში, მომავალშიც ყოველმხრივ მხარდაჭერას გაუწევს საბერიოს საავადმყოფოს. ცნობილია, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, საკუთარი სახსრებით და აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანადგომით, შეიძინა და საბერიოს სამედიცინო ამბულატორიას იქაური მედპერსონალის მიერ წარმოდგენილი თხოვნის შესაბამისად, საჭირო რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობა და ჟანგბადის ბალონები მიაწოდა.
ხათუნა გარგულიამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერისა და დაფასებისათვის და დასძინა, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ გამოჩენილი გულისხმიერება და ყურადღება დამატებითი სტიმული იქნება არა მხოლოდ მისთვის, აგრეთვე საბერიოს საავადმყოფოს მთელი მედპერსონალისათვის, რომელიც როგორც ერთი მთლიანი გუნდი თავდაუზოგავად იღვწის ურთულეს ვითარებაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად. 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღეს, რომელთაგან 312-ის ტრანსპორტირება განახორციელეს ენგურსგამოღმა შემდგომი მკურნალობისათვის, დანარჩენი ადგილზე მართეს. დღესაც ჰყავთ 18 ავადმყოფი, რომელთაგან 11 საყურადღებოა.
დაჯილდოების შემდგომ ხათუნა გარგულიამ უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერთ scara.gov.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საბერიოს საავადმყოფოს მედპერსონალის საქმიანობის შესახებ, რომელთა მეშვეობით ინფრასტრუქტურის, რესურსების სიმწირის მიუხედავად, ორი პროგრამა ფუნქციონირებს - სასწრაფო-გადაუდებელი დახმარებისა და სოფლის ექიმის პროგრამა. ორივე პროგრამას 38 მედპერსონალი ემსახურება, რომელთაგან 18 სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მიმართულებით არის დასაქმებული, დანარჩენი-ამბულატორია-სტაციონარს ემსახურება.
სოფლის ექიმის პროგრამა მოიცავს ამბულატორიულ სერვისს, სტაციონარს 10 საწოლზე. ხათუნა გარგულიას ინფორმაციით, საბერიოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ძველი მიმღების ტიპის სამსახური ერთი ექიმის და ორი მედდის შემადგენლობით. სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების პროგრამა უგზოობის, გაუმართავი მანქანის და არა ერთი სხვა ხელისშემშლელი მიზეზის მიუხედავად, მაინც ახერხებს რთულ პირობებში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მომსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მდინარე ენგურის მთელ ზედა ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უცაბედი საჭიროებისას, უპირველესად სწორედ მათი ეიმედებათ. არის შემთხვევები, როცა ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ ჰყოფნით, რადგან გამოძახება არის მეტი, განსაკუთრებით პანდემიის დროს. მისივე ინფორმაციით, ისინი გალის რაიონის რვა სოფლის მოსახლეობას და ენგურჰესის 1000-მდე მუშა-მოსამსახურეს უწევენ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას.
ხათუნა გარგულიას ინფორმაციით, საბერიოს საავადმყოფოს ექიმების სახელფასო ანაზღაურება 3-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ენგურსგამოღმა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე კოლეგების, რის გამოც კომპეტენტური კადრების დენადობა დაიწყო. საავადმყოფოს ამჯერად ექვსი კვალიფიციური ექიმი შემორჩა. ისინი ემსახურებიან როგორც სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების, ასევე სოფლის ექიმის პროგრამას: „გვიჭირს თვიდან თვემდე თავის გატანა. მოსახლეობა არის არაგადამხდელი, სიდუხჭირეში მყოფი. თანხა, რომელიც ჯანდაცვის ფედერალური უწყებიდან გვერიცხება, არასაკმარისია იმ სერვისების განსახორციელებლად, რაც მოსახლეობას სჭირდება. ლიმიტი არ გვყოფნის. 2006 წლიდან ჩვენთვის დაფინანსება არ შეცვლილა. ხარჯვითი ნაწილის მომატებაა საჭირო, მედპერსონალსაც უნდა გაეზარდოს ხელფასები, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, კუთვნილი შვებულებაც და დეკრეტულიც - არაანაზღაურებადია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მივმართეთ ფედერალურ ჯანდაცვას, სხვა უწყებებსაც და იმედი გვაქვს, რომ გამოსავალი მოინახება და მდგომარეობა გამოსწორდება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს შეეძლო დადებითი როლი ეთამაშა ჩვენი პირობების გაუმჯობესების საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ჩამოგვიყალიბდა საქმიანი ურთიერთობა,“- აცხადებს ხათუნა გარგულია.
როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საბერიოს მოქმედი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთათვის რაიმე სახის ხელფასის გაცემა არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში; პირიქით, რუსი და აფხაზი „მესაზღვრეებისაგან“ ხელისშემშლელ ბარიერებს აწყდებიან - საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრძალავენ მედიკამენტების გადატანას, რადგან ეს კონტრაბანდად ითვლება. ხათუნა გარგულიას განცხადებით, მთელი ამ წლების მანძილზე, საბერიოს საავადმყოფოს მესვეურები მხოლოდ პირადი ძალისხმევით, პირადი კონტაქტებით ახერხებენ მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების ადგილზე მიტანას, მაგრამ არ იციან, შეძლებენ თუ არა იგივეს ხვალ და ზეგ.
ხათუნა გარგულია განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავს საბერიოს სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე მედპერსონალის ღვაწლს, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს შეჭირვებული თანამოქალაქეების დასახმარებლად, მათი ჯანმრთელობის დასაცავად. მისივე განმარტებით, პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობისადმი მათი ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სახელმწიფოებრივი პოზიციის მატარებელი ცალკეული საჯარო თუ კერძო პირისაგან გამოხატული მხარდაჭერით, გულისხმიერებით და თანადგომით. ამ მხრივ მან, უპირველესად, თითოეული ენგურჰესელისა და მათი ხელმძღვანელის ლევან მებონიას წვლილს გაუსვა ხაზი.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხათუნა გარგულია, რომელიც არის სამი შვილის დედა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ზუგდიდის სხვადასხვა კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ ცხოვრობს და კვლავ რჩება საბერიოში, სადაც 2005 წლიდან მუშაობს; უყვარს იქაურობა, იქ მცხოვრებთ მისი ეიმედებათ და ამიტომ ბოლომდე იბრძოლებს, მოითმენს და აიტანს ყველაფერს, რაც მას, იქაურებს და ქვეყანას წაადგება: „იმედიანად ვარ. მივხვდი რომ კონფლიქტის მიზეზებზე დავას აზრი არა აქვს. ერთადერთი გამოსავალია ყოველდღიურ ურთიერთობებში დადებითი ვეძებოთ! დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვიწევს და ვცდილობ, კონფლიქტს თავი ავარიდო, რომ როგორმე დღეს ჩემი გასაკეთებელი ისე ვაკეთო, სიკეთე მოუტანო იმ საქმეს, რასაც ვემსახურები და იმ ადამიანებს, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამწუხაროდ, არ არსებობს სისტემა, რომელიც ყველაფერს ერთბაშად მოაგვარებს, დაალაგებს, ამიტომ იქ მცხოვრებნი ვცდილობთ პირადი ურთიერთობებით, პირადი კონტაქტებით ვიღვაწოთ გადარჩენისათვის ისე, რომ ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და მეორე მხარეც დავაფასოთ. ჯანდაცვის სფეროს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ჩვენს შორის ურთიერთობის დალაგებაში, დაპირისპირებულთა დაახლოებისა და შერიგების პროცესში. იქ მოღვაწე ქართველი მედიკოსები თუ გავძლიერდებით და თუ ამაში ხელს შეგვიწყობს ყველა, ვისაც ევალება და ხელეწიფება, ჩვენი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენს მიმართ ნდობაც მოიმატებს, შერიგებაც რეალური გახდება და მეტი ურთიერთობები წამოვა; მითუმეტეს, დღესაც გვიწევს ურთიერთობა აფხაზებთან, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს ეთნიკურად აფხაზი ტყვარჩელიდან, ოჩამჩირედან; სტაციონარშიც გვყოლია აფხაზები. როცა თავიანთი ნებით საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს გვანდობენ, სინანულიც უჩნდებათ ჩატეხილი ხიდის გამო და მისი გამრთელების სურვილიც; ვფიქრობ, ასე მთავარ მიზნამდეც მივალთ!“ - აცხადებს საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების დირექტორი ხათუნა გარგულია.